ზღვის მგელი იუბილარია!
ნაოსნობაშიც და ნაპირზეც მას ბევრი სირთულე გაუვლია, მაგრამ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ 80 წლის იუბილეს საყვარელი მეუღლის, დარეჯან (ია) ჭანიშვილის, გარეშე, თანაც ამგვარ ფორსმაჟორულ ვითარებაში შეხვდებოდა. სულ სხვანაირად აპირებდა — დიდი ოჯახითა და მეგობრებით, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას.
ტარიელ დოლიძე 1940 წლის 14 აპრილს ქ. ბათუმში სიმონ დოლიძისა და იულია ბუბუტეიშვილის ოჯახში დაიბადა. იგი მესამე, ნაბოლარა, შვილი იყო მშობლებისთვის ( ძმა — ავთანდილ დოლიძე, და — იზოლდა დოლიძე-კოპალეიშვილი).
იყო ბავშვობა — მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, როდესაც მამა ომში იბრძოდა და დედა სამ შვილს მარტო ზრდიდა. . . მძიმე იყო ეს წლები, მაგრამ მაინც ტკბილი მოგონებები უკავშირდება დედულეთს (ვანის რაიონი, სოფ. შუამთა-ტობანიერი). აქ გატარებული ბავშობა სავსეა ძვირფასი მოგონებებით დიდ ოჯახზე, ბებია-ბაბუაზე, მრავალრიცხოვან ნათესაობაზე. დედულეთმა ბევრი რამ შესძინა — როგორც სიბრძნე და გამოცდილება, ასევე ფასდაუდებელი ადამიანური ურთიერთობები, რომელთაც დღემდე დიდი სიყვარულითა და რუდუნებით იხსენებს და გადასცემს შთამომავლებს.
შემდეგ იყო სკოლის საინტერესო წლები — ქ. ბათუმის რკინიგზელთა საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრება და ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის კურსანტობა. 1959-1946 წლებში აქ ეუფლებოდა გემის მექანიკოსის სპეციალობას. საზღვაო ქალაქში გაზრდილი ბიჭის ცხოვრება კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ზღვას.
1962- 1967 წლებში ქ. ოდესაში შორეული ნაოსნობის მეოთხე და მესამე მექანიკოსი იყო შავი ზღვის საზღვაო სანაოსნოში. შემდეგ გახლდათ ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს მესამე და მეორე მექანიკოსი. პარალელურად, სწავლობდა ოდესის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელში (ОИИМФ), რომელიც წარმატებით დაასრულა 1972 წელს საზღვაო ინჟინრის სპეციალობით.
1968 წლებში შორეული ნაოსნობის კაპიტნის ანატოლი კაჭარავას დიდი ძალისხმევით, საქართველოს საზღვაო სანაოსნო ჩამოყალიბდა. მან გარშემო შემოიკრიბა იმ დროისთვის ნიჭიერი ახალგაზრდა მეზღვაურები. ეს გახდა მოტივაცია საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სანაოსნოებში მოღვაწე ქართველი მეზღვაურებისთვის, დაბრუნებოდნენ მშობლიურ კუთხეს. ტარიელ დოლიძე პირველი იყო მათ შორის, ვინც 1971 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მეორე მექანიკოსად გვევლინება. მას შემდეგ მუხლჩაუხრელი და პატიოსანი შრომის შედეგად, წარმატებით გაიარა კარიერული იერარქიის ყველა საფეხური და 1984 წელს ის საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა ტექნიკურ დარგში ( მთავარი ინჟინერი), ამ სტატუსით ის 1993 წლამდე უძღვებოდა სანაოსნოს.
აღსანიშნავია, რომ გემთსარემონტო სფეროში ინოვაციების შეტანისთვის ჯერ კიდევ 1975 წელს მიღებული აქვს დამსახურებული რაციონალიზატორის წოდება. 1990 წელს მიენიჭა სსრკ საზღვაო ფლოტის დამსახურებული მუშაკის წოდება, ხოლო 1991 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატად იქნა დასახელებული.
1993 წლიდან დღემდე არის „შპს გეომარი საზღვაო კონსულტანტები და სიურვეირების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
მისი წარმატება და კარიერული წინსვლა რთული იქნებოდა, გვერდით რომ არ ჰყოლოდა ცხოვრების მეგზური და ერთგული მეგობარი, ულამაზესი ქალბატონი და უსათნოესი პიროვნება დარეჯან (ია) ჭანიშვილი, რომელზეც 1965 წელს იქორწინა. ქალბატონი დარეჯანი (ია) აჭარის ფინანსთა სამინისტროს მთავარი ეკონომისტი გახლდათ წლების განმავლობაში. ტკბილმა ოჯახურმა ცხოვრებამ მათ აჩუქა ორი შვილი, 5 შვილიშვილი და მალე ქვეყანას პირველი შვილთაშვილიც მოევლინება!
დიდი ოჯახის, კომპანია „გეომარის“ არაჩვეულებრივი კოლექტივისა და მეგობრების თანადგომით, ტარიელ დოლიძე დღემდე აგრძელებს ეროვნულ საქმეს, ემსახურება სამშობლოს, საზღვაო საქმეს, თავის მშობლიურ ქალაქს, რომლის კოლორიტადაც თავისი ღვაწლმოსილი ცხოვრებით, უდავოდ, იქცა.

