„მსოფლიო ტურიზმისთვის საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი, სუფთა ქვეყანა, რომელიც ყველაზე მდგრადია მომაკვდინებელი ვირუსის მიმართ”
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63
მსოფლიო პანდემიას პანიკასთან ერთად, ეკონომიკის მკვეთრი დაცემა მოჰყვება.ეს განსაკუთრებულად აისახება ტურიზმზე, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად და მამომძრავებელ ძალად არის მიჩნეული.
მსოფლიოსა და ქართული ტურიზმის ახალ გამოწვევებზე, არსებულ პრობლემებზე, კრიზისსა და მისი დაძლევის სამოქმედო გეგმაზე საუბრობს საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ტურიზმის სპეციალისტი ზვიად ელიზიანი.
– ჩვენთან კორონავირუსმა ყველაზე მძიმედ ტურიზმს დაარტყა. როგორია თქვენი პროგნოზი ამ კუთხით?
– დიახ, დაარტყა ქართულ ტურიზმს, ისე როგორც მთელ ეკონომიკას. ყველა მნიშვნელოვანი საწარმო გაჩერებულია, ბიზნესი ვერ ახერხებს ვერაფერს. სავარაუდოდ კი არა, ნამდვილად რთული იქნება ეს წელი ყველა სახელმწიფოსთვის. ამის გამო პანიკას არ უნდა ავყვეთ, მთავარია, პოზიციები შევინარჩუნოთ და ყველა წუთს მზად ვიყოთ ბიზნესის აღსადგენად. ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, რადგან არავინ იცის, როდის აღდგება ფრენები და გაიხსნება მსოფლიო საზღვრები. შესაძლოა, ჩვენთან ზაფხულში კი ჩაწყნარდეს პანდემია, მაგრამ უცნობია, რა იქნება სხვა ქვეყნებში. კარგად ვხედავთ, რომ ყველგან მძიმე, უფრო სწორად, უმძიმესი ვითარებაა. ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, საიდანაც ჩამოდიოდა ტურისტების დიდი ტალღა. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობა, არამედ მთელი მსოფლიოს, რადგან ტურიზმი სწორედ საერთო ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში ამოქმედდება. მეეჭვება, ეს სწრაფად მოხდეს, რადგან მასობრივი სიკვდილიანობის ფონზე ბევრი ადამიანი დაკარგავს ახლობელს, რაც მათ მოგზაურობის შიშს გაუჩენს, ანუ დაითრგუნება არა მხოლოდ ვირუსის გამო, არამედ მათზე მორალურად იმოქმედებს არსებული ვითარება. არავინ იცის, რა უფრო რთულია, ფიზიკური განადგურება თუ ფსიქიკური დაძაბულობა – დაინფიცირების მუდმივი მოლოდინი. ყველაფერი ეს გავლენას იქონიებს ისევ და ისევ ეკონომიკის და მისი ყველაზე სენსიტიური დარგის – ტურიზმის აღდგენა-გაძლიერებაზე.
– ტურიზმთან დაკავშირებულ სუბიექტებს 4 თვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდათ. ეს თუ აძლევს გარკვეულ შეღავათს ამ სფეროში დასაქმებულებს?
-კი, გადაუვადდათ, მაგრამ თუკი ტურისტულ ბიზნესს არ ექნება ამ პერიოდში შემოსავალი, საგადასახადო ისედაც ვერ მოითხოვს თავის პროცენტს. პრინციპში, ყველაფერი ეს რაღაც ეტაპზე ფულად ბრუნვას აბალანსებს, მაგრამ საერთო სურათს დიდად შეღავათს ვერ ცვლის. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში ისტორიას არ ახსოვს ისეთი კრიზისი, როგორიც დღეს არის. იგივე სიტუაცია იქნება მომდევნო 3-4 თვის, ან უფრო მეტი დროის განმავლობაში. ძალიან დაზარალდნენ საერთაშორისო ავიაკომპანიები, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. ეს ყველაფერი დღითი დღე ძალიან ნეგატიურად აისახება ინდუსტრიაზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზაფხულში აღდგება ავიამიმოსვლები და ხალხი ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყებს მოგზაურობას. თუმცა არც ესაა ზუსტი გათვლა, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, რა მოხდება პოსტკრიზისულ ვითარებაში, არავინ იცის. საუბარია სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ტურიზმს და საერთოდ, ადამიანებს გააერთიანებს მსოფლიო მასშტაბით.
– საუბარი იყო, რომ სახელმწიფო და საბანკო სექტორი ტურიზმს პანდემიის უარყოფითი შედეგებისგან დაცვაში დაეხმარება. . .
-კი, ესეც დააანონსეს. ცხადია, საბანკო სექტორი სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საკმაოდ დიდ გარანტიებს მისცემს ტურიზმის აღდგენა-განვითარებას, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქვეყანას არა აქვს ამხელა რესურსი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უზარმაზარი (ჩვენთვის) თანხები იხარჯება ვირუსთან საბრძოლველად და მოსახლეობის უმწეო ფენის დასახმარებლად. დიდ თანადგომად უნდა აღვიქვათ საბანკო სექტორის მხრიდან სესხების და კრედიტების სამთვიანი გადავადება. ამ ნაბიჯმა ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყო ხელი, რომ არაფერი ვთქვათ ამ პერიოდში უხელფასოდ და შემოსავლების გარეშე დარჩენილ ფიზიკურ პირებზე. რაღაც პროექტების შემუშავება შეიძლება სამომავლოდ ბიზნესის ხელშეწყობისთვის, მაგრამ არც ეს იქნება იოლი გასაკეთებელი, რადგან საქართველო აშშ-ს და ევროპის მოწინავე ქვეყნებივით ვერ არის ფინანსურად ისეთი ძლიერი, რომ შეძლოს მნიშვნელოვანი თანხების მიმართვა ამ კუთხით. სავარაუდოდ, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომ რაღაც დოზით მაინც დაეხმაროს საქართველოს მცირე და საშუალო სიმძლავრის საწარმოებს და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს. აუცილებელი გახდება დამატებითი საკრედიტო რესურსების შემოტანა, რომელიც რეალურად დააყენებს ფეხზე ჩვენს ბიზნესს.
– საკმაოდ პესიმისტური სურათი დახატეთ. . .
– ვცდილობ, მოსალოდნელი რეალობა წარმოვიდგინო, მაგრამ იმასაც ვიტყვი, ირგვლივ არსებული ვითარების ფონზე, ჩვენი ქვეყანა ყველაზე უკეთ უმკლავდება ვირუსს. ამის გამო, იმედი მაქვს, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისიდან, პოზიტიურ ღონისძიებებს დააანონსებენ. ვგულისხმობ საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გაუქმებას. მთავარია, გადავლახოთ პანდემიის პიკი, რომელსაც ელოდებიან ჩვენი ვირუსოლოგები უახლოეს ორ კვირაში. ამ შემთხვევაში, ქვეყანა დაუბრუნდება ჩვეულებრივ გრაფიკს.
– პრინციპში, უფლის წყალობით , ჩვენ თუ გადავრჩებით , აქ მაინც ვერ შემოვუშვებთ იმათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ვირუსის შემოტევის საფრთხე.
– ცხადია, უნდა დარეგულირდეს ეს პროცესი მთელ მსოფლიოში, მაგრამ ის, რომ საქართველო პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ქვეყანა აღმოჩნდა, ძალიან დიდ რეკლამას გაგვიკეთებს სამიზნე სახელმწიფოებში. თანაც ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ ზაფხულის დადგომისთანავე კოვიდ-19 გადაივლის ისევე, როგორც გრიპის ვირუსი. მსოფლიო ტურიზმისთვის საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი, სუფთა ქვეყანა, რომელიც ყველაზე მდგრადია მომაკვდინებელი ვირუსისგან თავდაცვის კუთხით. ასეთი მარკეტინგული სვლის გაკეთება არ იქნება ურიგო.
– შიდა ტურიზმის ბევრი ობიექტი, ჯერჯერობით , მხოლოდ ამ მიმართულებით ემზადება.
– პრინციპში, ეს არ არის ცუდი, მაგრამ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას ვერ მოუტანს იმ ეფექტს, რასაც საერთაშორისო ტურიზმი აძლევდა. ვალუტის შემოდინება სახელმწიფოში ხომ სწორედ უცხოელების მეშვეობით ხდებოდა. თანაც ფეშენებლურ სასტუმროებს არსებული ხელფასებით ვერ შეავსებენ ჩვენი მოქალაქეები. ამ სექტორზე მომხმარებელთა დიდი წილი მაინც უცხოელებზე მოდიოდა. თანაც ყველა ამ კრედიტის, კომუნალური და სხვა გადასახადის შეღავათების შემდეგ, უხელფასოდ და უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს მეეჭვება, მოგზაურობის ხალისი და საშუალება დარჩეთ. ყოველ შემთხვევაში, ვირუსის დაძლევის შემდგომ პერიოდში, ფეხზე დადგომა და ისევ გადამხდელუნარიან მოქალაქედ ჩამოყალიბება ბევრს გაუჭირდება, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად და საშუალებად შიდა ტურიზმიც უნდა გავთვალოთ, კერძო სექტორისთვის მაინც. ოღონდ ამ უკანასკნელმა უნდა გაითავისოს მომხმარებლის ფინანსურად შეჭირვებული მდგომარეობა და ფასდაკლებების შეღავათიანი პაკეტი შესთავაზოს მათ, ვისაც სახლიდან გამოსვლის და დასვენების სურვილი შერჩა.
– ნუთუ ამდენი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი ცხოვრება თავისთავად არ გახდება შიდა ტურიზმის განვითარების გარანტია?
– როგორც გითხარით, მცირე კომპენსაცია ამ კუთხით ნამდვილად ექნება ტურიზმს, მაგრამ ოპტიმიზმის გარეშე თუ შევხედავთ არსებულ ვითარებას, ეს წელი მძიმედ ჩაივლის. თვე-თვენახევარი რჩება ზაფხულამდე და ჯერ გამოსავალი არ ჩანს. ხომ ხედავთ, ქალაქებიც კი ჩაკეტეს. როგორც ნახეთ, მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. არის ძალიან დიდი პანიკა, რომელიც იწვევს გაუგებრობებს, გაურკვევლობას. ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე არასოდეს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღეს. ესეც იქონიებს გავლენას კაცობრიობის ნაწილზე. ბევრს ალბათ, მოგზაურობის სურვილიც გაუქრება უახლოეს წლებშიც კი. ისიც არ ვიცით, მომავალი წლის ზამთარში განმეორდება თუ არა იგივე სიტუაცია. დავინახეთ, რომ ბუნებაში არსებობს ჩვენს მიერ შეუსწავლელი ვირუსები, რომლებსაც შეუძლია ასეთი დიდი ზეგავლენა მოახდინოს კაცობრიობაზე, მსოფლიო ეკონომიკაზე. უნდა ვისწავლოთ ასეთ მოვლენებთან შებრძოლება.
– ამბობენ, რელიგიური ტურიზმის გამო მოხდა კორონავირუსის აფეთქება იტალიასა და ისრაელში, რას ფიქრობთ ამაზე?
– დიახ, სპორტული და მაის ტურიზმიც იყო ამის სათავე. საფეხბურთო თუ სხვა სპორტულმა ჩემპიონატებმაც შეუწყო ხელი დღევანდელ პანდემიას. სამომავლოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები სწორი ეკონომიკური და მარკეტინგული პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის აღდგენასა და სტაბილიზაციას.
– რა რჩევებს მისცემთ ტურიზმის სფეროში ჩართულ ბიზნესმენებს?
-ამ ეტაპზე ალბათ, ყველაზე კარგია სახლში ჯდომა და გეგმების შემუშავება.უნდა ადევნონ თვალყური მთავრობის მიერ შემოთავაზებულ შეღავათებს და მქსიმალურად გამოიყენონ ის, რასაც მმართველი წრეები სთავაზობენ. ამასთან, ყველამ თავისი ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს, სამომავლოდ როგორ გადააწყოს საკუთარი ბიზნესი, რათა ნაკლები დანაკარგებით ისევ გავიდეს ბაზარზე. შესაძლოა, გაამრავალფეროვნონ, დახვეწონ ტურისტული სერვისები. სახელმწიფო უწყებებმა კი უნდა გამოიკვლიონ ნეგატიური მოვლენები, აღრიცხონ დაკარგული შემოსავლები და ამაზე დაყრდნობით შეიმუშაონ რეალური პროექტები, რის შედეგადაც მასტიმულირებელი ღონისძიებები გატარდება. ჯერ არავინ იცის, უახლოეს ორ წელიწადში როგორ გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები. ჯერ ქვეყნის ეკონომიკას უნდა ეშველოს, რაც თავისთავად, ტურისტული სექტორის განვითარებასაც მოიტანს. ასევე, აუცილებელია დიალოგი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, რადგან ცალ-ცალკე ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა შეუძლებელია.

