ოთხი დიდი ქალაქი ათი დღით ჩაიკეტება
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30
15 აპრილს 21 საათიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, გარკვეული გამონაკლისის გარდა, ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა 10 დღით იკრძალება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
– კოვიდ-19 გლობალური გამოწვევაა, ეს არის უმძიმესი კრიზისი როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციებისთვის და ეკონომიკისთვის. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს პირველი შემთხვევა, როცა დღის განმავლობაში გვყავს 30 ახალი ინფიცირებული და 500 ადამიანს კვლევა უტარდება. ფაქტობრივად, სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. მიუხედავად იმისა, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებს, ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, კრიზისის და გავრცელების პიკი როდის იქნება. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა და ამიტომ მთავრობის ნაბიჯებს მეტი ფასი და მნიშვნელობა აქვს, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის თქმით, ის ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდეს.
– ეს გახლავთ აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც დაუყოვნებლივ მისაღებია იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების როგორც გეოგრაფიული, ასევე სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა ისიც, რომ შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ეკონომიკას, ბიზნესს, კომპანიებს და სხვ.
– ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც უნდა მივიღოთ და თითოეული ჩვენგანი უზარმაზარი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ეს არის პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. კოვიდ-19-თან ბრძოლა არ არის ერთ ფრონტზე, ეს გახლავთ ორ ფრონტზე ბრძოლა – ჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენის ფრონტზე. რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკასა და ბიზნესთან მიმართებაში მთავრობას შემუშავებული აქვს. კოვიდ-19 არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა შევეგუოთ და მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანით შრომას. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ზედმიწევნით შეასრულონ შეზღუდვები, რათა მაისის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყოს ამ შეზღუდვების მოხსნა.
-ეს არის იმის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნა. სხვა შემთხვევაში, შეზღუდვების მოხსნის რისკები თვეობით გადავადდება. ინფიცირებულთა სიმცირე საქართველოში იმის დამსახურებაა, რომ ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ შეზღუდვების შემოტანა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, – განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით ნიშნავს 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს, რომლებთანაც მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო და მიზნობრივი პროგრამებისთვის, კერძო და საფინანსო სექტორისთვის 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი გამოიყო.
-ეს იყო სამკვირიანი მძიმე მოლაპარაკებები. გამოვიყენეთ ყველა მისაღები და, ზოგ შემთხვევაში, არაერთგვაროვანი ხერხები შეთანხმების მისაღწევად. ეს არის კრიზისული დახმარების ის ძირითადი საბაზისო პორტფელი, რომელზეც პირველადი შეთანხმება მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს და რაც საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მუშაობა დავიწყოთ პოსტკრიზისულ, ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქვეყნის პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა..