თენგიზ ცერცვაძე აჭარაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
მას ჩვენი რეგიონი ერთ-ერთ სამაგალითოდ მიაჩნია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბათუმში იმყოფება. ის კლინიკა „მედალფაში“ მივიდა, სადაც კოვიდ–19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ და მათ მდგომარეობას გაეცნო. ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან პაციენტების მკურნალობას ბატონი თენგიზი კურირებს, მან თავი ვალდებულად ჩათვალა, ადგილზე გაცნობოდა პაციენტების მდგომარეობას, მოესმინა მათი ეპიდანამნეზი. ის შეხვდა მედპერსონალს და გაესაუბრა ინფიცირებულების მკურნალ ექიმებსაც.
– მოხარული ვარ, რომ არც ერთ ქალაქსა და რეგიონში არ შექმნილა საწოლების და სასუნთქი აპარატების პრობლემა. შედეგიც გვაქვს – სულ 3 გარდაცვლილი გვყავს სადღეისოდ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ციფრი ევროპაში. ამაზე ნაკლები აქვს ლიხტენშტეინს, მონაკოს და ვატიკანს. აჭარის რეგიონი მიმაჩნია ერთ-ერთ სამაგალითოდ, მათ შორის, მედპერსონალის მომზადების და უსაფრთხოების დაცვის მხრივაც. ერთეული შემთხვევებით, რომ მედპერსონალს გადაეცა ვირუსი, არ უნდა ვაკეთებდეთ დასკვნას. იტალიაში 6 ათასზე მეტი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა და ძალიან ბევრი დაიღუპა. ჩვენთან ერთი-ორი შემთხვევა გვაქვს და ასეთი დასკვნის გაკეთება, რომ ისინი არ იყვნენ მომზადებულნი, არ შეიძლება. ჩემი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რასაც დღეს აჟღერებს მთავრობა: დავრჩეთ სახლში, დავიცვათ სოციალური დისტანცია და გავიჭირვოთ იმაზე მეტად, ვიდრე დღეს, რათა ეს გაჭირვება რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელსაც დღეს მთავრობა გვიწესებს, მით სწრაფად გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან. თუ სანახევროდ, ან საერთოდ არ დავიცავთ, ეს ყველაფერი შეიძლება თვეები გაგრძელდეს. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ არასრულწლოვან ბავშვებს, მათი მდგომარეობა, ყველასი, დამაკმაყოფილებელია, მათ შორის, 9 თვის ბავშვისაც, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
–მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თენგიზ ცერცვაძეს და მთელ მის გუნდს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკური მიმოხილვა თითოეული იმ ინფიცირებულის, რომლებიც პირველი დღიდან დღემდე გვყავს კლინიკაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარება ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთელი ის ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, –განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.