რომან პაქსაძემ გადაწყვიტა საკუთარი სახლის ფანჯრებიდან სიმღერით გაემხნევებინა უბნელები
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93
„დარჩით სახლში, ჩემო საყვარელო ხალხო და მე ვიზრუნებ თქვენს კარგ განწყობაზე“
პანდემიის პერიოდში, ამ რთულ დროს საქართველოსა თუ მთელ მსოფლიოში გმირობის, სიკეთის, სიყვარულის ბევრი მაგალითი ვნახეთ. ყველა თავისებურად ცდილობს, მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. რომან პაქსაძე ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ოდნავ მაინც შეცვალოს დანარჩენების ცხოვრება. იგი მომღერალია და ყოველ საღამოს თავისი ფანჯრებიდან (ჭავჭავაძის და თაყაიშვილის ქუჩების კვეთა) ატკბობს ახლო-მახლო კორპუსების ყურთასმენას.
– თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ, სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება. დაახლოებით 6 წლის ვიქნებოდი, სიმღერა რომ დავიწყე. ალბათ გენში მაქვს, რადგან დედის მხრიდან ყველა მღერის. ღმერთისგან მომადლებული ნიჭის წყალობით, დღემდე ამ საქმეს ვემსახურები. მიყვარს სცენა, მსიამოვნებს კმაყოფილი მსმენელების აპლოდისმენტები. ვთანამშრომლობ სხვადასხვა საქორწილო დარბაზთან, სადაც მიწვევენ ხან სამღერად, ხან სათამადოდ. ძირითადად, ვმუშაობ ერთ-ერთ ულამაზეს საქორწილო დარბაზში, რომელიც, როგორც ყველაფერი ამჟამად, დაკეტილია.
– ბატონო რომან, როგორ უძლებთ თვითიზოლაციის პერიოდს ?
– ძალიან მიჭირს იზოლაციაში ყოფნა, განსაკუთრებით – საყვარელი საქმის გარეშე. მეგობრები მაკითხავენ, მამხნევებენ. იშვიათად, მეც გავდივარ მათთან. დღე იწყება და მთავრდება ჩემს პატარა შვილთან ნუციკოსთან ვიდეოსაუბრით, რომელიც თბილისშია და უსაზღვროდ მენატრება.
– როგორც ვიცით, ამ თვითიზოლაციისა და საგანგებო რეჟიმის დროს, საღამოობით მეზობლებისთვის და არა მარტო მათთვის, მართავთ პატარა კონცერტებს და თქვენი ნამღერით ამხნევებთ და ახალისებთ მათ. საიდან დაიბადა ასეთი საღამოების მოწყობის იდეა?
– გავიხსენებ 2015 წლის დეკემბერს, როდესაც სატრფოსთან კონფლიქტში მყოფ ჩემს მეგობარს გასამხნევებლად ფეისბუქით მივუძღვენი სიმღერა, რომელმაც სოციალურ ქსელში, როგორც იტყვიან, აფეთქება გამოიწვია. მაშინ ყველასთვის უცნობი მომღერალი ვიყავი. შემდეგ ემიგრაციაში მყოფი ნათესავებისთვის ლაივჩართვაც მოვაწყვე, რითაც გამიცნეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. საოცრად თბილ სიტყვებს მწერდნენ ემიგრანტები, იწერდნენ ჩემს გვერდს და მთხოვდნენ, კვლავ გამეკეთებინა ლაივჩართვები და გამელამაზებინა მათი მძიმე ყოფა. მეც დიდი სიამოვნებით ვუძღვნიდი ახალ-ახალ ლაივებს. შემდეგ ემიგრანტებმა საზღვარგარეთ მიმიწვიეს, სადაც კონცერტები გავმართე მათთვის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიყვარულითაა დამუხტული საქართველოს მონატრებული უამრავი ადამიანის გარემოცვაში სიმღერა. ასე რომ, დღემდე ვანებივრებ ჩემს საყვარელ მსმენელებს ახალ-ახალი კონცერტებით. ამ კარანტინის პირობებში, მინდა მეტი პოზიტივი შემოვიტანო ჩვენს ყოფაში და ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი სახლის ფანჯრებიდან გამემხნევებინა სახლში გამოკეტილი უბნელები და მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველები. ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი. ჩემი კონცერტები გაგრძელდება, სანამ საგანგებო მდგომარეობა არ დამთავრდება.
– მიუხედავად ჯერ არგანცდილი სირთულეებისა, რა დადებითი მხარე შეიძლება აღმოვაჩინოთ დღევანდელ რეალობაში?
– რა თქმა უნდა, დიდ განსაცდელშია დღეს მსოფლიო და ჩემი პატარა საქართველოც, მაგრამ მოდით, ყველაფერს კარგი მხრიდან შევხედოთ – რამდენი ხანია ასე ერთად არ ყოფილან ოჯახის წევრები, მშობლებს მეტი დრო აქვთ შვილებისთვის, ხდება ავის და კარგის გადაფასება. მართლაც წუთია სოფელი, მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ, ხალხო, ერთმანეთს.
– რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც სახლში სხედან, ან იმათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ითავისებს სახლში დარჩენის აუცილებლობას ?
– ჩემს თანამემამულეებს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და უმჯობესია დარჩნენ სახლში. ნუ გავართულებთ ისედაც მძიმე სიტუაციას. ცოტანი ვართ ქართველები და თითოეულის სიცოცხლე ძვირფასია. მადლობა ჩვენს ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს და ღამეს ასწორებს ჩვენი კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ ყველაფერს გავუძლებთ და მალე გავიმარჯვებთ. დარჩით სახლში, ჩემო საყვარელო ხალხო და მე ვიზრუნებ თქვენს კარგ განწყობაზე, გეფერებით ყველას.

