ქობულეთის კლასტერიდან არცერთი საეჭვო შემთხვევა არ დადასტურდა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
დღის განმავლობაში ბათუმის ცხელების ცენტრში საეჭვო ანამნეზის მქონე 18 პირი კოვიდ-19-ზე გამოიკვლიეს. საეჭვო იყო, ასევე 15 მოქალაქე ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. გარდა ამისა, დღეს ქობულეთში 2300–მდე პირს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, სამი დღის განმავლობაში კი, საერთო ჯამში, 7800-ზე მეტი პირია გამოკვლეული.
– ცხელების ცენტრში გვყავდა საეჭვო ანამნეზის მქონე 18 პირი, ასევე ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან 15 მოქალაქე. კვლევა დასრულდა რამდენიმე საათის წინ და, საბედნიეროდ, ყველა პასუხი არის უარყოფითი, შესაბამისად, არ გვაქვს კოვიდ-19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა. გარდა ამისა, დღეს 2300-მდე პირს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, სამი დღის განმავლობაში კი, ჯამში – 7800–ზე მეტ პირს. აქედან 27-ს ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშანი გამოუვლინდა, ყველა მათგანი გაიტესტა, თუმცა მათი პასუხებიც უარყოფითია. ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლებში და დაიცვან დისტანცია. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა და სახლში დარჩენისკენ მოწოდების მეტად დაჯერებამ შეგვაძლებინა ქობულეთის კლასტერის სრული კვლევა და დაინფიცირების შემთხვევების შემცირება. აღნიშნულ კლასტერში 410 ადამიანი გვყავს და კვლავ გრძელდება მათი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. ვაკვირდებით, რომ ნებისმიერი კლინიკური ნიშნის გამოვლენის შემდეგ მათ განმეორებით ჩავუტაროთ ტესტირება, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა. ქვეყანაში დღეს ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა, ისევ 306 დადასტურებული შემთხვევაა, 3 გარდაიცვალა. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.