ათენი ძალას იკრებს
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69
ამ ჟამიანობისას პლანეტის გულისყური მხოლოდ ერთისკენაა მიმართული – რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გავუმკლავდეთ დროის ამ ტრაგიკულ გამოწვევას. ეს მოთხოვნად და წესად იქცა რიგი ქვეყნებისთვის. მათ შორისაა საბერძნეთი. აქ მრავალი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ემიგრანტები აქაურების გამორჩეული ნდობით სარგებლობენ. ერთ-ერთი მათგანი, ჩვენი კოლეგა ლიკა გრიგალაშვილი შორეული ათენიდან გვეხმიანება.
– საბერძნეთში ცამეტი წელია ვცხოვრობ. ჟურნალისტი ვარ, მაგრამ აქ სხვა სფეროში ვმუშაობ. ემიგრანტის ცხოვრება ახალი უნარების დაუფლებას გკარნახობს. ამჟამად ვიმყოფები ათენში, საქართველოდან შორს და ამ მძიმე დღეებში უფრო ვფიქრობ საქართველოზე. მართლაც, გამორჩეული ქვეყანა გვაქვს, ბუნებითაც და ადამიანებითაც. ჩვენი სიძლიერის წყარო ჩვენს ენაში დევს, ენა დედაა ერისა და რახან დღეს ქართული ენის დღეა (ინტერვიუ 14 აპრილს ჩავწერეთ – ლ. ხ.), მეტი სიყვარულით გეხმიანებით და სიმტკიცისკენ მოგიწოდებთ თითოეულ ქართველს. ახლა მოგიყვებით, რა ვითარებაა აქ, როგორ ებრძვიან კორონავირუსს. საბერძნეთში 27 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მუშაობს მხოლოდ სუპერმარკეტები, აფთიაქები, პურის საცხობები, ბენზინგასამართი სადგურები, დანარჩენი ყველაფერი დაკეტილია. ადამიანები რჩებიან სახლში და დადგენილ წესებს ემორჩილებიან. არაა პანიკა. ქვეყანა გადაურჩა უმართავ სიტუაციას, არც გარდაცვლილთა რაოდენობაა კატასტროფული. კონტროლს ექვემდებარება ზღვაზე არსებული ღია დერეფანიც. მოკლედ, შედარებით სიმშვიდეა. გარეთ გასვლა შესაძლებელია მხოლოდ ექვსი აუცილებლობის შემთხვევაში: მარკეტში, გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, ვარჯიში, სირბილი, ძაღლის გასეირნება, სამსახური. . . გარეთ ყოფნა ორ საათში უნდა ჩაატიო. ქუჩაში რომ გამოდიხარ, ცხელ ხაზზე აგზავნი შეტყობინებას, მიუთითებ სახელსა და გვარს, მისამართს, რომელ ტერიტორიაზე გადაადგილდები. ექვსი ჩამონათვალიდან ყველას აქვს თავისი ნომერი, ამასაც მიუთითებ. პასუხი მოდის ტელეფონზე, რომელშიც დაფიქსირებულია დრო. თუ სხვა ტერიტორიაზე ხარ, ან გარეთ გასვლის მიზეზის ნომერი არ დაემთხვა, ჯარიმდები 150 ევროთი. აუცილებლად უნდა გქონდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთიც. ჩვენ, ემიგრანტებს – ლეგალობისაც. დისტანციურად მუშაობენ ის სამსახურები, რომლებისთვისაც ეს მოსახერხებელია. ძალიან მობილიზებული არიან ამ კუთხით. სკოლები, ინსტიტუტები ონლაინსწავლების რეჟიმზეა გადართული. სახელმწიფო ეხმარება უმუშევრად დარჩენილებს. 800 ევროს იღებენ უმუშევრის სტატუსის მქონენი. როგორც ამბობენ, სამომავლოდ დახმარებას ის უმუშევრებიც მიიღებენ, რომლებსაც შესაბამისი სტატუსი არ აქვთ. რაც შეეხება ახალი კორონავირუსის ტესტებს, თუ მძიმედ არ ხარ დაავადებული, არ გაგიკეთებენ. თუ მაინც ძალიან გინდა გაკეთება, მაშინ 250 ევრო უნდა გადაიხადო. ქუჩაში პირბადეებით დადიან, მაგრამ მასობრივად არა. გარკვეული აკრძალვებია ტრანსპორტით მოძრაობის წესებში, ავტომობილით მგზავრობისას ისეთივე წესებია შემოღებული, როგორიც საქართველოში. ბერძნები მართლმადიდებლები არიან, ამ მხრივ ბევრი გვაქვს საერთო. ეს უძველესი კულტურის ერი სიცოცხლის სიყვარულითა და ოპტიმიზმით გამორჩეულია. რაც შეეხება ათენს, ამ მშვენიერ ქალაქს უძველესი კულტურის იერი გადაკრავს, მარტო აკროპოლი რად ღირს! თანამედროვე არქიტექტურაზე კი ვერაფერს ვიტყვი. ქალაქში აქამდე ლტოლვილთა დიდი შემოდინება იყო, რაც ქალაქის დაბინძურებას იწვევდა. ახლა ქუჩები, მოედნები, სანაპირო გაიწმინდა და დეზინფექცია ჩაუტარდა. ადამიანმაც და გარემომაც თავისუფლად ამოისუნთქა. ამ ზოგადი სურათის ფონზე, რა თქმა უნდა, საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ბედი უთუოდ დაგაინტერესებთ. საქართველოს მზადყოფნა რომ არა დასახმარებლად, მერწმუნეთ, ემიგრანტებს პანიკა მოიცავდა. უკვე ორი სპეცრეისი შესრულდა ათენიდან თბილისის მიმართულებით. ახლა მომდევნო რეისის მოლოდინში ვართ. კარგი ის არის, რომ აქაურ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ისევ მუშაობს და აქ დარჩენილ, უმუშევარ ქართველებსაც დაეხმარება. კორონავირუსი ვერ მოერია აქ მყოფ ორ ქართველს, გამოჯანმრთელდნენ და თავს მშვენივრად გრძნობენ. მუდმივ ონლაინკონტაქტზეა სამედიცინო დახმარება ქართული დიასპორისთვის, კონსულტაციები უფასოა, განსაკუთრებულ შემთხვევებში – სამედიცინო მომსახურებაც. საკონსულოს ცხელი ხაზი უპასუხოდ არავის ტოვებს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. თუნდაც სავიზო რეჟიმის ფარგლებში შემოსული ადამიანების დაბრუნების საკითხი. აქვე, ისიც უნდა ვთქვა, რომ საბერძნეთის ტელევიზიებმა არაერთხელ აღნიშნეს საქართველოს წარმატებული საქმიანობა პანდემიასთან დაკავშირებით. ახლა გაზაფხულმა ძალა მოიკრიბა ათენში, ჰაერი მსუბუქი და წმინდაა, ირგვლივ ყველაფერი ყვავის, ჩიტებმა ჭიკჭიკით აიკლეს აქაურობა. . . ვინძლო, ეს პანდემიის მალე დასასრულის მინიშნება იყოს. . . ღმერთით!