აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
ეს შემთხვევები ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ორი ინფიცირებული – დედა-შვილი ქუთაისშია გადაყვანილი, ორი კი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს.
ქობულეთის კლასტერიდან ახლო კონტაქტების რაოდნეობა გაიზარდა. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, მკაცრი კონტროლი 410 პირზეა დაწესებული. ქობულეთის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, თერმოსკრინინგი 4 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.
–გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინე სივრცეებიდან ლაბორატორიაში 75 ნიმუში შევიდა. აქედან გვაქვს 4 დადებითი შემთხვევა, რომლებიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ინფიცირებულთა შორის ერთი გახლავთ არასწრულწლოვანი, რომელიც თავის მშობელთან ერთად (დადასტურებული ინფექციით) გადაყვანილია ქუთაისის კლინიკაში. დანარჩენი 2 პირი ბათუმის მაცხოვრებელია, რომლებიც ქობულეთის სოფელ ლეღვაში სტუმრად იმყოფებოდნენ და რამდენიმე დღეა, რაც ბათუმში დაბრუნდნენ. მათ ჰყავთ ოჯახის 2 კონტაქტირებული პირი, რომლებიც თვითიზოლაციას იცავენ, თუმცა მალე საკარანტინე სივრცეში გადაინაცვლებენ. ინფიცირებულები კლინიკა „მედალფაში“ იმყოფებიან. ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 29 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. აქედან ორის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა, დანარჩენების კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ქობულეთის კლასტერში მოვიძიეთ 410–მდე კონტაქტირებული პირი, მათზე დამყარებულია მკაცრი მეთვალყურეობა. აქედან ნაწილი საკარანტინე ზონაში, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. 210–ს ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდა. ცხელების ცენტრებში სულ 18 სავარაუდო შემთხვევაა, რომელთა ანალიზების პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. მასობრივ სკრინინგს უკვე 5600–ზე მეტი პირი დაექვემდებარა. აქედან 21 საყურადღებო შემთხვევა გამოვლინდა. სწრაფი ტესტი ჩაუტარდა 13 ადამიანს, რომელთა პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი ოჯახის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.