თვითიზოლაციაში შექმნილი ნამუშევრები, რითაც უიმედობასა და შიშზე იმარჯვებენ
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93
მსოფლიო პანდემიის ფონზე, ყველაზე უსაფრთხო და აუცილებელი, რაც შეიძლება თითოეულმა გავაკეთოთ, სახლში დარჩენა და თვითიზოლაციაა. ამ პერიოდის გამოყენება კი ყველას სურვილისამებრ შეგვიძლია და რაც მთავარია ისე, რომ პოზიტივი მოგვიტანოს. ზოგმა, მაგალითად, ძველი, მივიწყებული ნიჭის ზედაპირზე ამოტანა გადაწყვიტა და ეს ძალიან წარმატებულად შეძლო. მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებმაც თვითიზოლაციის ფარგლებში ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.
ნონა ქიზიყურაშვილი, 44 წლის:
– მარტოხელა დედა ვარ, პროფესიით – ისტორიკოსი. ვმუშაობ 68-ე საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწედ. მყავს ორი მცირეწლოვანი გოგონა, უფროსი – ჯანმრთელობის პრობლემებით (გულის მანკი). ჩემი ცხოვრების აზრი შვილებია. ყველაფერს მათი სიყვარულით ვაკეთებ. კორონა ვირუსმა რაც დაიწყო გავრცელება და სწავლა შეჩერდა, სახლში ვზივართ მე და გოგოები. ყოველდღიურობამ, სტრესმა, ამდენმა ნეგატიურმა ინფორმაციამ ცუდად რომ არ იმოქმედოს, ვცდილობ ისეთი საქმით დავკავდე, რაც ძალიან მიყვარს, მაძლიერებს და ცხოვრების სტიმულს მაძლევს – ესაა ქარგვა. აქამდეც ვქარგავდი ჯვარედინი სტილით. 10 თვეა რაც ლენტებით ქარგვა დავიწყე, რომელიც საოცრად მამშვიდებს. სხვა, ფერად და საოცნებო სამყაროში გადავდივარ, სადაც ვარ ის, რაც ვარ სინამდვილეში. თითოეულ ყვავილსა და ფოთოლს ჩემი თვალით ვაფერადებ და სულს ვუბერავ. თავიდან სუფთა ბიაზის ნაჭერზე ვქარგავდი. თავად ვხატავდი ყვავილებს, ახლა კი პრინტებზე ვქარგავ. რომელიმე მხატვრის ტილო თუ მომეწონა, ვაპრინტვინებ და მერე ვქარგავ ზედ ჩემებურად. ფერები მიყვარს ძალიან, ამიტომ ყველა ნაქარგი ფერადია, განწყობისაა. მსურს ყველამ შეიგრძნოს, რასაც განვიცდი შინაგანად, რამხელა ბედნიერებაც მოაქვს ამ ნამუშევრებს ჩემთვის, სიხარულის, სიყვარულისა და უსაზღვრო სითბოს ემოცია მივიტანო ადამიანების გულებამდე. ქარგვის სიყვარული მატანინებს სწორედ ამ მძიმე დღეებს. ხელოვნებას ბავშვობიდან ვეთაყვანები. ჩემი ოცნება იყო მხატვრობა, თუმცა ოცნება ოცნებად დამრჩა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაცების კეთება შემეძლო, მაგრამ დიდხანს არ მეცალა ამისთვის, რადგან ჩემი გოგონას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ვიბრძოდი. მარტო ცხოვრებამ, ორი პატარა შვილით, უამრავმა პრობლემამ ლამის თვითგანადგურებამდე მიმიყვანა. უფლის წყალობით, როგორღაც ვიპოვე ჩემში ძალა, ფეხზე დავმდგარიყავი და რაღაც შემეცვალა. თავიდან თექამ გამიტაცა, ჩემს გოგონებს თმის სამაგრებსა და „აბადოკებს“ ვუკეთებდი. მერე შემთხვევით ჩემი უფროსი გოგონას უნიჭიერესმა ხატვის პედაგოგმა ირინა არაბულმა უანგაროდ მასტერკლასი ჩამიტარა, კაპრონის წინდებიდან თოჯინების შექმნის ტექნიკა შემასწავლა. ძალიან გამიტაცა, საოცრებაა, შენს ხელში რომ თანდათანობით იკვეთება ადამიანის სახე და თითოეული მისი ნაკვთი, თუმცა მალე დავანებე თავი, რადგან კერვა არ ვიცოდი საკმარისად, თოჯინებისთვის ტანსაცმელი რომ მომერგო. ამ დროს გავიცანი არაჩვეულებრივი, უკეთილესი ქალბატონო მირა ინაური, რომლის წყალობითაც გავიცანი უნიჭიერესი ირინა ჯინჭარაძე. მან გაიგო უანგაროდ მასწავლა ლენტებით ქარგვის ტექნიკა. მას შემდეგ ვცდილობ, ჩემი სიტყვა ვთქვა ამ საქმეში და არავის დავემსგავსო. არ მიყვარს სხვისი ნამუშევრების კოპირება. ყველაფერს ვერ ვქარგავ. ფოტოს რომ დავხედავ, უნდა ვიგრძნო მასთან კავშირი, ჩემს ფერებში უნდა წარმოვიდგინო. ძალიან მიყვარს ღამე ქარგვა. ბავშვებს რომ მივაძინებ, სრულ მარტოობასა და სიმშვიდეში, ჩემს ფიქრებთან ვრჩები და ვიწყებ ქარგვას გატაცებით.
რაც თვითიზოლაციაში ვართ, ხუთი ნამუშევარი შევასრულე. უფრო მეტი დრო მაქვს ჩემი შვილებისთვის და ჩემი შემოქმედებისთვის, რომ უფრო დავიხვეწო და განვვითარდე, რადგან უფრო შორსმიმავალი მიზნები მაქვს. ჩემს გოგონებსაც უსაზღვროდ ახარებთ დედიკო მთელი დღე მათთან სახლში რომაა და სამსახურში არ მიდის, თუმცა თვითიზოლაციას უარყოფითი მხარეც აქვს. მენატრება ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები, თანამშრომლები და განსაკუთრებით, ჩემი პატარა, უსაყვარლესი აღსაზრდელები. მენატრება მათი ცელქობები და მათთან თამაში.
მეგი შენგელია, 25 წლის:
– არქიტექტორ-დიზაინერი ვარ. ვხატავ ბავშვობიდან, თუმცა სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ, ტექნიკურად ბევრად დავიხვეწე, როგორც მხატვარი. ამ პერიოდში, ისევე როგორც თითოეული ადამიანისთვის, ჩემი ყოველდღიურობაც ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ბევრი დრო და მეტი კონცენტრაციის საშუალება გამიჩნდა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, რომლებიც დიდი ხანია მაქვს ჩაფიქრებული. საბედნიეროდ, მასალის მომარაგება მოვასწარი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ხელოვანს, ინსპირაციისთვის მეც მჭირდება გარემოს შეცვლა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია. ვცდილობ, ფანტაზიას მოვუხმო, გონების საშუალებით შევქმნა სასურველი და საჭირო გარემო. ინსპირაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ – ადამიანები, ბუნება, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი, ოთახში არსებული ნივთი და ა.შ. მუზას არასდროს ველოდები, შთაგონება მოდის მაშინ, როცა გონება ამისკენაა მიმართული. თუმცა ამჟამად გაუცნობიერებლად ვქმნი ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება ამ პერიოდს.
შექმნილი რეალობა, რა თქმა უნდა, მოქმედებს ხელოვანზე, თუმცა საბოლოოდ, ბევრ უარყოფითთან ერთად დადებითიც მოაქვს მისთვის. სოციალური ქსელით ბევრი თანამედროვე მხატვრის შემოქმედებას გავეცანი ამ პერიოდში და მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანია გარშემო. ჯანმრთელობას და შემოქმედებით წინსვლას გისურვებთ ყველას.
სოფია სანაია, 31 წლის:
– დაოჯახებული ვარ, მყავს ორი ბიჭი და საყვარელი მეუღლე, რომლებიც ყოველთვის გვერდით მიდგანან და მამხნევებენ. თავიდანვე მიყვარდა ქარგვა და ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის გარკვეული დრო დამეთმო, მაგრამ რაც ოჯახი შევქმენი და პატარები მეყოლა, სამწუხაროდ, ჩემი ხელსაქმისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
თვითიზოლაციამ გააღვივა ჩემში ქარგვისადმი სიყვარული და ახლა უკვე ვქმნი იმ ნამუშევრებს, რომლებიც ყოველთვის მინდოდა შემექმნა.
ნესტან ბაკურაძე, 51 წლის:
-ვწერ, ვასრულებ სიმღერებს საკუთარ და სხვა პოეტების ლექსებზე. ძალიან მიყვარს ხატვა, მუსიკა, ფოტოგრაფია, ჩოგბურთი და მოგზაურობა. ახლა რაჭაში ვიმყოფები იზოლაციაში ოჯახთან ერთად, ჩემი ყოველდღიურობა საოჯახო საქმეებით შემოიფარგლება. საღამოობით, მთელი ოჯახი სიმღერის ფონზე ვიწყობთ განტვირთვას. ხელოვნებასთან ბავშვობიდან მაქვს შეხება. სოფელში ვერ ვხატავ, ამიტომ ვცდილობ იგი ფოტოხელოვნებით ჩავანაცვლო. მიყვარს ესთეტიკა და ვიღებ ბუნების სილამაზის ყველა იმ გამოვლინებას, რაც მხვდება გარშემო. ბუნებაა ჩემი შთაგონების წყარო, მთავარი კი ფერები და ბგერებია.
სწორედ ბუნებასთან სიახლოვე მჩუქნის მუზას, რათა შევქმნა მრავალფეროვანი ფოტოები, ვწერო ლექსები და სიმღერები. რა თქმა უნდა, ყველა მოვლენას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მათ შორის თვითიზოლაციასაც. ზოგადად, კომუნიკაბელური ვარ და მენატრება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. დადებითი მხარე ამ ყველაფრის კი ისაა, რომ იზოლაციაში ადამიანებმა სხვადასხვა ნიჭი აღმოაჩინეს საკუთარ თავში და ამით დაკავდნენ, ნამუშევრების ინტერნეტსივრცეში მეგობრებისთვის გაზიარებაც რომ შეგვიძლია, ესეც სიამოვნებაა.
თამილა ფერხული, 58 წლის:
– ეკონომისტი გახლავართ, მაგრამ ამჟამად საბავშვო ბაღში სპეციალური განათლების პედაგოგად ვმუშაობ. დაახლოებით 10 წლის წინათ დავრჩი უმუშევარი და თავისუფალი დრო რომ დამეტვირთა, ინტერნეტში დავიწყე რაღაცების ძიება და აღმოვაჩინე, რომ ფერადი ლენტებით შეიძლება ულამაზესი ნაქარგების შექმნა. გავეცანი უამრავ გაკვეთილს და დღეს უკვე ქარგვის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. შეიძლება ერთდროულად წინ სამი ნაქარგი მედოს და როგორ ხასიათზეც ვარ, იმის შესაბამისს ვქარგავდე. ქარგვის დროს სიამოვნებას განვიცდი.
სულმოუთქმელად ველოდები, როდის დავასრულებ, რათა საბოლოო შედეგი ვნახო. ახლა, როცა თვითიზოლაციაში აღმოვჩნდი, ბევრი დრო მაქვს ხელსაქმისთვის და ვქარგავ როგორც ტილოზე, ასევე პრინტებზე და ასე გადამაქვს გარეთ გასვლის, სამსახურში წასვლის სურვილი ქარგვაზე.
ხათუნა ფერაძე, 47 წლის:
– აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგს სამხატვრო განათლება არასოდეს მიმიღია, თვითნასწავლი მხატვარი ვარ, პორტრეტისტი. მქონდა ერთი ჯგუფური გამოფენა. ხატვა დაახლოებით 7 წლის წინ დავიწყე ჯერ გრაფიკაში, შემდეგ, ბოლო სამი წელი – ფერებში. ხატვის სურვილი დიდი სულიერი გარდატეხის შედეგად გამიჩნდა და მივხვდი, რომ ვიპოვე საკუთარი – ხელოვნება გახდა ჩემი სულიერების აღმაფრენა! ამასთან, ვწერ ლექსებს და ჩანახატებს, ამბობენ, რომ კარგად გამომდის. მიყვარს მუსიკა და ამ სამი ფენომენის შეჯერებით შლის ჩემი მუზა ფრთებს. ხელოვანისათვის ყველაზე დიდი მუზა სიყვარულია – ფართო გაგებით. სიყვარული გვაფრთიანებს და საოცრებებს გვაკეთებინებს. ის თავად უფალია! ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ და ეს მაძლევს საშუალებას, იზოლაციაშიც ფრთაგაშლილად ვიგრძნო თავი! დღევანდელობა არის ადამიანთა მოდგმის ყველაზე დიდი გამოცდა, რასაც სამწუხაროდ, ყველა ვერ ჩააბარებს ფრიადზე. ვთვლი, რომ მე გამიმართლა, რადგან შემოქმედის ბუნება მაქვს და ოთხ კედელს შორისაც შემიძლია თავი ლაღად ვიგრძნო, ვიმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და უფრო შორსაც. საერთოდ, დიდი ოპტიმისტი და ღვთის მოშიში ვარ.
სწორედ ეს მეხმარება გადავიტანო მძიმე დღეები. მართალია, გარშემო საშინელი სიტუაციაა და ნოდარ დუმბაძის არ იყოს – შენ რა გიხარია, შე უპატრონოო?!, შეიძლება მკითხოთ, მართლაც რა გემღერება? – მაგრამ გიპასუხებდით, რომ რადგან რეალობა ასეთია, უნდა გავუძლოთ. დიახ, ცოტა უკეთესად ვარ ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით, რადგან ჩემი მუზა ცხვირის ჩამოშვების საშუალებას არ მაძლევს, მებრძოლი ვარ ხავსს მოჭიდებულიც კი. ალბათ ჩემი ხასიათიც მეხმარება, რომ ყველაფერს შევხედო საღად და დადებითი დავინახო ამ რეალობაში. მიუხედავად ამდენი ადამიანის გარდაცვალებისა, ვთვლი, რომ ამ ვირუსმა ბევრი რამ სასიკეთოც გააკეთა. ამ კარგსაც და სამწუხაროდ, ცუდსაც, კიდევ ბევრჯერ და ბევრგან ვნახავთ და ვიგრძნობთ, მაგრამ მედგრად უნდა ვიდგეთ და სულიერად არ დავეცეთ, ეს კი მხოლოდ დიდი რწმენითაა შესაძლებელი. მინდა ყველა ადამიანს ვუსურვო სულიერი სიძლიერე და ვუთხრა, რომ ახლა, როცა სახლში უწევთ ყოფნა, გადახედონ საკუთარ შესაძლებლობებს და აუცილებლად დაიწყონ იმის კეთება, რაზეც ოდესმე მაინც უოცნებიათ. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად აღმოაჩენენ ახალ “მეს”, დაიმუხტებიან დადებითი ენერგიით და ცხოვრებაც უფრო მშვენიერი გახდება, თუნდაც ოთხ კედელს შორის. ეს იქნება ჩვენი ახალი გამარჯვება უიმედობასა და სიკვდილზეც.
მარიამ მირიანაშვილი, 22 წლის:
– ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. თუ ადრე სწავლის და სამსახურის გამო არდადეგებზე ვერ ვახერხებდი ხატვას, დროს ვერ ვპოულობდი ბოლო თაროზე შემოდებული იდეებისთვის, ახლა იგი საკმაოდ მაქვს. ბავშვობიდან მიტაცებდა ხელოვნება. სწავლის პერიოდშიც მიწევს ხატვა, ანატომიის ჩანახატებს ვაკეთებ ხოლმე, ძალიან მეხმარება უკეთ სწავლაში, თუმცა ბოლო ნახატი ნამდვილად იზოლაციის დამსახურებაა, ჩემთვის განსხვავებული ტექნიკა მაპოვნინა.
ნამუშევრების შექმნისკენ შეიძლება მიბიძგოს წიგნმა, ამინდმა, დაგროვილმა დადებითმა თუ უარყოფითმა ემოციებმა. არასდროს მიყვარდა გადახატვა, მგონია, რომ წარმოსახვის უნარს არაფერი ჯობია. დრო გადის და სოციალური ცხოვრების დაბრუნება გვინდა. გვენატრება მეგობრები, ახლობლები და უბრალოდ, საკუთარი თავი სახლის გარეთ. ამ ყველაფერს სხვა თვალით უნდა შევხედოთ და დავინახავთ, რომ ბევრი დადებითიც აქვს იზოლაციას. ოჯახის წევრებთან ვატარებთ დროს, თითქოს ღირებულებები გვეცვლება და მცირე დეტალებშიც ბედნიერებას ვეძებთ. რაც მთავარია, საკუთარ თავთან საუბრისთვის გვაქვს დრო, შეგვიძლია ახალი უნარების აღმოჩენა, უკვე არსებულის კი დახვეწა. დიახ, რეალობა რთულია, მაგრამ მთავარია, გავაცნობიერით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი თითოეული ჩვენგანის ხელშია.