პატარა სივრცეში ხანგრძლივად ყოფნა ემოციურად ძაბავს ყველას, განსაკუთრებით – ბავშვებს
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დიდებთან ერთად, ბუნებრივია, ბავშვებსაც იზოლაციაში უწევთ ცხოვრება, რასაც ბევრი სირთულე ახლავს. ბავშვებისთვის სახლში ყოფნა სტრესული რომ არ გახდეს, მშობლებმა სწორად უნდა გააგრძელონ მის განვითარებაზე ზრუნვა. ამისთვის მათ „უნისეფი“ რეკომენდაციას სთავაზობს, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დღის აქტივობები დაიგეგმოს წინასწარ, რაც დაეხმარება როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს რუტინის დაძლევაში. კონკრეტულად: „სასურველია, დღე ბავშვთან ერთად დაგეგმოთ და დახატოთ. შეეცადეთ, რომ დღის გეგმა მიამსგავსოთ რეჟიმს, რომელიც ბავშვს არსებულ რეალობამდე ჰქონდა. დღის გეგმის ზოგადი სტრუქტურა და საქმიანობის ტიპები შეიძლება ყოველდღიურად მეტ-ნაკლებად, ერთნაირი იყოს, მაგრამ შესთავაზეთ ბავშვს სხვადასხვა თამაში და რესურსები მრავალფეროვანი აქტივობებისთვის. დღის გეგმა შეგიძლიათ შეცვალოთ ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად“.კორონავირუსის საფრთხის გამო სახლიდან მუშაობის რეჟიმზეა გადასული მშობელთა დიდი ნაწილი. რთულია ერთ სივრცეში მოაწყო ორი გარემო – სასწავლო-სათამაშო და სამუშაო. ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ, ფიზიკური აქტივობები, მეცადინეობისას დახმარება და იმ შემთხვევაში, თუ მათი სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, საჭირო ნივთებით უზრუნველყოფაც. ამასთან, თითქმის შეუძლებელია, იმ დროის დიდი ნაწილი, რასაც ადრე სამსახურში ატარებდი, პატარებს დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სახლში იმყოფები. როგორ ანაწილებენ მშობლები დროს, როგორია მათი რეჟიმი ბავშვებთან მიმართებაში, ამაზე თავად ისაუბრებენ.
მზია იმნაიშვილი, დიასახლისი, 14 წლის თიკოს დედა:
– მოგეხსენებათ, მოზარდობის ასაკი ყველასთვის ძალიან აქტიური, ემოციური, წინააღმდეგობებით და ცნობისმოყვარეობით დატვირთულია. იმან, რომ ყველანი, მთელი ოჯახი თვითიზოლაციაში ვართ, თითოეულის ცხოვრება თავისებურად შეცვალა. თუმცა ყველა ვცდილობთ, მოვერგოთ ბავშვს. ეს ასაკი ყველამ გავიარეთ და გვესმის, როგორ უჭირს მას ახლა სახლში ყოფნა, როგორ ჭირდება მეგობრებთან ერთად სიარული, გართობა და თუნდაც სკოლაში მისვლა. კვირის განმავლობაში ონლაინგაკვეთილები უტარდება, ხოლო როცა ისვენებს, ვცდილობთ ყველა ერთად გავერთოთ, განვიტვირთოთ. ვუყურებთ ფილმებს ან უბრალოდ აივანზე ვსხედვართ, თუ კარგი ამინდია. რაც შეეხება ბავშვის მდგომარეობას, ემოციურია და ვფიქრობ ეს ახლა გასაკვირი არაა. აქედან გამომდინარე, ყურადღებას არ ვამახვილებთ დეტალებზე, ვცდილობთ არ ვუყუროთ და მოვისმინოთ უარყოფითი ინფორმაცია. თავიდან თითქოს ვერ ხვდებოდა, რამდენად სერიოზულად იყო ყველაფერი, თუმცა, ვფიქრობ, რეალობისთვის თვალის გასწორება არ უნდოდა. მერე ვილაპარაკეთ ყველამ ერთად და ახლა ზუსტად იცის, რა როგორ არის. მთელი ჩემი ყურადღება მისკენაა მიმართული, ვცდილობ, დავაძლევინო ის წინაღობები, რაც ახლა მის წინაშეა და უბრალოდ ვასწავლო, როგორ შეიძლება გაუმკლავდეს პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა მომავალშიც შეხვდეს ცხოვრების გზაზე. რა თქმა უნდა, რთულია, რომ თავისუფლად ვერ დავდივართ ქალაქში, ზღვის პირას ვერ ვსეირნობთ, რაც ასე ძალიან გვიყვარს მე და ჩემს შვილს. თუმცა კარგია, რომ ყველა ერთად ვართ სახლში, რაც აქამდე არ გამოგვდიოდა, ყველაზე მთავარი კი ახლა ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვაა. დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ახლო მომავლში დავტკბეთ ზღვით, მზით, ჩვენი ბათუმით, ერთმანეთის სიყვარულითა და ჩახუტებით. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას!
მარიამ ხითარიშვილი, ჟურნალისტი, 4 წლის დათუნას დედა:
– ჩემი შვილი 4 წლისაა და მოგეხსენებათ, ასეთ ასაკში რთულია, მიაჩვიო იმ რეჟიმს, რომელშიც აქამდე არ ყოფილა. რთულია აუხსნა, რატომ არ დადის ყოველ დღე ბაღში, რატომ არ მიმყავს სასეირნოდ, ან სათამაშოდ ბულვარის სასრიალოებსა და ატრაქციონებზე, სადაც აქამდე თანატოლებთან ერთად ერთობოდა, რატომ აღარ დავდვიარ და თან არ მიმყავს მეგობრებთან სახლში. . . ამ ასაკში, რაც უნდა ეცადო, ვერ შეაგნებინებ იმ ვითარების სიმძაფრეს, რომელშიც ახლა ვართ. დილიდან ღამემდე სახლში ყოფნით ღიზიანდება და ძალიან რთულია, მუდმივად უკმაყოფილო ბავშვს ყოველ ჯერზე მშვიდად აუხსნა, რატომ ხდება ასე. ვერ გააცნობიერებს, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს დღეს თითოეულ ადამიანს. მთელი დღე თამაშში, მულტფილმების ყურებაში, ჭამასა და ხელების დაბანაში გადის. ერთად ვხატავთ ხოლმე, ვცდილობ კომპიუტერი წიგნებით ჩავუნაცვლო, მაგრამ ესეც მალე ბეზრდება. ძალიან რომ გიჟდება, ვცდილობ, აგრესიაში არ გადაეზარდოს და მაღაზიაში, ან სახლთან ახლოს, პატარა სკვერში გამყავს, სადაც ორი საქანელა და პატარა სასრიალოა. ვიცი, სრულ დეზინფექციას ვერ შევძლებ, მაგრამ სანამ საქანელაზე დავსვამ, შეძლებისდაგვარად ვასუფთავებ ზედაპირებს, რომლებსაც ვიცი, ხელით შეეხება. ბოლო დროს ხშირად მაკვრიდება, ვერ ხვდება რატომ ვწმენდ ყველაფერს „არაადეკვატურად“, რატომ მიკეთია ხელთათმანი, პირბადე. . . გაუცნობიერებლად ხვდება, რომ ასეა საჭირო და ქუჩაში გასვლისას მთხოვს, რომ მასაც გავუკეთო პირბადე. ყურზე ჩამოსაცმელ რეზინებს რომ დავუპატარავებ და მასაც გავუკეთებ, ამ დროს კმაყოფილია. გარეთ დაფეთებული ვიყურები აქეთ-იქით. მეშინია, ბავშვები არ გამოჩნდნენ და მათთან თამაში არ მოინდომოს, ხელი არ მოკიდოს ისეთ რამეს, რაც არ გამიწმენდია. ვცდილობ, ხშირად დავუმუშავო ხელები სადეზინფექციო ხსნარით და სახლში როგორც კი შევიყვან, სასწრაფოდ დავბანო ხელ-პირი და გამოვუცვალო ტანსაცმელი. სახლში მოსვლისთანავე დაბანის პროცედურა მისთვის აქამდეც ნაცნობი იყო, ამით არ შეწუხებულა, მაგრამ ტელევიზიით გაგონილი კორონავირუსის ამბებით შეღონებულია, სანამ ხელს მოკიდებს რამეს, კორონავირუსიაო? მეკითხება. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიას ისე ვეღარ ხარჯავს, როგორც აქამდე, ძილის რეჟიმი მაინც არ დარღვევია. ვფიქრობ, ამ ყველაფრის დადებითი მხარე იმაშია, რომ მეტ დროს ატარებს ჩემთან. ბაღში როცაა, მე კი სამსახურში, მხოლოდ საღამოობით ვხედავთ ერთმანეთს, ან შაბათ-კვირას. დამეთანხმებით, ეს დრო ძალიან ცოტაა დედა-შვილის ურთიერთობისთვის. გამიმართლა, რომ ისეთი სამსახური მაქვს, სადაც დინსტაციურად შემიძლია ვიმუშაო. ნოუთბუქთან რომ მოვკალათდები და ვცდილობ მასალა ისე დავწერო, არაფერი გამომრჩეს, ამ დროს მომიჩოჩდება და ჩუმად მეკითხება, – დეე, მუშაობ? ყურსასმენებით, ნოუთბუქში თავჩარგული თავს რომ დავუქნევ, კარგიო მეტყვის და ფრთხილად გაბრუნდება. სახლში ძალიან დაიღალა და უკვე ხუთი დღეა ბებოსთანაა სოფელში. იქ უფრო უსაფრთხოდაცაა, ეზოშიც თამაშობს და ბედნიერია.
შორენა ანანიძე, ფსიქოლოგი, 9 წლის ბექას დედა:
– ჩვეულებრივ, ბავშვები მშობლების ქცევების და ემოციების შესატყვისად რეაგირებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ემოციური მდგომარეობა ვაკონტროლოთ. ბავშვების თანდასწრებით არ გამოვხატოთ უიმედობა, შფოთვა. სიმშვიდის შენარჩუნებით ბავშვებს ვაჩვენებთ, რომ მდგომარეობას ვაკონტროლებთ და ისინიც უფრო მშვიდად იქნებიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შევეცადე ჩემს ბიჭთან ურთიერთობის დაწყება ამ კრიზისული დღეების პირველივე დღეს და ვფიქრობ, გამოგვდის ეს, რამდენადაც შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვიჭირს თვითიზოლაციაში ყოფნა, გარეთ გაზაფხულია, ჩვენ კი სახლში ვზივართ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ყველაფერში პოზიტივი დავინახოთ. ეს ყველაფერი ღირს იმად, რომ ჩვენი შვილები უკეთ გავიცნოთ, რასაც სამსახურის და მოუცლელობის გამო აქამდე ვერ ვახერხებდით. მთავარია, ვიმეგობროთ მათთან და ვაგრძნობინოთ, როგორ გაგვიმართლა, რომ ისინი გაჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში.