ზღვის წყალი ვირუსს კლავს?
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93
„სახლში ჩაკეტვამ დაგვანახა ის ზიანიც, რასაც თავად ჩვენ – ადამიანები ვაყენებთ ბუნებას“
ყველაგან იწერება იმ საოცრებებზე, რაც ბუნებაში ხდება კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე- საწარმოების დახურვისა და საერთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვით მსოფლიომ ამოისუნთქა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
პირველად ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ექსპერტებმა ჩინეთში ჰაერის ხარისხი შეაფასეს როგორც- კარგი. აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოNAA-ს იანვარ-თებერვლის ფოტოებზე კარგად ჩანს სხვაობა ატმოსფეროში აზოტის ორჟანგის შემცველობის მიხედვით.იტალიაში, კერძოდ, ვენეციაში, ჰაერის გარდა არხებში წყალიც დაიწმინდა, რომელიც მანამდე უამრავი გონდოლისა და ურიცხვი დამთვალიერებლის გამო ჭაობს ჰგავდა.
ჰაერი გაიწმინდა საქართველოშიც, რასაც მოსახლეობაც ამჩნევს და ეკოლოგებიც ადასტურებენ.
დღეს დაბინძურების ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება დროებით ამოვშალოთ სიიდან — ქალაქებში ძალიან ცოტა ავტომობილი მოძრაობს, ქუჩები კი საგულდაგულოდ ირეცხება და დეზინფექციაც უტარდება.
სტატისტიკა კი საკმაოდ სავალალოა: ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისგან საქართველოში დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი იღუპება, მათ შორის რვა- ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობა არ აღემატება 3,7 მილიონს.
ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებების შემდეგ დედამიწამ „ამოისუნთქა“ — მუშაობა შეწყვიტეს ატმოსფეროს ძირითადმა დამბინძურებლებმა, მაგრამ ეკოლოგი არ არის დარწმუნებული, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება:
„რამდენ ხანს არ დავაბინძურებთ ატმოსფეროს ჩვეული ტემპით, რთული სათქმელია. ხელისუფლებაც და რიგითი მოქალაქეებიც მოუთმენლად ელიან კორონავირუსული კოშმარის დასრულებას, რომელიც მოსახლეობას სერიოზული ეკონომიკური პრობლემებით ემუქრება. კოლოსალური ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად კი ეკონომიკის სტიმულირების ყველა მექანიზმი მთელი ძალით ამოქმედდება, რაც ეკოლოგიას იმაზე მეტად დააზიანებს, ვიდრე ეს კოვიდ-19-მდე იყო.“
თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ხალხი რეგიონებში დაბრუნდა, თავიანთ სახლებში, სოფლის მეურნეობას მოჰკიდა ხელი. სავსებით შესაძლებელია, ისინი სერიოზულად დაფიქრდნენ იქ დარჩენაზე და აღარ გამოიწიონ ქალაქებისკენ, რომელსაც მაინც არ შეუძლია სამუშაოთი და სტაბილური ანაზღაურებით ყველას უზრუნველყოფა“.
უკვე ფაქტია, რომ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ აღარ იქნება ისე, როგორც ადრე და ეს კოშმარული გამოცდა წარუშლელ კვალს დატოვებს მთელ კაცობრიობაზე, ადამიანები ღირებულებებს გადააფასებენ და, შესაძლოა, მომავალში უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.
თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი ჯემალ ნაკაშიძე, ამაზე საუბრობს იგი „აჭარასთან“ ინტერვიუში:
-მთელი სამსახური გადასულია დისტანციურ მუშაობაზე. ადგილზე ვართ მხოლოდ ისინი, ვის გარეშეც ფუნქციონირებას შეწყვეტს სამმართველო. ყველა პროგრამას გეგმაზომიერად ვაგრძელებთ.მოგეხსენებათ, ესაა: ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე წყლების ხარჯის, ზღვის წყლის სინჯის მონიტორინგი.წინა სამი თვის სამუშაოები ჩატარებულია. ჩვენთან განსაკუთრებულად დაძაბული გრაფიკი იწყებოდა აპრილის თვიდან და ამ თვეშიც ყველა აუცილებელი სინჯი ავიღეთ.
-ზღვის სინჯიც აიღეთ?
-საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა პრობლემები შეგვექმნა ამ კუთხით, თანაც ერთი გასვლა გვქონდა გეგმურად და ამიტომ გადავდეთ მაისისთვის ანუ მომავალ თვეში ორჯერ ავიღებთ სინჯს, რათა გრაფიკი არ დაირღვეს.
– არც ისაა მოსალოდნელი, რომ ზღვის სეზონი შედგეს ამ ზაფხულში.
-სეზონი შედგება თუ არა, ჩვენი სამსახური მაინც ჩაატარებს მონიტორინგს, რადგან დამსვენებლები თუ არ იქნებიან, ზღვა მაინც იქნება (იცინის). ჩვენ ისეთივე ინტენსივობით ავიღებთ ზღვის წყლის სინჯს, როგორც აქამდე, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ივლის ზღვაზე, იქნებ შიდა ტურიზმიც ამოქმედდეს, სხვა ქალაქებიდანაც გვეწვიონ სტუმრები.
-ბატონო ჯემალ, როგორც სპეციალისტმა, ხომ არ იცით, ეს ვირუსი ზღვის წყლით გადადის?
-ვირუსი იმდენად ახალია, ჯერ ამ კუთხით არავის შეუსწავლია, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარილიანი წყალი არ უნდა იყოს ვირუსისთვის მისაღები, თანაც, როგორც ყველა გრიპის ვირუსს, ზაფხულში კორონასაც გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. მუდმივ რეჟიმში ვადევნებ თვალყურს ყველა სამეცნიერო ნაშრომს ამ თემაზე და სიმართლე გითხრათ, არსად წამიკითხავს და არც ყური მომიკრავს, რომ კოვიდ-19 ზღვის წყლით გადადიოდეს. ცახდია, ზაფხულამდე ამ საკითხს ზუსტად დაადგენენ და თუ საფრთხე იქნება, არც ზღვაზე ბანაობას დაუშვებენ.
-ბევრი ამბობს, რომ ატმოსფერო გაიწმინდა და ჰაერი გამჭვირვალე გახდა. ბათუმში როგორაა საქმე?
-კი, ჰაერი ნამდვილად გაწმენდილია, მაგრამ სრულ კვლევებს ამ კუთხით ატარებს გარემოს ეროვნული სააგენტო. სწორედ მათ მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ ამ ერთ თვეში ჰაერი საგრძნობლად გაიწმინდა. გასაკვირია, თურმე რა ცოტა ჰყოფნის ბუნებას, უბრალოდ, უნდა შევუწყოთ ხელი და არ დავაბინძუროთ მავნე გამონაბოლქვებით ჩვენი ატმოსფერო.
-რაც შეეხება ჩამდინარე წყლებს, ახლა როდესაც არ მუშაობს რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, ალბათ, ნაკლები დამაბინძურებელი ფაქტორია?
– ჩამდინარე წყლები შეიძლება იყოს ქარხნებიდანაც. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ პროცესებს და ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში მივუთითებთ. თუკი არ გაითვალისწინეს, გადავცემთ სათანადო ორგანოებს რეაგირებისთვის.
-რამდენად დაცული არიან თანამშრომლები, როდესაც გადიან რეიდებზე?
-ყველას აქვს სათანადო ეკიპირება, ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
-ბზობასთან დაკავშირებით საჯარიმო სანქციები ხომ არ გამოწერილა?
-ჩვენ საჯარიმო სანქციებს არ ვაკისრებთ, თუმცა არანაირი ინფორმაცია ამ კუთხით არ გვქონია.ეს დღე ექსცესების გარეშე ჩატარდა.
-სატყეო სფეროში გრძელდება სამმართველოს პროგრამები?
-კი, ტყეში მიმდინარე პროგრამები არ შეგვიჩერებია. გრძელდება როგორც სანიტარული ჭრები, ისე მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა. ერთადერთი პროგრამა შევზღუდეთ: ყოველწლიურად ვაწარმოებთ 10 ჰექტარი ტყის ბუნებრივ განახლებას. ამ ეტაპზე ეს სამუშაოები შევაჩერეთ, თუმცა მას მომდევნო წლებზე გადავანაწილებთ. ასე რომ, ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, შესრულდება. ტყე ჩვენი სიმდიდრეა და არ გვინდა მივაკლოთ ის, რისი გაკეთებაც ჩვენი მხრიდან შესაძლებელია.
-რას ურჩევთ ჩვენს მოქალაქეებს?
-ყველამ ვნახეთ, რა შედეგი გამოიღო კორონავირუსის შეზღუდვების ფონზე მანქანების გამონაბოლქვის შემცირებამ. ატმოსფერო გაიწმინდა, ქალაქი გასუფთავდა. კოვიდ-19-მა უზარმაზარი ზიანი მიაყენა კაცობრიობას, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ სახლში ჩაკეტვამ დაგვანახა ის ზიანიც, რასაც თავად ჩვენ – ადამიანები ვაყენებთ ბუნებას. ღვთის ნებით, გადავრჩებით. . . იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით მოვეპყრობით ჩვენს ირგვლივ არსებულ ცოცხალ გარემოს, დავიცავთ მას ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.