ქალაქი – სოფელს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთს 40-მდე კომლი შემორჩა. საგულისხმოა, რომ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება მოსახლეობის საცხოვრებლად გადასვლა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. 100-ზე მეტი ოჯახი ბათუმსა და აჭარის ბარის რაიონებში დასახლდა.
ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გაიზარდა ცინარეთელი სულთან კეჟერაძისა და უშანგი ბაიაძის ოჯახში. ამჟამად, ხუთივე ბათუმის მკვიდრია. უშანგის შვილიშვილებმა – გიორგი, რომან, ჯონი ბაიაძეებმა ბათუმში მცხოვრები თანატოლები აიყოლიეს კეთილ საქმეში, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერებმა რამინ, რუსლან ცინარიძეებმა, ექიმმა ივერი ცინარიძემ, ბიზნესმენმა როინ, რომან, გოჩა, ბადრი ხუჯაძეებმა, მარადი, მამუკა ცინარიძეებმა, პაატა ბახტაძემ, დომენტი შერვაშიძემ, გელა მჟავანაძემ, თენგო აბუსელიძემ და სხვებმაც მიიღეს მონაწილეობა და 2 ათას ლარამდე თანხა შეაგროვეს, რითაც ცინარეთში დარჩენილ 39 ოჯახს ხორბლის ფქვილი, მცენარეული ზეთი და სხვა სასურსათო პროდუქტები გაუგზავნეს. თითოეულ კალათაში 48 ლარის ღირებულების სურსათი იდო. პროდუქციის დარიგების აქცია ინიციატორებმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ფრიდონ ფუტკარაძესთან, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ედნარ კეჟერაძესთან, სოფლის რწმუნებულ შაქრო ცინარიძესთან ერთად განახორციელეს.
– ქალაქ ბათუმში მცხოვრები, წარმოშობით ცინარეთელი ახალგაზრდების წამოწყება მისასალმებელია. სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადასცეს. იმედია, ამ წამოწყებას სხვა სოფლებიდან ქალაქში დამკვიდრებულნიც გაიზიარებენ. ჩვენი მხრიდან ვზრუნავთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოსახლეობას თანადგომა და ყურადღება არ მოვაკლოთ. სასურსათო პროდუქტების საკმაო მარაგს გვთავაზობენ ჭვანისა და მარეთის ხეობებიდან ბათუმსა და სხვა ქალაქებში მომუშავე ბიზნესმენებიც, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.
თანასოფლელებს არ ივიწყებენ
ცნობილი ბიზნესმენის ლევან მჟავანაძის ადგილის დედა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი წყაროთაა. იგი მშობლიურ სოფელს თანადგომას არ აკლებს. მისი ქველმოქმედების შედეგად რამდენიმე სოციალური პროექტი დაფინანსდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც მშობლიურ სოფელს თანადგომა არ მოაკლო. თითქმის 3.5 ტონა ხორბლის ფქვილი და სხვა სასურსათო პროდუქტები წყაროთელებს საჩუქრად გაუგზავნა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის მკვიდრია ქველმოქმედი მამუკა ლომინაძე. მან წუთისოფლიდან წასული ბაბუების – ისმაილ, ზებურ და ხასან ლომინაძეების სულების მოსახსენებლად აქუცაში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს 50-50 ლარის ღირებულების სასურსათო კალათა საჩუქრად გამოუგზავნა.
– მშობლიური სოფელი ბავშვობისას დავტოვე, მაგრამ წინაპრების საძვალეებს, მათ სულებს არ ვივიწყებ. წინასააღდგომოდ გაკეთებული საქველმოქმედო აქცია მათი ამაგის გამოძახილია, – გვითხრა მამუკა ლომინაძემ.
– წლებია ახოელი შუქრი ბოლქვაძე სამეწარმეო საქმიანობას მისდევს. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ახოს მონაკვეთზე ბენზინგასამართი სადგური გახსნა. უნარიანმა მეწარმემ მაღაზიათა ქსელიც შექმნა. იგი თანასოფლელებს, ცხმორისის თემის მცხოვრებლებს ქველმოქმედებას არ აკლებს. ამჯერად, ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 50 სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა.
წონიარისელი მირზა წულუკიძე შპს „ევრომოტორსის“დირექტორია. იგი 10 სოციალურად დაუცველი თანასოფლელის ოჯახს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა.
დაბა ქედაში მცხოვრებ 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს 40-40 ლარის სასურსათო პროდუქტებით დაეხმარნენ აქვე მცხოვრები ქველმოქმედები ზაზა დიასამიძე, ამირან ბერიძე და მერაბ კონცელიძე.
ინიციატივას პირველად ჯუმბერ დიმიტრაძემ აუბა მხარი
საქართველოს მთავრობის წევრების, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიითა და მაჟორიტარულ ოლქებში არჩეული პარლამენტარების ინიციატივას – მარტ-აპრილ-მაისის ხელფასის ერთი მესამედის ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვის შესახებ, პირველმა აუბა მხარი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ. მის ინიციატივას გამოეხმაურა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე. ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ სამი თვის განმავლობაში თავიანთი ხელფასების გარკვეული ნაწილი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხონ.