აჭარაში კოვიდ–19–ის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ხუთი მედპერსონალია
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მონისტრმა განაცხადა, აქედან 5 მედპერსონალია, ორი კი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ზაალ მიქელაძემ არ დააზუსტა, მედიკოსები რომელ სამედიცინო კლინიკაში დაინფიცირდნენ და უკავშირდებიან თუ არა ქობულეთის კლასტერს. ყველა მათგანი კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი, სადაც პაციენტთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია.
–აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა, მათ შორის, 2 საკარანტინო და თვითიზოლაციის ზონიდან, ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. ისინი არიან იმ ოჯახებიდან, რომლებზეც ხორციელდებოდა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და მათგან ველოდით მორიგი ტესტირების შედეგებს. 5 არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი. აქვე გეტყვით, რომ მათივე თხოვნით არ ვასახელებთ სამედიცინო პერსონალის ადგილსამყოფელს და დაწესებულებას, საიდანაც ისინი არიან. ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი. ისინი იზოლაციაში იყვნენ და არ ჰქონდათ არც ოჯახთან და არც საზოგადოებასთან შეხება. მეტ დეტალს და კლასტერს ვერ დაგისახელებთ. ჩემთვის ის ადამიანებიც არინ მნიშვნელოვანი და, ასევე, მათი ოჯახის წევრებიც. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვეტყვი მოქალაქეებს: ეს მიუთითებს, რომ რესურსში, რომელიც გამოყენებულია ამ დაავადების მართვაში, რაღაც პერიოდის შემდეგ იგრძნობა გადაღლაც და ამიტომ გთხოვთ, დარჩეთ სახლში. ის რესურსი, რაც გვაქვს (ადამიანურ რესურსს ვგულისხმობ), მოგვეცით შანსი, მაქსიმალურად გამოვიყენოთ პროცესების სწორი მართვისთვის, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები „მედალფაში“ მკურნალობენ. კლინიკის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. „მედალფაში“ ამ დრომდე რჩება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი, რომელსაც მედპერსონალთაგან კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა. მას ტესტზე ორჯერადად უარყოფითი პასუხი ჰქონდა, მაგრამ ფილტვების ანთება კვლავ აქვს. ქალი სრულ გამოჯანმრთელებამდე მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. კლინიკაში მოთავსებული 37 პაციენტიდან 4 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. კვლავ კრიტიკულად მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 370- მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 76 და გარდაცვლილია 3 ადამიანი.