ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
„აჭარაში ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში იმყოფება. მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებები მოინახულა და აჭარის მთავრობაში შეხვედრა გამართა.
– აჭარაში ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა, როგორც პაციენტების მართვის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული მზაობითაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის რეგიონი საკმაოდ დიდია და ის გარკვეულწილად მოიცავს ასევე, გურიის რეგიონის მართვასაც, ძალიან მნიშვნელოვანია, დეტალურად ვიცოდეთ აქ მიმდინარე პროცესების შესახებ. ამიტომ დაიგეგმა ეს ვიზიტი, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ზომების გამკაცრებას კავშირი არ აქვს ეკლესიასთან.
ზომების გამკაცრება გამოიწვია იმან, რომ ღონისძიებები სათანადო სიმკაცრით არ ტარდებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ზომები გამკაცრებულიყო. თუ დავაკვირდებით ტაძრების გეოგრაფიას, ქალაქებში განაწილებას, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილების აკრძალვა ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას. შესაბამისად, ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ არის. აჭარაში თქვენ გაქვთ საუკეთესო მაგალითი – თქვენმა მღვდელმთავარმა მოუწოდა მრევლს, დარჩნენ სახლებში, ლოცვას ჩაატარებენ და ტრანსლაცია მოხდება. დარწმუნებული ვარ, სხვა რეგიონის მღვდელმთავრებიც მიბაძავენ ამ სანიმუშო მაგალითს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა, – განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე – არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო, ჯანდაცვის მინისტრის პასუხი ასეთია: „მეცნიერებასა და მედიცინაში მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსაზრება აუცილებლად ეყრდნობოდეს მტკიცებულებებს. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, ამიტომ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“.