სააღდგომო მსახურების მოსმენას ტაძრის მიმდებარე ქუჩებშიც შესძლებთ
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93
„ნებისმიერი განსაცდელი დაშვებულია ადამიანის მოუნანიებელი ცოდვების გამო“
წინაასააღდგომო სამზადისმა დაძაბა ვითარება ქვეყანაში. ეპიდემიის აფეთქების რისკით დაშინებულმა ხელისუფლებამ ზედიზედ გაამკაცრა საგანგებო ზომები. კომენდატის საათს დაემატა ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვაც. საპატრიარქოსთან შეხვედრებმა ვერ გამოიღო ის შედეგი, რასაც ელოდნენ. პატრიარქმა გადაწყვიტა არ დაეკეტა ეკლესიის კარები მრევლისთვის და მიეცა მისთვის ზიარების საშუალება, რამაც საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში ურთიერთსაწინააღმდეგო გამოხმაურებები ჰპოვა.„აჭარასთან“ საუბრობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრეს-სპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი.
-კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაიძაბა წინასააღდგომო პერიოდი. მორწმუნეები დაბნეულნი არიან. ერთ მხარეს დადგა რწმენა უფლისა და ზიარება, მეორე მხარეს – მომაკვდინებელი ვირუსი და ეპიდემიის აფეთქების საშიშროება. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეკლესიის პოზიცია ამ ეტაპზე?
-სრულიად სამართლებრივად მიმაჩნია ეკლესიის პოზიცია, რადგანაც ჩვენ შევცვალეთ უამრავი წესი, გავითვალისწინეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაცია. ასევე, ყველა იმ კანონს ვემორჩილებით, რომელიც სახელმწიფომ დააწესა. კომენდანტის საათთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, დილის 7 საათზე დაიწყოს სააღდგომო წირვა. ტაძრებში მარკირება გაკეთდა, დაიხაზა დასადგომი ადგილები, ეზოებში გავიყვანეთ გახმოვანებისთვის აუცილებელი აპარატურა, რათა ტაძრის მიმდებარედ მდგომმა მლოცველებმა შესძლონ მოისმინონ სააღდგომო ქადაგება. ხატები და ჯვრები ყოველი მთხვევის შემდეგ იწმინდება. ჩატარდა ტაძრების დეზინფექციაც. ერთჯერადი ჭიქებით რიგდება სიტკბოები. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ზომებს ვიღებთ დაინფიცირების საფრთხის ასაცილებლად.
-არსებულ შეზღუდვებს დღეს მთავრობამ დაამატა მანქანებით გადაადგილების შეზღუდვაც. ამის გამო, ალბათ, ნაკლები ადამიანი შესძლებს წირვაზე დასწრებას და სააღდგომო რუტუალში მონაწილეობას?
-დიახ, შესაძლებელია ბევრმა მორწმუნემ სწორედ ამის გამო ვერ მოახერხოს მოსვლა, მაგრამ ბათუმი იმდენად პატარა ქალაქია, რომ ყველაზე მოშორებული უბნიდანაც კი, მინიმუმ 40 წუთი, მაქსიმუმ- ერთი საათი დასჭირდება ადამიანს ღვთისმშობლის ტაძრამდე მოსასვლელად. მშვენიერი ამინდია და ფეხით გადაადგილება სასიამოვნოც კია სახლში ჯდომით გაბეზრებული ხალხისთვის. წითელ პარასკევს უფრო ამაღლებული განწყობით მოვლენ ეკლესიაში.
-სწორედ რელიგიური ტურიზმი გახდა იტალიასა და ისრაელში კოვიდ-19-ის ეპიდემიის სასტიკი აფეთქების მიზეზი. იმასაც ამტკიცებენ, რომ აშშ-ში და ესპანეთშიც ეკლესიები გახდა უამრავი ადამიანის დაინფიცირების წყარო, აღარაფერს ვამბობ უკრაინის სასულიერო პირებზე.
-საქართველო მომზადებული დახვდა ვირუსს, აქ ღვთის ნება უნდა დავინახოთ.
-სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება: „ხალხმა შინ უნდა ილოცოს და გარეთ აღარ გავიდეს, სანამ ღვთის რისხვა არ გადაივლის. ბევრი შეაგონებთ მათ და ეცდება სახლიდან გამოიყვანოს, ბევრი მღვდელი და მღვდელთმთავარიც, მაგრამ მათ არ ეცოდინებათ , რომ სატანა მათშიც შეღწეულია, სულიწმინდა კი მათ სახლებში იქნება და არა ტაძრებში“. ნადვილად ეკუთვნის ეს სიტყვები მამა გაბრიელს?
-არსად მინახავს და არც წამიკითხავს მამა გაბრიელის ნაწერებში მსგავსი წინასწარმეტყველება. საპატრიარქოს პოზიცია და პატრიარქის სიტყვები გაცილებით მნიშვნელოვანი გახლავთ ყველასთვის. თუ ვინმე სასულიერო პირმა დაწერა და მამა გაბრიელის სახელი მიაწერა, არ ვიცი. . .
-სააღდგომო ლიტურგიაზე ხომ არ ელოდებით იმაზე მეტ ადამიანს, ვიდრე მარკირების ხაზებია?
-დილის ექვს საათზე, როდესაც დასრულდება კომენდანტის საათი, ვინც ვერ დაეტევა მარკირების ხაზებზე, ქუჩებშიც რომ დადგეს დისტანციის დაცვით, არ იქნება არავითარი პრობლემა. ჩვენ სწორედ ამაზე ვაკეთებთ გათვლას. თავისთავად, პირბადეები უნდა ეკეთოთ, რათა მათ უნებლიედ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. დილით წირვის ჩატარება იმიტომ ვარჩიეთ, რომ დღის განმავლობაში საზიარებლად მოსული ადამიანების რაოდენობა გადანაწილდება. სისხამ დილით ისეთი ადამიანი გაიღვიძებს და მოვა ტაძარში, რომელსაც ნამდვილად ზიარება სწყურია, ელოდება მის მადლს და სწამს. თუკი ვინმეს სანთლის დანთება, ცეცხლის წაღება ან ლოცვა სურს, ამას დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოახერხებს.
-სააღდგომო მზადების პერიოდში დაიძაბა პოლიტიკური ვითარება პოზიცია-ოპოზიციას შორის. მოქმედ ხელისუფლებას ოპონენტები ადანაშაულებენ უმოქმედობაში- ამტკიცებენ, რომ მთავრობა ერიდება ეკლესიას, არ შემოიღო სამხედრო საკომენდატო საათი, რადგან ეშინია, რომ მრევლი მხარს არ დაუჭერს არჩევნებში და ურწმუნო ხელისუფლებად შერაცხავს. რამდენადაა შესაძლებელი მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება?
-მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ კარგად ვხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში იმაზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. ამიტომ, უმოქმედობაში დავადანაშაულოთ მთავრობა, უხერხული იქნება. ასევე, ხელისუფლებას ვერაფრით ვუწოდებთ უსუსურს და ჩვენს ექიმებს – არაკომპეტენტურებს. ყველა მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ამ დროს კრიტიკა დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით.ისიც არ შეიძლება, რომ აქ ღვთის წყალობა არ დავინახოთ. ვფიქრობ, ეს სამი კომპონენტი – მთავრობა, ექიმები და უფალი, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ყველაფერი სწორედ უფლის ნებით ხდება. მოსახლეობა თავად მიხვდება, რა დასკვნებიც უნდა გააკეთოს აქედან. . .
–ყოფილი დეკანოზის, ბასილ კობახიძის განცხადებით, არის „ყალბი მისტიკური აღტკინება და ფეტიშისტური დამოკიდებულება როგორც ღმერთის, ისე რიტუალების, ზიარებისადმი, ლოცვისადმი, ეკლესიის შენობებისადმი და მღვდლებისადმი“. თქვენი კომენტარი?
-სხვა რელიგიებისგან, თუნდაც იგივე ქრისტიანული დენომინაციებისგან განსხვავებით, ჩვენი ეკლესია ერთიანდება სწორედ ზიარების გარშემო. სხვებისთვის რომის პაპი ან პასტორია უფრო მნიშვნელოვანი.მართლმადიდებელი სამყარო კი თვლის, რომ ზიარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც ქრისტემ ზიარების საიდუმლო დათქვა, აღნიშნა: ესე არს ჩემი ხორცი, ესე არს ჩემი სისხლი და ამას ვტოვებ ჩემს მოსახსენებლად. . . მას არ უთქვამს , მაგალითად, ლოცვით ან სხვა რამით გამიხსენეთ. ქრისტემ თქვა, ზიარებით გამიხსენეთ მეო. პირდაპირ ასე წერია სახარებაში.
-რაც შეეხება სხვა რიტუალებს?
-რაც შეეხება სხვა რიტუალებს, მაგალითად, საფლავის კურთხევას, რომელიც აღდგომის მეორე-მესამე დღეს ხდება, ეს წმინდა დოგმატური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი არ არის და შეიძლება მოვუწოდოთ კიდეც მრევლს, რომ გადავდოთ პანდემიის დასრულებამდე. ჩვენ ტაძარში აღვასრულებთ პანაშვიდს. მრევლს აქვს საშუალება, მოგვწეროს საკუთარი მიცვალებულების სახელები, ჩვენ ვილოცებთ მათი სულებისთვის და მივაგებთ სათანადო პატივს აღდგომის დღესასწაულზე. აი, ასეთი ცვლილებაც კი შევიტანეთ სააღდგომო რიტუალებში, რითაც შევამცირეთ საფრთხეები.
-ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ აღდგომაზე უნდა გავიდეს სასაფლაოზე და გადააგოროს წითლად შეღებილი კვერცხები თავის მიცვალებულების საფლავებზე.
-აღდგომის დღესასწაულზე არ შეიძლება გასვლა საასაფლაოზე და საერთოდ, დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე უნდა მოერიდონ ადამიანები სასაფლაოზე წასვლას. ისე კი, არ არსებობს შეზღუდვა საფლავებზე გასვლის არც ერთ რომელიმე დღეს. ნებისმიერ სხვა დროს შეიძლება წასვლა და მიცვალებულისთვის პატივის მიგება.
-წითელი პარასკევის მიმართ ხალხში არსებობს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება, აკრძალვები, დოგმები (არ დაიბანო, არ იმუშაო, არ ჭამო და ა.შ.). როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, რათა პატივი მიაგოს ჯვარზე ჩვენთვის გაკრულ უფალს?
-ერთ-ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც მაცხოვარი, თითოეული ადამიანისთვის, მისი ცოდვის ტყვეობისგან გათავისუფლებისათვის ჯვარზე ჩამოეკიდა. დღეს განსაკუთრებული მწუხარე განწყობით და სულიერი დამოკიდებულებით, მკაცრად უნდა ვიმარხულოთ, რაც შეიძლება მეტი მოწყალება გავიღოთ, მეტი კეთილი საქმე აღვასრულოთ. უნდა განვიცდიდეთ ქრისტეს ჯვარზე გაკვრის სასტიკ, მძიმე მომენტს. კიდევ ერთხელ უნდა გავითავისოთ, რომ ჯვარცმა მოხდა ჩვენთვის, ჩვენი სულიერებისთვის. დღეს ჩატარდა მწუხრის მსახურება ტაძარში. წავიკითხეთ დატირების ლოცვები. ისე კი, ტრადიციულად, ამ დღეს წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც დაკავშირებულია ქრისტეს ჯვარცმასთან, როდესაც სხეული წმინდა სისხლისგან წითლად შეიღება. არის მეორე მიზეზიც – როდესაც ქრისტე ჯვარს გააკრეს, მარიამ მაგდალინელი მიდის კეისართან, ულოცავს ქრისტეს აღდგომას, ეუბნება „ქრისტე აღსდგა“ და გადასცემს კვერცხს. ის პასუხობს: როგორც ეს კვერცხი წითელია, ისე აღსდგა შენი ქრისტე მკვდრეთითო და ამ მომენტში, სასწაულებრივად, კვერცხი გაწითლდება. სწორედ ეს გახდა ბევრისთვის მაშინ დასტური, რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. აი, აქედან შემოვიდა კვერცხების შეღებვის რიტუალი ქრისტეს აღდგომის დღეებში.
-პანდემიას ღვთის რისხვას მიაწერენ. .
-ნებისმიერი განსაცდელი დაშვებულია ადამიანის მოუნანიებელი ცოდვების გამო. იაკობმა თქვა: „ნურავინ იტყვის, რამეთუ ღმერთი გამომცდის, ნებისმიერი განსაცდელი დაიშვება ჩვენი მოუნანიებელი ცოდვების გამო.“ პანდემია არის თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების, ცოდვების შედეგი. გაიხსენეთ, „მამაო ჩვენოში“ ვლოცულობთ: „. . .და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, მედალს აქვს ორი მხარე – ყოველთვის შეიძლება ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ, თუნდაც განსაცდელი. ახალი კორონავირუსის პანდემიამ უნდა დაგვაფიქროს მომავალზე, აწმყოზე, შეგვაცვლევინოს ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ, გვასწავლოს უფლის სიყვარული. . . ყველაფერში შეიძლება დადებითის დანახვა, თუნდაც, მანქანებით გადაადგილება რომ შეიზღუდა. . . ფეხით წავალთ ეკლესიაში, რაც უფრო ამაღლებულ განწყობას შეგვიქმნის დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. წითელ პარასკევს, ქრისტემ ხომ გოლგოთის გზა გაიარა. . . უარყოფითი არის ის, რომ უამრავი ადამიანი პანდემიას ემსხვერპლა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საერთოდ, ადამიანებს სიცოცხლე გვეძლევა ამ ქვეყნად რაღაც განსაკუთრებული პერიოდით. სიკვდილი აუცილებლად გვეწვევა. ანუ პირველი რეალობა ისაა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და მეორე რელობა – ჩვენ აუცილებლად მოვკვდებით. ამ ვირუსმა უნდა დაგვაფიქროს და იქნებ ღვთის შიშით, უკეთესი გავხადოთ საკუთარი და გარშემო მყოფთა ცხოვრება.