„ხელისუფლებას, გულწრფელად ვამბობ, წყალში ჩაეყრება კორონავირუსის თავიდან აცილების ყველა პრევენციული ზომა და მცდელობა“
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგიის მრევლთან ერთად ჩატარება გადაწყვიტა. ამასთან, ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი ჩაკეტილია. 17 აპრილიდან დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევები იმპორტირებული არ არის. სპეციალისტების თქმით, დაწყებულია შიდა გადაცემები და ეს საგანგაშოა.
– მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია. ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ეპიდემიის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში და იმ სპირალში შესვლას, რაზეც ვსაუბრობდი, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისივე თქმით, სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი და შესაბამისი რეკომენდაციები უწყებათაშორის სააკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უკვე გააჟღერა.
მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეტად აღშფოთებული ვიხილეთ ტელეეთერში. პაატა იმნაძის განცხადება მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ არა – რეალობას აცდენილი. მან თქვა, რომ ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ინფექციას გადასდებენ ყველას. თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს.
სააღდგომო ლიტურგიის მრევლთან ერთად ჩატარებაზე ერსა და ბერში აზრთა სხვადასხვაობაა. ხელისუფლებისა და საპატრიარქოს შეთანხმების მიუხედავად, განცხადებებიც არაერთგვაროვანია. მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს მოსახლეობას, მოძღვართა უმრავლესობა კი – ტაძრებში მისვლისკენ. ხალხი დაბნეულია, ბევრი ვერ არკვევს, ვის ენდოს და დაუჯეროს. რეალობა კი ასეთია – კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. იმას, რომ შესაძლოა მედიკოსები ვერ გაუმკლავდნენ ინფექციის ნახტომისებურ მატებას, არც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი და ექიმები მალავენ. სამწუხაროდ, ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვმაც იმატა, რაც ყურადსაღებია თითოეული ჩვენგანისთვის.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გადაწყვიტა, რომ მონასტრებში ღამისთევით სააღდგომო წირვა მრევლის გარეშე ჩატარდეს, ხოლო ტაძრებში ღვთისმსახურება კვირას, დილის 7 საათზე დაიწყოს, როცა მრევლს ტაძრებში მისვლის საშუალება ექნება.
რელიგია სათუთი თემაა და ძნელია ემოციების გარეშე ისაუბრო. ვინ სცოდავს – ის, ვინც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს ადამიანებს, თუ ისინი, ვინც სალოცავად უხმობენ მათ ტაძრებში? ჩვენ პოლიტიკოსების მოსაზრებები მოვისმინეთ მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შემდგარ შეთანხმებაზე და გამკაცრებულ რეგულაციებზე. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
– ხელისუფლება და ეკლესია ცდილობენ მოსახლეობას დაანახონ, ვინ უფრო ძლიერია, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ასმათ დიასამიძე და დასძენს, რომ ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში.
– მანიპულირებენ რელიგიით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სახელმწიფოში ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ჩვენს რეგიონში პატივსაცემი მუსლიმი საზოგადოება გვყავს. როცა ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს და ეკლესია ამ წესებს და კანონებს არ ემორჩილება, პირველ რიგში, ხელისუფლების ბრალია. მაშინ, როცა ინფექციონისტები მოგვიწოდებენ – „არ წახვიდეთ ეკლესიებში“, „ილოცეთ სახლში“, როცა საუბარია ადამიანების სიცოცხლის ეჭვქვეშ დაყენებაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია, უნდა გაათვითცნობიეროს როგორც ხელისუფლებამ, ისე ეკლესიამ. მიჩნდება კითხვა: რომ არ იყოს საარჩევნო წელი, ექნებოდა თუ არა მკვეთრი გადაწყვეტილებები ხელისუფლებას? ალბათ, ექნებოდა. მაგრამ ახლა, როცა ეკლესიის მხარდაჭერა სჭირდება საარჩევნოდ, თავისსავე გადაწყვეტილებებს ვერ იცავს. მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა ის მითითება, რაზეც ინფექციონისტები საუბრობენ – „დარჩით სახლში“, „დაიცავით დისტანცია!“ პარალელურად, ამბობენ, რომ ეკლესიაში დისტანცია იქნება დაცული. ჩვენ ბზობას ვნახეთ ის, რაც შეიძლება იყოს აღდგომას, – გვითხრა ასმათ დიასამიძემ. დეპუტატი საუბრობს იმაზეც, რომ მოსახლეობაც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
– ბევრი ადამიანი ემორჩილება კანონს, მაგრამ როცა გადაწყვეტილების მიმღები ამბობ, რომ შესაძლებელია ეკლესიაში დისტანციის დაცვა, ამ დროს კი სპეციალისტების განცხადებით, დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება არ არის გამოსავალი, ეს საყურადღებოა. ეკლესიაში მხოლოდ დგომა ხომ არ არის მთავარი, იქ ხდება ზიარება, ჯვრის თაყვანისცემა. ვისაც გულში უფალი ჰყავს, ყველგან დაცული იქნება, ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში. ერთმანეთისგან უნდა დავიცვათ ერთმანეთი. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. აქვე მინდა ვთქვა, ამ დღეებში, მესამე მოსმენით, პარლამენტს ეკლესიისთვის ჰექტრობით ტყეების გადაცემასთან დაკავშირებით უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ახლა ამის დრო არის? არ არის, მაგრამ ქაოსსა და დაძაბულობაში უნდოდათ ამ ყველაფრის გატარება, რომ კიდევ ერთხელ ესიამოვნებინათ ეკლესიისთვის. ეს ის ქვეყანაა, სადაც დემოკრატიაა, თანასწორუფლებიანობაა. მალე მუსლიმი მრევლი დიდ მარხვას იწყებს. მაშინ რას იზამს ხელისუფლება? არ შეიძლება ადამიანების დაყოფა. ხელისუფლებას, გულწრფელად ვამბობ, წყალში ჩაეყრება კორონავირუსის თავიდან აცილების ყველა პრევენციული ზომა და მცდელობა. ყველა ვამბობდით, პოზიციაც და ოპოზიციაც, რომ ერთი საერთო მტერი გვყავს – კორონავირუსი, რომ პოლიტიკური გარჩევების დრო არ არის, მაგრამ, როგორც კი შერჩევითი სამართლით იხელმძღვანელებს მთავრობა, აუცილებლად წააგებს. ამ წუთას კი რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. ამ ურთულეს დროს ხელისუფლებამ ვერ დაარწმუნა ეკლესია, რადგან მას გაცილებით მეტი ძალა აქვს, – გვითხრა ასმათ დიასამიძემ, რომელიც მიესალმება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებას.
– ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა ეპარქიამ. მეუფე დიმიტრი პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანია, თავისი თანამდებობის ხიბლშიც არასდროს ყოფილა, მას ძალიან კარგად ვიცნობ. ეკლესიის კარი რომ არ უნდა დაიხუროს, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ გადაჭრით რომ ეთქვათ, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის, თქვენ კი სახლში დარჩით და გააძლიერეთ ლოცვებიო, ხომ იყო შესაძლებელი? მეუფე დიმიტრიმ, ფაქტობრივად, პირველი დარტყმა აიცილა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოეყოფოდა საერთო ოჯახს. თუმცა ის, რომ ღამით არ დაესწრება მრევლი წირვას, ადამიანებს შეღავათს მისცემს ინფექციის გავრცელების კუთხით, – გვითხრა ასმათ დიასამიძემ, რომელიც დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებას ასე აფასებს: ხელისუფლება ცდილობს, სადავეები ხელიდან არ გაექცეს.
– ხელისუფლება სიტუაციას მაინც ვერ აკონტროლებს. ადამიანები გადიან სასეირნოდ ბულვარსა და პარკში. მხოლოდ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე არ უნდა ხდებოდეს პატრულირება, დღისითაც უნდა კონტროლდებოდეს სიტუაცია მარკეტებთან თუნდაც, რადგან ვიღაც ემორჩილება კანონს და ვიღაც – არა. ქალაქების ჩაკეტვა და ზომების გამკაცრებაც ხომ ეკლესიასთან ჯიბრში ჩადგომაა, რომ არ მოხდეს გადაადგილება. პასუხისმგებლობა, ხელისუფლებასთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად გვაკისრია რიგით მოქალაქეებსაც. დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მოვა დრო, როცა ისევ შევძლებთ ერთად ყოფნას, – აცხადებს ასმათ დიასამიძე.
სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს მოსახლეობას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრი დავით ბაციკაძეც.
-ეკლესია ამ ქვეყანაში არ დაიკეტება, ბევრის სურვილის მიუხედავად, ეს არასოდეს მოხდება. ამასთან, უნდა დავიცვათ ადამიანების უსაფრთხოებაც. პატრიარქის კურთხევაა, ის, ვინც რისკჯგუფშია, დარჩეს სახლში. მე როგორც ამ ეკლესიის შვილი, ჩემს თავზეც ვღებულობ, რადგან ვარ რისკჯგუფის წარმომადგენელი და ვრჩები სახლში. მიკვირს იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აკრძალვებს, დღეს კი აღშფოთებულები არიან – თურმე რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაშიც კი არ უნდა მივიდეს ხალხი ეკლესიაში. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკეთესია დავრჩეთ და ვილოცოთ სახლში. ვისაც ჯანმრთელობის მხრივ არ აქვს პრობლემა, წავიდეს სალოცავად, – აცხადებს დავით ბაციკაძე. დეპუტატი ამბობს, რომ ინფექციონისტების შფოთვას ადეკვატურად აღიქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრი ადამიანი ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებებს არა მხოლოდ დღეს, მუდმივად აკეთებს.
– სამწუხაროდ, ბევრს სურს ამ ქვეყანაში ეკლესიამ არ იარსებოს, ჩვენ ბატონი პაატა იმნაძის განცხადებაც გვახსოვს – შთაბეჭდილება მრჩება ეკლესიას უტევენო. ყველაზე მეტად ის ადამიანები აქტიურობენ, რომლებსაც ღმერთის არ სწამთ, თან ფიქრობენ, რომ ეს ის დროა, როცა ვიღაცები უნდა გააღიზიანონ. გასაგებია, ინფექციონისტების წუხილი, ეს ადამიანები ძალიან ბევრს აკეთებენ. ჩვენც ვხვდებით, რომ სოციალური დისტანციის გარეშე ვერ შევაჩერებთ ინფექციის გავრცელებას. ვინც ტაძარში დავდივართ, ვიცით, რომ დღესასწაულზე განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იკრიბება. ეს რომ წარმოიდგინეს, ბუნებრივია, ინერვიულეს. ეკლესიის კურთხევაა, რისკჯგუფის ადამიანები, მოხუცები, ბავშვები ეკლესიაში არ მივიდნენ და დარჩნენ სახლში, – გვითხრა დავით ბაციკაძემ. მან კომენტარი შეზღუდვების გამკაცრებაზეც გააკეთა და თქვა, რომ არაორდინარულ სიტუაციაში ვართ.
– მსოფლიოში თითო-ოროლა ადამიანია, ვისაც ახსოვს მსგავსი პანდემია. ერეკლე მეორე შავი ჭირის ეპიდემიის დროს გარდაცვლილა და გარკვეული პერიოდი ვერ გადაასვენეს სვეტიცხოველში მეფე. როცა მივიდნენ სვეტიცხოველთან, მხოლოდ ბერები დახვდნენ, შეიტანეს ცხედარი ტაძარში, გააპატიოსნეს და დაკრძალეს. ასეთი ისტორიები არის. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ მესმის და ყველამ უნდა გავიგოთ, რომ სოციალური დისტანცირება გადარჩენის ერთადერთი გზაა, ვიდრე ვაქცინას გამოიგონებენ, – აცხადებს დავით ბაციკაძე.
კითხვაზე – იყო თუ არა უკეთესი, საპატრიარქოს მოეწოდებინა მრევლისთვის, სახლში დარჩენილიყვნენ და ელოცათ, დავით ბაციკაძემ გვიპასუხა, რომ ის ეკლესიის გადაწყვეტილების განხილვას არ აპირებს.
-კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიცით ყველამ, რომ ბევრი ადამიანი არ იცავს სოციალურ დისტანციას, მათ შორის, თქვენი კოლეგები და იმაზე უარესად იქცევიან, ვიდრე ტაძარში მისული ადამიანები. ჟურნალისტები იმის გამო, რომ ინტერვიუს აღების დროს არ იცავენ სოციალურ დისტანციას, ვფიქრობ, ინფექციის გავრცელების რისკს ქმნიან. ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია როგორც ეკლესიაში, ასევე მარკეტებში, ინტერვიუს აღების დროს და სხვა ადგილას. სოციალურ ქსელში კარანტინის დარღვევის ბევრი ფოტოა. ხედავთ თქვენც, რა ხდება ბათუმის ბულვარში, არ აქვთ იმის განცდა, რომ ეს დიდი უბედურება შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ეკლესია ცდილობს, აქვს დოგმები, რითაც ათასწლეულებია მოქმედებს. არავინაა დაცული თუნდაც ერთი კოვზით ზიარების დროს. ბევრი მოძღვარი ამაზე არ საუბრობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ – ინფიცირებისგან არავინაა დაცული ზიარების დროს. არავინ იცის, ვინაა ვირუსის მატარებელი, ამიტომ აუცილებელია დისტანციის დაცვა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, – გვითხრა დავით ბაციკაძემ.