საგანგებო ზომები მკაცრდება
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
ქვეყანაში საგანგებო ზომები ეტაპობრივად მკაცრდება. 17 აპრილის დღის 12 საათიდან იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. ბრიფინგზე მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემაც მიმართეს. როგორც სახელმწიფოს, ისე ეპიდემიოლოგების მთავარ მოწოდებად „დარჩი სახლში“ და სოციალური დისტანცირების დაცვა რჩება.
– გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ერთი კვირის მონაცემებით, 140-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, რაც სწრაფი ზრდის მაჩვენებელია. საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, 348 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გადაცემის ეტაპი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას ელოდებიან. მთავრობამ დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა კოვიდ 19-ის გავრცელება. მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით, ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ვხედავთ, მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. დღეს კი, თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ, არ არსებობს უფრო ეფექტური გზა და საშუალება, ვებრძოლოთ კოვიდ -19-ს, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა. ამიტომ, მთავრობა, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგიწოდებთ – დარჩეთ სახლში, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და იქვე დასძინა, რომ მთავრობამ დაწესებული ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.-17 აპრილის დილის 12 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე.
-ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. მუშაობას აგრძელებს აგრეთვე ე.წ. დილივერის სერვისები, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით – 144.
-ხვალიდან, ასევე სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიული პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტომანქანებით გადაადგილებასთან ერთად, 17 აპრილიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლაზეც. ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ თუ არ დავიცავთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდება, რაც გამოიწვევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესად გამკაცრებას, ეს კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.
-კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში. ყოველი დამატებითი შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, ინფიცირებულთათვის ჯანდაცვის სერვისების სრულყოფილად მიწოდებას და რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური დანაკარგით ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით, ჩვენი ეკონომიკის ხელახლა ამუშავებას. ამიტომ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი, დარჩით სახლში – ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანის შემდეგ მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიმართა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ყველა სტრუქტურამ ეფექტურად იმუშავა.
-ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, უკეთესად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელების სერიოზული პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა იმ ღონისძიებას, რასაც იძლევა საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა ან პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს და წლის ბოლომდე არც ელოდებიან. ბრძოლის ერთადერთ იარაღად რჩება სოციალური დისტანცირება.
-ამ წინასააღდგომო პერიოდში, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე დღეს გადავაბიჯე პატივმოყვარეობას. სამაგიეროდ არ გადამიბიჯებია პასუხისმგებლობისთვის – ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის წინაშე. მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში. წელს აღდგომა სხვა ფორმით ჩავატაროთ, ვიდრე საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა რამდენჯერმე მოუწოდა მოსახლეობას, დავიცვათ სოციალური დისტანცია და დავრჩეთ სახლში. ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში, რათა მდორე ტემპით წავიდეს ინფექციის მატება.
-ამას მოერევა ქვეყანა, ჩვენი ექიმები, სწრაფად დაიწყება ეკონომიკის რეაბილიტაცია და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ დიდ გამოწვევაზე გამარჯვებას. დიდი იმედი მაქვს ჩვენი ხალხის, რომ ცივი გონებით შეხვდება ჩემს მოწოდებას და არ გამაკრიტიკებს, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის მთავარი მოწოდებაც სახლში დარჩენა და სოციალური დისტანციის დაცვა იყო.
-ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში ხვდება ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ უკვე არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ გადამდები. ამდენად, აუცილებელი ხდება მოვერიდოთ ერთმანეთს – ეს არის სოციალური დისტანცირება. სამწუხაროდ, ამ დაავადებას სხვა გზით ვერ დავამარცხებთ. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველამ მთავრობის ახალი რეგულაციები, გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, – განაცხადა პაატა იმნაძემ, რომელმაც 15 აპრილს თქვა: -თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს!