პაატა აროშიძე: დღეს ეკონომიკა მედიცინის მძევალი გახდა
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30
ახალი კორონავირუსის გავრცელება, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, მძიმე ტვირთად დააწვა მთელი მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკას. სწორედ, მსოფლიო პანდემიის კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს ამ დღეებში ზუმის ონლაინპლატფორმის მეშვეობით, რისი ორგანიზატორიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. თემაზე – „კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეცესია, მისი შემაკავებელი ბარიერები და პოსტკორონავირუსული კრიზისის დაძლევა საქართველოში“ ქვეყნის ასამდე ეკონომისტმა ონლაინრეჟიმში ისაუბრა და ის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები განიხილა, რაც შეიძლება მიაყენოს პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას. დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს რეცესიის დაძლევის შესაძლებლობებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე აღნიშნულ პროცესში. ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკის დარგობრივი სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე, კერძოდ, მომსახურების სფეროს შეკვეცისა და მწარმოებლური დარგების განვითარების საჭიროებაზე. დისკუსიის მნიშვნელობასა და შედეგებზე კომენტარი ვებპანელის მოდერატორს, ბსუ-ის ასოცირებულ პროფესორს პაატა აროშიძეს ვთხოვეთ.
– კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, რომ მსოფლიოსთვის არნახულმა მდგომარეობამ, მთლიანად შეცვალა რეალობა. დღეს, ეკონომიკა მედიცინის მძევალი გახდა. ქართველი მედიკოსები თავს შესანიშნავად ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას, ჯერი ეკონომისტებზეა, რომლებმაც უნდა დასახონ გზები, რისი მეშვეობითაც იოლად მოხდება რეცესიასთან გამკლავება და იმ რეციდივების აღმოფხვრა, რაც პოსტვირუსული პერიოდის ეკონომიკისათვის იქნება დამახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სიტუაცია არ არის ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული, კრიზისი შექმნა პანდემიამ ვირუსისა, რომლის ვაქცინაც ჯერ არ არის შექმნილი. დანამდვილებით არავინ იცის, რა სახის პოსტკრიზისული პერიოდი იქნება. ჯერ კიდევ უცნობია, რა დანაკარგებით გავალთ ფონს, – აცხადებს პაატა აროშიძე. მისივე თქმით, დღეს არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიოა გამოწვევის წინაშე.
– სწრაფად უნდა მოხდეს არსებული ეკონომიკური სისტემის გადაწყობა და მორგება დღევანდელ რეალობაზე. კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. გარდა გამოწვევებისა, გაჩნდა ახალი შესაძლებლობებიც. ესაა სამკურნალო ტურიზმი, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელთა ბაზაც ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობა გახდება. დაიწყო მიტოვებული მიწების დამუშავება. შეზღუდული რესურსების პირობებში აუცილებელია ბიუჯეტის ნაწილი მიიმართოს ტრანსფერენტული გადასახადების გაზრდაზე. უნდა გაიზარდოს ჯანდაცვის მიმართულების ხარჯები, – გვითხრა პაატა აროშიძემ. მისი ვარაუდით, პანდემიით მიყენებული ზარალი ძალიან დიდი იქნება მთელი მსოფლიოსათვის და, მათ შორის, საქართველოსათვისაც, როგორც მსოფლიოს განუყოფელი ნაწილის.
– ამ ვითარების შესარბილებლად, მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს ტაქტიკურ ღონისძიებებს, რომელიც მოიცავს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით წარმოების განვითარებას და რომელიც ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას, რითაც შესაძლებელია საექსპორტო პოტენციალის გაზრდაც. სტრატეგიულ მიმართულებად უნდა დარჩეს სასურსათო უზრუნველყოფა, რომლის ბაზასაც სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს, – დასძინა პაატა აროშიძემ.

