აჭარაში ახალი კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
პაციენტი, რომელიც 8 აპრილიდან ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა, გარდაიცვალა. კლინიკის რეგიონული დირექტორის ლევან ანთაძის თქმით, პაციენტი ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა და მართვით სუნთქვაზე იყო. კორონავირუსთან ერთად მას სხვა დაავადებებიც აღენიშნებოდა. გარდაცვლილი ქალი 70 წლის იყო და იგი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
– ინფიცირებული ქალბატონი კლინიკა „მედალფაში“ 8 აპრილის შემდეგ იწვა. რეანიმაციაში ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა, 13 აპრილის შემდეგ კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. დღეს, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა. პაციენტს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა – შაქრიანი დიაბეტი და გულსისხლძარღვთა უკმარისობა. ასევე აღენიშნებოდა აბსესები და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი გადარჩენა. გარდაცლილი 70-ზე მეტი წლის ქალბატონია და ის ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ერთი ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება. რამდენიმე შედარებით მძიმე პაციენტია, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას. პაციენტების ნაწილს პნევმონია აღენიშნება, რამდენიმეს კი გასაწერად ვამზადებთ. დღეს სამი პაციენტი გაეწერა კლინიკიდან, – განაცხადა ლევან ანთაძემ.