ნუ უგულებელყოფთ ბავშვების კითხვებს, მოუსმინეთ და დააკვირდით მათ ემოციებს
ნანა აბულაძე: 577 20 35 90
ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ახალ გარემოს, ადრე თუ გვიან, მეტნაკლებად, ეგუება, თუმცა ისეთებიც არიან, გარკვეული უფლებების შეზღუდვა რომ უცვლით შეხედულებებს ცხოვრებაზე, პესიმისტურს ხდის მათ ფიქრებს, რამაც შეიძლება ფსიქოლოგიურ პრობლემებამდეც მიიყვანოს. დღეს, როცა კორონავირუსის გამო კარანტინში გვიწევს ყოფნა, ჩვენი აღქმები, ემოციები ბევრად უფრო ფაქიზია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნერვები ყოველდღიურ გამოცდას გადის, რომელსაც ხან ვუმკლავდებით, ხან-ვერ. ასეთ დროს განსაკუთრებით ყურადსაღებია ბავშვების ემოციები, შესაბამისად, მშობლებს და იმ ოჯახებს, რომლებსაც პატარები ჰყავთ, უფრო მეტი ძალისხმევა მართებთ, რომ მათი ემოციები აკონტროლონ. ამ დროს არაერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, უპირველესად ის, რომ ბავშვმა უნდა იგრძნოს თანადგომა. მათ უნდა მოვუსმინოთ, გავიგოთ, როგორ აღიქვამს მიმდინარე მოვლენებს, დავაკვირდეთ, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ის შეიძლება იყოს დაბნეული, გაურკვევლობაში, ვერ ხსნიდეს, რას ნიშნავს, საიდან მოვიდა და როდის წავა რაღაც ვირუსი, რომელმაც დროებით წაართვა თავისუფლება. როგორც ფსიქოლოგები გვეუბნებიან, ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, ზოგიერთმა შესაძლოა მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა – გარკვეული დროის შემდეგ, ზოგიც შესაძლოა ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ამიტომაც, უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ შეიცვალეს ქცევები, ემოციები. საინტერესოა, რას ფიქრობენ მშობლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს.
თეა ლორთქიფანიძე,მშობელი:
-რაც არსებული მდგომარეობის გამო სახლში დავრჩით, თითქმის ყოველდღიურად ვაკვირდები ჩემი ორი შვილის – დაჩისა და ელენეს ქცევებს. სიმართლე გითხრათ, რამე ძირეული ცვლილება არ შემინიშნავს, რა თქმა უნდა, მცირე ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით. თუმცა, იმის გამო, რომ ვეღარ დადიან სკოლაში, აღარ არიან დაკავებული სპორტით, ვერ სეირნობენ როცა სურთ მაშინ, ვერ ხარჯავენ ენერგიას, არაერთ კითხვას სვამენ. მაგალითად, აინტერესებთ როდის გაქრება კორონავირუსი ისე, რომ შეეძლოთ მეგობრებთან თავისუფლად თამაში, გართობა. მართალია, ზუსტი პასუხი არ გვაქვს მათ ამ კითხვაზე, მაგრამ ვცდილობთ, უპასუხოდ არ დავტოვოთ არცერთი კითხვა და პოზიტიური კუთხით დავანახოთ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა. ვეუბნებით, ადამიანები სახლში რომ დარჩნენ და ავტომანქანებით ვეღარ მოძრაობენ, გაიწმინდა ჰაერი, სამყაროში ბევრი დადებითი რამ მოხდა ეკოლოგიური თვალსაზრისით. ერთადერთი, რაზეც ცოტა მეტი მუშაობა მიწევს, კომპიუტერული თამაშებია. სახლში დარჩენილი ბავშვები ძირითადად ამით ერთობიან, თუმცა ვცდილობთ, განვუსაზღვროთ კომპიუტერით სარგებლობის დრო. მე და ჩემი მეუღლე შვილების ყოველდღიურ რეჟიმში ჩავერთეთ, ხშირად მათი სურვილებისამებრ ვუყურებთ ფილმებს, ვიგონებთ სხვადასხვა ტიპის თამაშებს. პატარებს განსაკუთრებით აინტერესებთ ის, რასაც ჩვენს ბავშვობაში ვთამაშობდით. ვცდილობთ, ავუხსნათ შვილებს, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემას დავძლევთ და მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
მეგი ხიმშიაშვილი, მშობელი:
-სამი შვილის – ანასტასიას, ალექსანდრეს და ნიკოლოზის დედა ვარ, მათ შორის, ორი სკოლის მოსწავლეა და ყოველდღიურად გვიწევს დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვა. მართალი გითხრათ, უჩვეულო მდგომარეობაში აღმოვჩნდით არა მარტო პატარები, არამედ ჩვენც, უფროსები. თუმცა დღევანდელი ბავშვები ნებისმიერ გამოწვევას ადვილად უღებენ ალღოს. ცოტათი რთული აღმოჩნდა შექმნილ ვითარებასთან შეგუება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვითმინოთ. ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია დავამარცხოთ უხილავ მტრად წოდებული ვირუსი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მჯერა, სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება, ისევ შევძლებთ სკოლაში და სამსახურებში სიარულს, ისევ ახმაურდება ქალაქები, ქუჩები, ისევ შევიგრძნობთ ცხოვრების მშვენიერებას და დავტკბებით ყოველდღიურობით.
ხათუნა ცეცხლაძე, მშობელი:
-ორი შვილის – ხატიას და დაჩის დედა ვარ. ისინი უკვე დიდები არიან, შესაბამისად, ადვილად ჩაერთნენ დისტანციური სწავლების პროცესში. ყველა დავალებას ზედმიწევნით ასრულებენ, რაც მშობლისთვის დიდი სიხარულია. ხატიას წიგნების კითხვა უყვარს და ახლა მეტი დრო აქვს ამისათვის. ერთადერთი, რაც აკლიათ და ენატრებათ, სკოლა, მეგობრები და მასწავლებლებია. თუმცა გააზრებული აქვთ რაც ხდება ქვეყანაში, ზოგადად, მსოფლიოში და სახლში დარჩენით უფრთხილდებიან მათი ასაკოვანი ბებიისა და ბაბუის ჯანმრთელობას. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თუ გვინდა, რომ ხვალ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს.
ჩვენ მიერ გამოკითხული მშობლების უმრავლესობის თქმით, მათ შვილების ხასიათში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუნიშნავთ. თავად უფროსებს კი გათვითცნობიერებული აქვთ, რომ პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ ძლიერად, რადგან მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გადადის შვილების განწყობაზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ცოტაც უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, თუ გვინდა რომ გავიმარჯვოთ გამოწვევაზე, რომელმაც „დააპაუზა“ სამყარო.