,,ნუ მისცემენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამ დასახლებაში თუნდაც ერთი ოჯახით მანიპულირების საშუალებას”
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30
კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები, განსაკუთრებით კი მეზობელ თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვა, მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურად კვეთდნენ საზღვარს და ამით გაჰქონდათ თავი. თითქმის ყველა ოჯახი სოციალურად დაუცველია „ოცნების ქალაქში“, სადაც ამჟამად, ქვეყანაში არსებული კრიზისის მიუხედავად, სოციალური კორპუსების მშენებლობა გრძელდება. ბუნებრივია, ხელისუფლება ეხმარება ყოფილი 53-ე და 25-ე ბატალიონების ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლებულებს და სასურსათო კალათებს აწვდის, მაგრამ ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად აპელირებენ იმას, რომ იქ მცხოვრებლები უყურადღებოდ ჰყავს მთავრობას მიტოვებული. რა პრობლემების წინაშე არიან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები და აქვთ თუ არა ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები, ამაზე ჩვენთან დასახლების ერთ-ერთმა ლიდერმა მარინა ბერიძემ ისაუბრა. როგორც მან გვითხრა, მოწოდებას – დარჩი სახლში – მაქსიმალურად ემორჩილებიან.
– როგორც კი აჭარაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, „ოცნების ქალაქი“, შეიძლება ითქვას, პირველი იყო, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ ეს ვერ გადაჭრიდა რიგ პრობლემას. აქ მცხოვრებთა უმრავლესობა თვითდასაქმებული იყო და ადამიანები თითქმის ყოველდღიურად გადადიოდნენ მეზობელ თურქეთში. საზღვრის ჩაკეტვა უარყოფითად აისახა ოჯახებზე და მძიმე ტვირთად დააწვა მათ. თუნდაც იმ 10 ლარით, რასაც გამოიმუშავებდნენ, ახერხებდნენ ოჯახების გამოკვებას, დღეს კი, იცით, ბევრი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მათ დაეხმაროს. კომუნალური გადასახადებისგან ქვეყნის მასშტაბით უამრავი ოჯახი გათავისუფლდა და, ბუნებრივია, ეს ბევრისთვის მართლაც დიდი შეღავათია. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები ხელისუფლებას თხოვნით მივმართავთ – განურჩევლად ყველას ელექტროენერგიის დავალიანება დაუფაროს. შეიძლება, ვიღაცამ 36 ლარის ელექტროენერგია მოიხმარა და ვიღაცამ ამ თანხაზე მეტის ან ნაკლების. ამიტომ, ნუ განასხვავებს ამ გაჭირვებულ ოჯახებს ერთმანეთისგან და ყველას დაეხმაროს მთავრობა, – გვითხრა მარინა ბერიძემ, რომელიც იმედს იტოვბს, რომ ამ თხოვნას გაითვალისწინებს ხელისუფლება. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მისი თქმით, ამ მხრივ „ოცნების ქალაქში“ პრობლემა არ არის.
– სოციალური სასადილოთი მოსარგებლე ოჯახებს ერთი თვის მარაგი უკვე გადასცეს. გარდა ამისა, ვისაც სოციალური ქულა შედარებით მაღალი აქვს, საკვები პროდუქტები დაურიგდათ. სასურსათო კალათების დარიგებისას გაუგებრობა მოხდა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დაურეკა და დახმარება სთხოვა, რაც არ იყო საჭირო. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს მიმართოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხსენებული პარტიის წარმომადგენელმა ბავშვი საჯაროდ ალაპარაკა, რაც მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ პიარი გაიკეთონ, – აცხადებს მარინა ბერიძე.
ჩვენ დავინტერესდით, მოუხსნეს თუ არა ოჯახებს სოციალური დახმარება ბოლო პერიოდში. მარინა ბერიძემ გვითხრა, რომ ოჯახები გადამოწმდა ახალი კორონავირუსის შემთხვევების დაწყებამდე. თუმცა შემდეგ, უმოკლეს ვადაში, შემწეობა აღუდგათ ოჯახებს და დაერიცხათ კიდეც თანხები.
როგორც მარინა ბერიძემ გვითხრა, დასახლებას „წითელი ჯვარი“ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძეც ეხმარება.
– მთავრობამ და „წითელმა ჯვარმა“ შემოიტანა სასურსათო პროდუქტები. სასურსათო კალათების გაცემაში მონაწილეობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე. თავდაპირველად პროდუქტი სასადილოთი მოსარგებლე 10 ოჯახს გადაეცა, რამაც დანარჩენი ოჯახები გაანაწყენა. დასახლებაში დაძაბულობა არავის გვსურს, ამიტომ 80 ოჯახისთვის გამზადებული პროდუქტი შენახული გვაქვს. 25 აპრილიდან კიდევ შემოიტანს ბატონი რამაზი პროდუქტს და ყველა ოჯახს გადავცემთ, – გვითხრა მარინა ბერიძემ. მისივე თქმით, ბავშვები ონლაინ სასწავლო პროცესში მონაწილეობას ვერ ახერხებენ, რადგან ინტერნეტპაკეტის შეძენის საშუალება არ აქვთ ოჯახებს.
– აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, წლების განმავლობაში დასახლებაში არსებული ჭაობი ეპიდემიის საფრთხეს წარმოადგენს. უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ ჩვენთან ერთად არაერთხელ ისაუბრა პრობლემის თაობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, პრობლემა პრობლემად რჩება. შესაძლოა, კორონავირუსზე უარესი ინფექციის წყაროდ იქცეს ადგილი, სადაც იქვე არსებული კორპუსებიდან ღიად მოედინება ფეკალური მასა, – ამბობს მარინა ბერიძე და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვს პრობლემის მოგვარებაში დახმარებას.
– რაც შეეხება „ოცნების ქალაქში“ ახლახან დაწყებულ მშენებლობას, უწყვეტად მიმდინარეობს. ხელისუფლებას კი თხოვნით მივმართავთ, ღონისძიებები, რითაც მთავრობა დაგვეხმარება, ყველა ოჯახს ერთნაირად შეეხოს. ნუ მისცემენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამ დასახლებაში თუნდაც ერთი ოჯახით მანიპულირების საშუალებას. ამასთან, მადლობას ვუხდით საპატრულო პოლიციას, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებს და ჩვენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. პანდემიის გამოცხადებისთანავე ქურდობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, დღე და ღამე პოლიცია აკონტროლებს სამივე დასახლებას. ქურდობის მცდელობა კი არადა, სამი ადამიანიც არ იკრიბება ერთად, პოლიციის რიდიც აქვთ. ჯარისკაცებიც მობილიზებულები არიან, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვიცავთ წესებს და რეკომენდაციებს. ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, ძალ- ღონეს არ იშურებს მოსახლეობის დასაცავად. იმედი გვაქვს, კორონავირუსთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ და გადავრჩებით. დავუდგეთ ხელისუფლებას გვერდით და დავრჩეთ სახლში!, – გვითხრა მარინა ბერიძემ.