აღდგომა – სხალთის ეპარქიაში
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14
2007 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს სხალთის ეპარქიის ყველა ტაძარსა და სამლოცველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მრავალრიცხოვანი მრევლი ღვთის მსახურებთან ერთად ლოცვით ზეიმობს. დაბებსა და სოფლებში ტაძრები და სამლოცველოები შენდებოდა და დღესაც შენდება. ყოველწლიურად მატულობს მართლმადიდებელი მრევლი.
უჩვეულო ვითარებაში შეხვდნენ წლევანდელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეპარქიის მართლმადიდებლები. თუ წინა წლებში ტაძრები მრევლს ვერ იტევდა, ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის გამო, სხალთის მამათა მონასტერში, ქედის, ზვარეს, ზესოფლის, ხიჭაურის, დაბა ხულოს, გამონათლევის ტაძრებში, დაბა შუახევისა და ხიჭაურის სამლოცველოებში მრევლის უჩვეულო სიმცირე აშკარა იყო.
– სხალთის მამათა მონასტერში ფურტიოდან 10-მდე მომლოცველი მივედით, სააღდგომო ღვთისმსახურება ღამის 11 საათზე დაიწყო და გამთენიისას დასრულდა. ტაძარში დისტანციის დაცვით 25-მდე მომლოცველი ვიყავით, – გვითხრა ფურტიოელმა ზვიად ბერიძემ.
ორმოცამდე მომლოცველი დისტანცირებულად ლოცულობდა ხიჭაურის ეკლესიაში. აქ სააღდგომო ღვთისმსახურებას სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენდა. ღვთისმსახურება დილის 6 საათამდე გაგრძელდა.
სოფელ წაბლანიდან ხიჭაურამდე 20 კილომეტრზე მეტი ქვეითად გამოვიარე, რათა ტაძარში სააღდგომო წირვას დავსწრებოდი. მადლობა უფალს, რომ ჩვენს ეპარქიაში ჯერჯერობით კორონავირუსით დაავადებული არ გვყავს, – გვითხრა სტიქაროსანმა შალვა ველიაძემ.