აჭარაში კორონავირუსი 65 წლის ქალს დაუდასტურდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ინფიცირებულია 65 წლის ქობულეთელი ქალი, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. გუშინ მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა, ჩაუტარდა ტესტირება და დადებითი პასუხის შემდეგ ქალი „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკაში ჯამში 35 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ეს არის 70 წლის კაცი, რომელიც 2 კვირაზე მეტია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კორონავირუსი ქობულეთის კლასტერიდან სულ 34 პირს დაუდასტურდა, კონტაქტების რიცხვი კი 465-ს აღწევს. ნინო ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
– დაგვემატა ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ქობულეთის კლასტერთან. ინფიცირებული უკვე 10 დღის განმავლობაში ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ ახლო კონტაქტებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ. ქალბატონი არის საშუალოზე მსუბუქი გამოხატულებით. მისი ოჯახის წევრები არ არიან ინფიცირებული. ერთ–ერთ ოჯახის წევრს, რომელიც ყველაზე მეტ შემხებლობაში იყო პირველად, ინდექსპაციენტთან, ორჯერ აქვს ლაბორატორიული ანალიზი ჩატარებული, ორჯერვე ტესტზე პასუხი იყო უარყოფითი. ამ ეტაპზე აღნიშნული ოჯახიდან გვყავს მხოლოდ ეს ერთი დადასტურებული შემთხვევა. მათთან ახლო კონტაქტში მყოფნი საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია, ახლო კონტაქსისას გამოიყენონ პირბადე, მაქსიმალურად თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მაღაზიებსა და აფთიაქებში ხანგრძლივად არ დაყოვნდნენ. ასევე, აუცილებლად უნდა დავიცვათ მოცდის რეჟიმი და პირადი ჰიგიენის წესები, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ უკვე დატოვეს კლინიკა და ორი კვირა თვითიზოლაციაში იქნებიან. ბათუმში კორონავირუსი ჯამში 13 პირმა დაამარცხა, ერთი კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

