აჭარაში 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსზე ჩატარებული 16 ტესტის პასუხი უარყოფითია. მისი თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან კოვიდ-19 არცერთს არ დაუდასტურდა.
– დღეს ველოდებოდით 16 პირის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულ შედეგს, რომლებიც იყვნენ ცხელების სხვადასხვა კლინიკიდან. ყველა პასუხი უარყოფითია. დადებითი შემთხვევა დღეს, ჯერჯერობით, არ დაგვმატებია. ხვალ 50-მდე პირის ანალიზების პასუხებს ველოდებით, რომლებიც ქობულეთის კლასტერს და საკარანტინე ზონას მიეკუთვნებიან. დღეს ქობულეთში 2300-მდე პირი გამოვიკვლიეთ, რომელთაგან ოთხი შემთხვევა საყურადღებოა. მოქალაქეები მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით სულ 470 კონტაქტია გამოვლენილი, 34-ს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 402-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი. გარდაცვლილია 4 მოქალაქე.