ჩეხეთის მასმედიის სწორმა, გააზრებულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69
„ყველა ინდმეწარმე 25000 კრონს (1000 ევრო) მიიღებს, ხოლო იმ კომპანიების თანამშრომლებს, დაწესებული შეზღუდვების გამო რომ დაიხურა, სახელმწიფო ხელფასების 80 პროცენტს აუნაზღაურებს და ეს მთელი მოსახლეობის 98 პროცენტს ეხება”.
დღეს მთელი მსოფლიო კორონავირუსის დაძლევის აუცილებლობამ გააერთიანა. ბუნებრივია, საინტერესოა, რა ვითარებაა სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, როგორი სურათია ამ მხრივ ჩეხეთში? ამას თამარ მელიქიშვილის ნაამბობიდან გავიგებთ. ქალბატონი თამარი ბათუმელია, პროფესიით – დიპლომატი. იგი სამი წელია ხელმძღვანელობს ქართული კომპანია „აპტოსის” ჩეხეთის ოფისს, რომელიც ესთეტიკური მედიცინის სფეროს ემსახურება. იგი ქართული სათვისტომო „ივერიას” დამფუძნებელიცაა. ეს ახალგაზრდა მანდილოსანი გამორჩეულია თავისი საქმიანობით. ამ მძიმე დღეებშიც პოზიტიურად მუხტავს და იმედებს უღვიძებს თავის თანამოსაქმეებს, ასევე, ჩვენც.
– ჩეხეთში 26 მარტიდან 30 აპრილამდე გამოცხადდა კარანტინი და საგანგებო ვითარება. შეიძლება ითქვას, აქ პანდემია დრამატულად არ მიმდინარეობს – 10-მილიონიან ქვეყანაში 6 ათასამდე ინფიცირებული, 100-მდე გარდაცვლილი და 2000 – მდე გამოჯანმრთელებულია დაფიქსირებული. მაგრამ განცდები მძაფრდება, როცა ხედავ, რომ ულამაზესი პრაღა, ევროპის ცენტრი და ტურიზმის ქალაქი, ახლა ცარიელია. უჩვეულო სანახავია მისი დაცარიელებული ქუჩები. მოქალაქეები დადგენილ წესებს ემორჩილებიან, პირველივე დღეებიდან აქ ყველა პირბადით დადის, თუმცა მკაცრი კარანტინი არაა დაწესებული. ამჟამად, გაიხსნა პატარა სივრცის მაღაზიები, ავტოსალონები, ბაზრობები. უნივერსიტეტების ბოლო კურსის სტუდენტებს შეუძლიათ იარონ კონსულტაციებსა და გამოცდებზე. ეს ყველაფერი იმის წყალობით, რომ ჩეხეთმა ევროპაში ყველაზე ადრე მიიღო მკაცრი ზომები, ჩაკეტა საზღვრები, დააწესა გარკვეული აკრძალვები. ამან ხელი შეუწყო ვირუსთან შედეგიან ბრძოლას, ხელი შეუშალა მის გავრცელებას. ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანობა განაპირობა მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვამაც. პირველივე კვირაში ყველა სატელევიზიო არხით წამოვიდა შეთავაზებები სამედიცინო დახმარების კუთხით : უფასო კონსულტაციები და სეანსები თერაპიაში. ხანდაზმულთათვის სპეციალური არხიც კი შეიქმნა. ქვეყანაში მოქმედებს უამრავი ცხელი ხაზი, სადაც პრობლემების შესახებ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივმართოთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაპყრო ჩეხეთის მასმედიის სწორ, გააზრებულ საქმიანობას, მათ პოზიტიური როლი შეასრულეს, პანიკა კი არ დათესეს, არამედ მოსახლეობას მშვიდად, სათანადოდ მოგვაწოდეს და ახლაც გვაწვდიან საჭირო რეკომენდაციებსა და ცნობებს. ეს ყოველივე ადამიანებს ნდობით განაწყობს. ძალიან მაფიქრებს ავიამომსახურების სფერო და სასტუმრო ბიზნესი. მრავალი ადამიანი დარჩა უმუშევარი, იხურება სასტუმროები და რესტორნები. ერთ დღეს რომ დავინახე, როგორ გამოჰქონდათ ავეჯი ოფისებიდან, შევწუხდი, თუმცა გამახსენდა, რომ ყველა ინდმეწარმე 25000 კრონს (1000 ევრო) მიიღებს, ხოლო იმ კომპანიების თანამშრომლებს, დაწესებული შეზღუდვების გამო რომ დაიხურა, სახელმწიფო აუნაზღაურებს ხელფასების 80 პროცენტს და ეს მთელი მოსახლეობის 98 პროცენტს ეხება. ეს ყველაფერი რომ გავაცნობიერე, ოპტიმისტურ ტალღაზე გადავეწყვე. ერთიც ცხადია, ცხოვრება კორონავირუსის პანდემიამდე და მის შემდეგ ერთნაირი ვერ იქნება. უკვე იგრძნობა მენტალური ცვლილებაც, უდიდესი სიფრთხილე. ცხადია, ახალი, „პოსტკორონული“ ეპოქა ბევრ რამეს ახლებურად გადააწყობს. ადამიანებს დრო გვქონდა და გვაქვს, დავფიქრდეთ, რაოდენ ფუფუნებაში გვიცხოვრია და რომ მატერიალური ფასეულობები წარმავალია. ციფრული ეპოქა ახალ წესრიგს, გადაწყობას მოითხოვს. რობოტიზაციის მეშინია, თუმცა მგონია, რომ ამ ვირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ ყველა ეს მღელვარება გაქრება. . . და მაინც, რა არის ან ვინ არის ეს კორონავირუსი? მე მგონია, ერთი ხელოვნური ფინანსური მონსტრია, რომელმაც ასე შეგვაზანზარა, მაგრამ პლანეტა, მისი ბინადარნი ამ განსაცდელსაც ისე ღირსეულად გაუმკვლავდებიან, როგორც მოაზროვნე, დიდ გონს შეჰფერის. ვიფიქროთ პოზიტიურად და ვიმოქმედოთ, ასე გადავრჩებით, – გვითხრა ქალბატონმა თამარმა.