ბათუმში ოთხი ბინა დაიწვა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, წუხელ, გვიან ღამით, იმედაიშვილის ქუჩაზე ბარაკის ტიპის სახლში 4 ბინა დაიწვა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილზე 10 მდე სახანძრო-სამშველო ჯგუფი მუშაობდა. ბინების დატოვება იქ მცხოვრებლებმა დროულად მოასწრეს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა, ცხრა და ორწევრიანი ოჯახები კი უწყებამ დროებით ერთ-ერთ სასტუმროში დააბინავა, ხოლო ერთი, საკუთარი სურვილით, ძმის ოჯახს აფარებს თავს.
,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, ტარდება ექსპერტიზა. კომისიას გადაეგზავნება მოკვლეული ინფორმაცია და ისინი ოჯახების დახმარების საკითხს ამის შემდეგ განიხილავენ. კომისია ოჯახების მფლობელობაში არსებული ფართების, მათთვის მიყენებული ზარალის მიხედვით იმსჯელებს. ვიდრე მუნიციპალიტეტი აღნიშნული ოჯახების დახმარების საკითხს არ გადაჭრის, ისინი სასტუმროში დარჩებიან და მათ ხარჯებს ბათუმის მერია დაფარავს”, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან საუბარში მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯუმბერ კობალაძემ.
ჯუმბერ კობალაძის განმარტებითვე, იმ ნივთების ნაწილი, რაც ხანძარს გადაურჩა, გამოიტანეს და დასაწყობებულია, ნაწილს კი დღეს გადაიტანენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა უკვე დაწყებულია.