ლევან ანთაძე: შევძლებთ და ყველაფერს გავუმკლავდებით – მედპერსონალის შრომის და მოქალაქეების მაღალი თვითშეგნების ხარჯზე
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
„არ ვფიქრობ, რომ სუნთქვის აპარატზე რეგიონში პრობლემა შეგვექმნება. აჭარის მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დავითვალეთ ყველაზე ცუდი ვარიანტი და 46 აპარატი დაგვჭირდება, ანუ გათვლა ყველაზე ცუდი სცენარიდან გამომდინარე კეთდება. ყველაფრისთვის მზად ვართ, ყველაფერს გავუძლებთ“
ბათუმის „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს, სულ 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს და კიდევ რემდენიმეს სრულად გამოჯანმრთელებას ამ დღეებში ელოდებიან. ერთი პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ისევ მართვით სუნთქვაზეა. რამდენიმე საშუალო სირთულისაა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დანარჩენების უმეტესობას პნევმონია აქვს.
როგორც ვიცით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება რესპუბლიკურმა საავადმყოფომაც დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპზე, ცხელების კლინიკის ფუნქცია აქვს. ჯერჯერობით ყველა ინფიცირებულ პაციენტს „მედალფას“ კლინიკაში მკურნალობენ.
– საერთოდ არ მჩვევია ასეთი განცხადებები, მაგრამ მადლობა ამ კლინიკის მედპერსონალს. ჩვენ ვაკონტროლებთ კოვიდ-19-ის გავრცელებისას კლინიკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბათუმის კლინიკა „მედალფა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო. ძნელია, ასე ცალსახად თქვა, მაგრამ გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაა საქართველოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ყველა პაციენტს გამოკვლევა უტარდება უმოკლეს დროში, დანიშნული აქვთ ოპტიმალური თერაპია. როგორც წესი, კლინიკას მუდმივი კონტაქტი აქვს ჩვენთან და ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. კიდევ, რითაც ეს კლინიკა გამოირჩევა, ინოვაციური მიდგომაა. აქაური ექიმები და მენეჯმენტი იყენებენ ყველა სიახლეს, რაც კი არსებობს მსოფლიოში და ნებადართულია ოფიციალურად, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძემ ბათუმში სტუმრობისას.
ჰოსპიტალური ქსელი „მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ კლინიკა პაციენტების მართვისას იყენებს ინოვაციურ მეთოდებს.
– შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმებთან ერთად, პაციენტების მდგომარეობის განხილვასა და მართვაში ჩვენი ექიმებიც მონაწილეობენ. ერთად განვიხილავთ მიდგომებს. ამასთან, შესაძლებელია ჩვენი კლინიკაც ჩაერთოს ამერიკულ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ანტივირუსულ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებას, რომელიც თავის დროზე შექმნილი იყო სხვა ტიპის კორონავირუსებთან საბრძოლველად, – გვითხრა ლევან ანთაძემ.
– ბატონო ლევან, სამწუხაროდ, კორონავირუსით აჭარაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
– პაციენტს კორონავირუსთან ერთად ჰქონდა მრავალი დაავადება. 8 აპრილს შემოვიდა კლინიკაში, 13 აპრილიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადავიყვანეთ და სამწუხაროდ, 18 აპრილს, გარდაიცვალა. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე, დანარჩენები მკურნალობის კურსს აპარატის გარეშე გადიან. ამ დღეებში კიდევ ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას.
– რა მოლოდინი გაქვთ უახლოეს დღეებში?
– აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა ნორმალურად ჩაიარა, რაც იმედს მაძლევს, რომ შევძლებთ პაციენტები გავატაროთ და არ შეგვექმნას პრობლემები.
-არსებობს თუ არა შანსი, რომ რეგიონში, თუკი ინფიცირებულთა მატება იქნება, ვერ გაუმკლავდეთ ვირუსს?
– შევძლებთ და ყველაფერს გავუმკლავდებით – მედპერსონალის შრომის და მოქალაქეების მაღალი თვითშეგნების ხარჯზე. დარწმუნებული ვარ, ადამიანები დაიცავენ სიციალურ დისტანციას და ზედმეტად არ იმოძრავებენ ქუჩაში, არ ექნებათ ერთმანეთთან კონტაქტი, გამოიყენებენ თავის დაცვის საშუალებებს და ყველაფერი კარგად იქნება.
-არც სასუნთქი აპარატების პრობლემა შეგვაწუხებს?
– 49 პაციენტი გვყავს გატარებული. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდა მხოლოდ 2 პაციენტს. კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი გვაქვს, ორიც რეზევრში, რომ დაგვჭირდეს, საანესთეზიო აპარატს გამოვიყენებთ, რომელიც პრინციპში იგივე ფილტვის ხელოვნური ვინტილაციის ფუნქციას ასრულებს. რაც შეეხება რეგიონს, დაახლოებით 200-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატია. რეალურად, როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე, დაგვჭირდა მხოლოდ 2, რაც კარგის ნიშანია. არ ვფიქრობ, რომ სუნთქვის აპარატზე რეგიონში პრობლემა შეგვექმნება. აჭარის მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დავითვალეთ ყველაზე ცუდი ვარიანტი და 46 აპარატი დაგვჭირდება, ანუ გათვლა ყველაზე ცუდი სცენარიდან გამომდინარე კეთდება. ყველაფრისთვის მზად ვართ, ყველაფერს გავუძლებთ.
– სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გვყავს ინფიცირებული მედპერსონალი. რა არის ამის მიზეზი? ხომ არ არის ეკიპირების პრობლემა?
– ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე კლინიკას აკლდა და არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა. 100-პროცენტიანი დაცვა არ არსებობს, როცა საქმე სამედიცინო პერსონალს ეხება. პაციენტებთან აქტიურ კომუნიკაციაში ყოფნისას, დაინფიცირება მოსალოდნელიცაა. მსოფლიოში 50 ათასი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. აჭარის ჯანდაცვის სისტემა, მედპერსონალი მზადაა ებრძოლოს ვირუსს, რისკების მიუხედავად. რაც შეეხება ეკიპირებას, როგორც რეგიონის მთავრობამ, ისე ჩვენმა სათაო ოფისმა, პოლონელმა მეგობრებმაც მოგვაწოდეს აღჭურვილობა. არ შემიძლია არ გითხრათ, ბევრი ადამიანი გვერდით გვიდგას, რითაც შეუძლია. სააღდგომო პასკებით დაწყებული, დამთავრებული სატელეფონო ზარებით. ჩვენთვის ელემენტარული ყურადღებაც კი მნიშვნელოვანია.
– რა რეჟიმით მუშაობს მედპერსონალი?
-3 ცვლა გვაქვს, 12-საათიანი გრაფიკით მუშაობს მედპერსონალი, შემდეგ კი 24 საათი ისვენებენ და ბრუნდებიან კლინიკაში. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში არ წავსულვართ სახლებში. ეს აუცილებელიც კი არის, რომ დაინფიცირების შემთხვევაში არ ვიყოთ ვირუსის გამავრცელებლები. თვითიზოლაციაში ვართ.
– ტესტირებაც უტარდება ალბათ, მედპერსონალს…
– პსრ ტესტები უტარდებათ პერიოდულად, პროტოკოლის მიხედვით.
– ითქვა, რომ „ქობულეთის კლასტერში“ აღმოჩნდა რამდენიმე პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი.
– როგორც ეპიდემიოლოგებისგან მოვისმინე, იყო ასეთი შემთხვევებიც, მე პირადად, არ მინახავს ის ადამიანები. ალბათ, სანამ საზღვარი ჩაიკეტებოდა, შემოიტანეს ვირუსი, ზუსტად ვერ გეტყვით, ასე ფიქრობენ ეპიდემიოლოგები, თუმცა კვლევა ჯერ არ დასრულებულა.
– ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გადატანილი აქვს ახალი კორონავირუსი. ამას მითი შეიძლება ვუწოდოთ, თუ რეალობა?
– გამიჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემა. უნდა გამოვიკვლიოთ ეს ადამიანები და სისხლში თუ აღმოჩნდება ანტისხეულები, გამოდის გადატანილი აქვთ ვირუსი. ისე, თუ ასეთი შემთხვევა იყო ქობულეთში, ფაქტია, იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ეს დაავადება გადატანილი აქვთ. დაავადება 80 პროცენტში, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს – მსუბუქი ან ძალიან მსუბუქი ფორმით. გადატანილი ჰქონდეს ადამიანებს ვირუსი, ამის შესაძლებლობა არსებობს. ზოგადად, ასიმპტომური შემთხვევებია რისკის შემცველი და თუ გადატანილი აქვს ადამიანს, ისინი გამავრცელებლები არ არიან.
– და არც ხელახლა ინფიცირების შანსია?
– მსოფლიოში ამის ერთეული შემთხვევებია აღწერილი და, ფაქტობრივად, ხელახლა ინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია.
– ამ დღეებში ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები და დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა კანონით ისჯება. რამ გამოიწვია პირბადეების ტარების აუცილებლობა უკანასკნელ პერიოდში? რატომ არ დადგა ეს საკითხი ცოტა ადრე დღის წესრიგში? პირბადეების დეფიციტის გამო ხომ არ იკავებდნენ თავს ხელისუფლება და სპეციალისტები მსგავსი განცხადებისგან?
– დაავადება ჰაერით არ გადადის, გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როცა ურთიერთობა აქვს სხვასთან. ქუჩაში მოძრაობისას ვერ დაინფიცირდები. ვირუსთან ბრძოლის მთავარი პრინციპია, ადამიანებთან ურთიერთობის დროს დავიცვათ 2 მეტრის დისტანცია და გვეკეთოს პირბადე – ეს არის ოქროს სტანდარტი. დაბოლოს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად, უხილავი მტერი გვებრძვის. ჩავთვალოთ, არის ომი და ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ბრძოლაში. მოქალაქეები უნდა შეეცადონ იზოლაციაში ყოფნას და ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა ადამიანებთან, დაიცვან წესები. მედიკოსები უნდა იყვნენ მობილიზებულები, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც სიტუაცია მოითხოვს, შევძლოთ ერთად ვებრძოლოთ ვირუსს. დავიცვათ მთავრობის, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. თუ ყველა ერთად დავდგებით, მალე დავამარცხებთ და მოვიშორებთ ამ საშინელ ჭირს, რაც მთელ მსოფლიოს სჭირს და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანასაც.