საკარანტინე სივრცეში საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26
,,რესტორანი «ახალი გემი» ყოველთვის დიდი ყურადღებით ასრულებს ყველა მოთხოვნას. ველოდებით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც დაადასტურებს ჩვენს უდანაშაულობას, რის შემდეგაც ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ სამართლებრივ გზებს”
ბათუმში, ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში, საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქისრდა. როგორც გაირკვა, სასტუმრო «სპუტნიკს» მზა პროდუქტით რესტორანი «ახალი გემი» ამარაგებდა. წინასწარი ინფორმაციით, პროდუქტით 50-მდე პირი მოიწამლა. მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთული იყო. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამჟამად ყველა პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ფაქტზე კი მიმდინარეობს მოკვლევა. როგორც რესტორნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინტოქსიკაცია მათ მიერ მიწოდებულ საკვებს არ უკავშირდება. მათივე განცხადებით, ისინი ლაბორატორიულ დასკვნას ელოდებიან, რომლის შემდეგაც სამართლებრივ გზას მიმართავენ.
,,ჩვენ დაახლოებით 40 დღეა ვემსახურებით საკარანტინოდ გამოყოფილ 5 სასტუმროს. აღნიშნული შემთხვევის დღეს, აღნიშნულ სასტუმროს 178 პერსონაზე გაანგარიშებული საჭმელი მივაწოდეთ. მეორე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 3 პირი მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ჩვენს ობიექტზე კონტროლი განახორციელეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენი ობიექტი სისუფთავის, ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის და წარმოების მხრივ სრულად აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს. აღებულია ჩვენ მიერ გამოყენებული ქათმის და ხორცპროდუქტების ნიმუშები. ნიმუშებთან ერთად, პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაციაც წარვადგინეთ. რესტორანი «ახალი გემი» ყოველთვის დიდი ყურადღებით ასრულებს ყველა მოთხოვნას. ველოდებით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც დაადასტურებს ჩვენს უდანაშაულობას, რის შემდეგაც ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ სამართლებრივ გზებს,» – წერია რესტორან «ახალი გემის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს დირექტორი აწერს.
სასტუმროში კი, სადაც 14 მარტის შემდეგ საკარანტინო ზონაა მოწყობილი, აცხადებენ, რომ ისინი არ უზრუნველყოფენ აქ განთავსებულ სტუმრებს საკვებით. და საკვებით მომარაგებას ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
– 17 აპრილს სასტუმროში დაფიქსირდა მასობრივი კვებითი ინტოქსიკააცის ფაქტი, რასაც სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა: დაუყოვნებლივ ეცნობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ეპიდემიოლოგებს და მორიგე ექიმებს. აღნიშნული ფაქტი, ასევე, ეცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სასტუმრომ კი შეწყვიტა კონტრაქტი კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფდა კვებას. ფაქტიდან მეორე დღესვე საკვებით მომარაგებას ახალი კომპანია უზრუნველყოფს. ამ დროისთვის ყველა სტუმარი თავს კარგად გრძნობს, – აღნიშნავს სასტუმრო «სპუტნიკის» მარკეტინგის მენეჯერი ნანუკა გორგილაძე.