ცხელების ცენტრებისა და კოვიდინფიცირებულთა მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე მუდმივად კონტროლდება
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მინისტრებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გამართა ვიდეოკონფერენცია, რომელზეც განიხილა რეგიონში არსებული ვითარება, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულების საკითხები.
თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დაავალა, რომ უზრუნველყონ ცხელი ხაზის გამართულად მუშაობა და უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვების მკაცრი გაკონტროლება. მუნიციპალიტეტის მერებმა წარმოადგინეს ცხელ ხაზზე მოქალაქეთა მიმართვიანობის სტატისტიკა.
თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად და ეფექტურად შესრულების მნიშვნელობას. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მიეცათ დავალება, რომ ხელი შეუწყონ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოებში, მიწის ნაკვეთების დამუშავებაში.
ონლაინკონფერენციის ფარგლებში, განიხილეს რეგიონში მარაგების მხრივ არსებული ვითარება. საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სრულდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად.
შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრისგან მოისმინეს ანგარიში რეგიონში მიმდინარე თერმოსკრინინგის, სამედიცინო ინვენტარის მარაგების, მედიკოსთა და კლინიკების მზაობის კუთხით. მუდმივ რეჟიმში კონტროლდება ე.წ ცხელების ცენტრებისა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან მათი შესაბამისობა.