საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით იმოქმედებს
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30
„თითოეული მოქალაქე ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. . . გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს კიდევ ერთხელ”
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გაახმოვანა. მან თავდაპირველად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებსა და მოქალაქეების შეღავათებზე ისაუბრა.
– საქართველოს მთავრობის ბრძოლა ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ აღიარეს წარმატებულად, რომ პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე, ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური და მიზანმიმართული ქმედებები, რასაც უნდა შეეფერხებინა კოვიდ-19-ის გავრცელება. ეს პროცესი იყო თანმიმდევრული, გეგმის შესაბამისი და თითოეული გადაწყვეტილება ეყრდნობოდა პროფესიონალების, ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისათვის 408 დადასტურებული ფაქტია ქვეყანაში და არა – გაცილებით მეტი. სამწუხაროდ, ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო რთულდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები იწყება. ქვეყანა სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზეა. ამასთან, დღეს უკვე, სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომი ორი-სამი კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. შესაბამისად, დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყანას ვირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას, ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა. ეს დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოხსნას გულისხმობს. ეს ფაზაც უნდა იყოს სწორედ ეტაპობრივად დაგეგმილი და აუცილებელად ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა შეკავების პროცესი, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება, შეამსუბუქოს შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებენ და შემდეგში იმოქმედებენ.
– უკვე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვისა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, ორი-სამი კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხევაში, შევძლებთ აქტიურად დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება, ეკონომიკური აქტიურობის, ეკონომიკური ცხოვრების ხელშეწყობა. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის ბრძანების გამოცხადებისთანავე, გადაწყვეტილება ძალაში შევა, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდში თანხმობა არსებობს, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, მომზადებული იყოს თითოეული მოქალაქის ხარისხიანად მკურნალობისთვის .
– ჩვენი ამოცანაა ერთდროულად ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე, რათა ორივე მიმართულებით ეფექტიანად ვიმუაშაოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ამ გლობალური გამოწვევისგან მიადგა ან მიადგება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის გარდა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ… და გამოჩნდა იმ უპრეცედენტოდ დიდი შრომის შედეგი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაწია – შეძლო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტის მობილიზება საერთაშორისო დინორებისა და საფინანსო ინსტიტუტებისგან, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საგანგებო ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა თქვა, რომ 24 აპრილს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის ორეტაპიან პროექტს წარმოადგენს – მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, წარმოდგენილი იქნება შეზღუდვების შემსუბუქების თანმიმდევრული გეგმა და ეკონომიკის გახსნის გეგმა.
-ამის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე. რაც უფრო ზედმიწევნით შესრულდება ყველა დაწესებული შეზღუდვა, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. გვესმის, რთულია შეზღუდვების პირობებში ცხოვრება, მაგრამ ამ პერიოდში რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული რეკომენდაციები, მით უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ასევე სხვებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა და კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, საკვების და სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტებს, იმ პირებს, რომელთა საქმიანობა დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
ბრიფინგზე ქვეყნის მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც მიმართა, რომლის თქმითაც, ყველა ღონისძიება მიმართულია მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის დასაცავად.
– თუ ყველა რეკომენდაციას და დადგენილ შეზღუდვებს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, საქართველო გამოვა ამ პანდემიიდან ძალიან ნაკლები დაზიანებით, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, -კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება, მესმის, რთულია მანქანების მოძრაობის აკრძალვის კიდევ ერთი კვირით გაგრძელება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა, ამ დაავადებასთან ბრძოლის სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას არ აქვს და ვინც შედეგს მიაღწია, მიაღწია სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ისიც, რომ კორონავირუსის ვაქცინა და პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი ჯერ არ არსებობს.
– იცით, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მაგრამ ვაქცინა არ იქნება კიდევ ერთი წელი მაინც. ჯერჯერობით პირდაპირი დანიშნულების ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსს უშუალოდ კლავს, არ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, შემოდგომაზე ის იქნება უკვე საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით კორონავირუსული ინფექციის ტალღებს. მოგეხსენებათ, დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და ამის იმედი ყველას აქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც დღეს გაჟღერდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში და გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს კიდევ ერთხელ, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.
– ერთი თვის წინ მოგმართეთ და გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც დაწესდა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეული შეზღუდვები. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი. თუმცა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ. ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ ორ-სამ კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა, მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის. რეალურად ამ ახალი ეტაპის დაძლევით ჩვენ შევქმენით წარმატებული და ეტაპობრივი გახსნის წინაპირობა. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის და იმ თვითშეგნებისთვის, რაც ამ მძიმე პერიოდში გამოიჩინეთ. ჩვენი ერთობლივი ვალდებულებაა, ბოლომდე გავუძლოთ ამ განსაცდელს და კანონი სრულყოფილად დავიცვათ. კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ამ კრიზისის დასაწყისში გადაწყვეტილი იყო, რომ არ დაგვიანებულიყო საჭირო ზომების მიღება, დღეს კი მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები. მჯერა, რომ გონივრული, თანმიმდევრული ნაბიჯებით და ჩვენი ერთიანობით ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.