აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარას კოვიდ-19-ის 2 ახალი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაემატა. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან სოფელ გვარაში მცხოვრებლებს შიდაიზოლაციის პერიოდი დაუმთავრდათ. ისინი დღეიდან გამკაცრებულ საკარანტინე პირობებში აღარ იქნებიან. მისივე თქმით, შიდა იზოლაციის პერიოდი ქობულეთის სხვა სოფლებში მცხოვრებლებსაც ეწურებათ. ,,მედალფას“ ბათუმის კლინიკაში კოვიდ-19-ზე 37 პაციენტი მკურნალობს. დღეს, საღამოს ამ კლინიკიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
–აჭარაში ორი ახალი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. აქედან ერთი ინფიცირებული გუშინ სარფის საბაჟოდან პირდაპირ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, მეორე კი ერთი კვირაა საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მას სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია. გუშინ კვლევა 102 პირს ჩაუტარდა და აქედან, როგორც ვთქვით, კოვიდ-19 ორს დაუდასტურდა. ქობულეთის კლასტერიდან ახალი შემთხვევა მესამე დღეა, არ დაფიქსირებულა. სოფელ გვარაში მცხოვრებლებს შიდა იზოლაციის პერიოდი დაუსრულდათ. მათ ტესტირება ჩაუტარდათ და თვითიზოლაციიდან გამოვიდნენ. მალე დაასრულებენ თვითიზოლაციას დანარჩენებიც. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით, საერთო ჯამში, კორონავირუსზე 2100-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ ვაგრძელებთ. დიაგნოსტიკა საკარანტინე სივრცეში მყოფ ყველა პერსონალს ჩუტარდება. ამჟამად ,,მედალფას“ ბათუმის კლინიკაში კორონავირუსზე 37 პაციენტი მკურნალობს. აქედან 34 პაციენტი ქობულეთის კლასტერიდანაა. დღეს, საღამოს კი კლინიკიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. საკარანტინე სივრცეში 1500 მოქალაქე რჩება, ხოლო 2100-მდე ადამიანმა იგი უკვე დატოვა, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.