ვისთან ერთად ისურვებდა კარანტინში ყოფნას პოეტი გენრი დოლიძე?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90
საინტერესოა, როგორ აღიქვამენ იზოლაციას, რა აღმოაჩინეს, რა ენატრებათ ყველაზე მეტად ამ ვითარებაში მყოფ ადამიანებს. ამჯერად, პოეტი და ,,სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენელი, გენრი დოლიძე გვიყვება იმ განცდებზე, რაც ცხოვრების შეცვლილმა რეჟიმმა მოუტანა მას. თვლის, რომ ვირუსის დასრულების შემდეგ ბევრი რამის შეფასება–გადაფასება მოუწევს მსოფლიოს, ადამიანებს, მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებლად იქნება პოზიტიური:
– სამწუხაროდ, ახალ და არასასიამოვნო რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ბევრი რამ სხვაგვარად დავინახეთ. თქვენ, როგორც ერთ რიგით ადამიანს, რა დაგანახათ პანდემიამ ?
– ტექნოლოგიების განვითარების ტალღამ ისე ჩაყლაპა მთელი კაცობრიობა, რომ ბოლო დროს რეალური ურთიერთობები სანთლით იყო საძებნი. ყველანი ჩვენს ვირტუალურ ნაჭუჭებში ვიყავით ჩაკეტილები. საერთო, უხილავმა მტერმა ჯერ შეანჯღრია და გამოაფხიზლა მთელი სამყარო და შემდეგ ყველა გაგვაერთიანა. მე მგონია, რომ ვირუსის გადავლის შემდეგ სამყარო ცოტა უფრო ადამიანური გახდება.
– თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, რა შეიცვალა, როგორ უმკლავდებით კარანტინის დღეებს. აგვიწერეთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე თვითიზოლაციაში . . .
– ჩემთვის კარანტინმა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა განაპირობა. ბათუმის ნაცვლად სოფლად ყოფნა მიწევს. სხვა მხრივ, იგივე სამუშაო რეჟიმი მაქვს. დღის პირველ ნახევარში ,,სამოქალაქო მოძრაობის” საქმეებს ვაკეთებ ონლაინრეჟიმში (ვამზადებთ მომავალი პარტიის პროგრამას, წესდებას). შუადღეს ბავშვებთან ერთად ვთამაშობ ეზოში. შანსი და დრო მომეცა, მათთვის მესწავლებინა ჩემი ბავშვობისდროინდელი თამაშები: ,,შვიდქვაობანა“, ,, წრეში – ბურთი“, ,,ორდროშობანა“. . . ამათ გახსენებაზე ნოსტალგია შემომაწვა და თათუსიას, ჩემს ქალიშვილს, კომპიუტერში თამაში ,,სუპერ მარიო” გადმოვუწერე. საღამოობით, მშობლებს ვეხმარები ბაღ–ბოსტანში. მამაჩემი ქალაქში ცხოვრების მიუხედავად, იდეალურად ახერხებს სოფლის მეურნეობის წარმოებას. გვაქვს ხეხილი, თხილი, გააშენა ჩანდლერის კაკლის პლანტაცია. კორონამ გვიბიძგა, მივიწყებული ბაღჩაც გაგვეახლებინა. გუშინ, მაგალითად, კიტრი დავთესეთ. ასე რომ, საქმე ბევრი მაქვს, ინტელექტუალურიც და ფიზიკურიც. . .
– თუ დაიბადა ახალი ლექსი კარანტინში ყოფნის დროს, გააცანით იგი გაზეთ “აჭარის” მკითხველს.
– ახალი ლექსის შთაგონება როცა არ მოდის, ძველი ლექსების გადააზრებითა და რედაქტირებით ვარ დაკავებული. ამიტომ, ძველ და თემატურ ნაწარმოებს შემოგთავაზებთ, ახალი რედაქციით: აღდგომის ღამე
ამინდმა ზეცას ღრუბლის ფილონი მოაზომა,
წვიმა ფსკვნილივით ლოცვით ჩამომარცვლა მკლავიდან.
გურიის ღამემ, როგორც ფეხშიშველა მონაზონმა,
ტაძარს ლიტანიით შემოუარა და წავიდა.
დილის ნაჭუჭი წიწილასავით ამოტეხა მზემ და
ხვდები, რომ დილის ნიავზე მჩატე ხარ.
აქ თითქოს ყოველთვის ამ მზის სანახავად ამოდიხარ,
და თითქმის ყოველთვის ამ მზესთან ერთად ჩადიხარ
ციდან მიწამდე ტაძრის აღმართის დიაგონალს
და ლოცვით ავსებ სულის ნაცრისფერ ღიობებს, გურიის დილამ, როგორც ახალბედა დიაკონმა თეთრი ნისლები უხვად უსაკმევლა ხეობებს. . .
– თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, თავისი იდეა გაუზიაროს ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, რა დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო ეფექტიანი იყოს ვირუსთან ბრძოლა?
– ძალიან სენსიტიური თემაა. . . ზოგადად, ერთი ხელის მოსმით, ყველაფრის აკრძალვა არ მგონია სწორი. ის ბიზნესები, რომლებიც ნაკლებ რისკს შეიცავს, არ უნდა გაჩერდეს. ასევე, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა მგონია არაზომიერი რეგულაცია.
– დაასახელეთ 5 საყვარელი ლექსი, რომლებსაც, თქვენი აზრით, აუცილებლად უნდა იცნობდეს ახლანდელი თაობა.
– სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საყვარელი ლექსი მაქვს. . . სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დღევანდელი განწყობით – ლადოს ,,ბარდნალა“, მურმან ლებანიძის ,,თოვლით გასუდრულ ხეობაში“, ვახტანგ ჯავახაძის ,,ელეგია ყელსაბამი“, ჯემალ ინჯიას ,,ბრაილის შრიფტი“, ზურაბ გორგილაძის ,,ხატიმამული“.
– წლების შემდეგ რას მოუყვებით თქვენს შვილებს 2020 წელზე და პანდემიაზე, რომელმაც ბევრი რამ სხვაგვარად დაგანახათ?
– შევეცდები, გავააზრებინო თავისუფლების მნიშვნელობა, ის, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც ღვთისგან გვებოძა, სიცოცხლე და თავისუფლებაა.
– არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, რომელ მწერალთან ან პოეტთან გაატარებდით კარანტინს?
– ორიოდ თვის წინ, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში პირადად გავიცანი აკა მორჩილაძე. მომეცა საშუალება, რომ ბევრ თემაზე გვესაუბრა უშუალოდ. ისეთივე საოცარი და საინტერესო პიროვნებაა, როგორიც მწერალი. ,,კაი საკარანტინე” მოსაუბრეა.
–ამ გადასახედიდან, რა გენატრებათ ყველაზე მეტად, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში და რატომ?
–ამ გადასახედიდან, ყველაზე მეტად მენატრება მეგობრებთან ერთად ძველ ბათუმში სეირნობა. საერთოდაც, კარანტინის დასრულების შემდეგ ვაპირებ, რომ ნაკლებად ვიარო ტრანსპორტით და უპირატესობა მივანიჭო ფეხით სიარულს. ბათუმი ძალიან პატარა ქალაქია საიმისოდ, რომ ყველამ ტრანსპორტით ვიმოძრაოთ. ამასთან, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ ქალაქში სიარულისას ნაცნობ სახეებს ვხვდები დავგრძნობთ ერთმანეთის სიყვარულსა და სითბოს.