„თითო წაკითხული წიგნი თითო სიცოცხლეს გმატებს“
nana abulaZe 27 48 93
23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რითაც ორგანიზატორები კიდევ ერთხელ ახსენებენ ადამიანებს წიგნის მნიშვნელობას, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ავითარებს და აყალიბებს წიგნი ადამიანის ცნობიერებას. პანდემიის გამო წელს პირველად ვერ აღინიშნა კაცობრიობის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე, თუმცა მათ, ვისაც უყვართ წიგნი, არ გამორჩენიათ აღნიშნული თარიღი.
რამდენიმე კითხვით გამომცემელს, მაღაზია ,,წიგნები ბათუმში” ხელმძღვანელ მარი კორინთელს მივმართეთ და ვთხოვეთ, წიგნისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა:
– რა როლს თამაშობს წიგნი კაცობრიობის განვითარებაში?
– ადამიანმა გამოიგონა ბორბალი, დაანთო ცეცხლი და შექმნა დამწერლობა – ეს არის ყველაფრის დასაბამი კაცობრიობისთვის. ჯერ კიდევ უძველესი დროის თიხის ფირფიტებით, პერგამენტებითა და პაპირუსებით დაწყებული, რომ არ ყოფილიყო წიგნი, არც მსოფლიო ისტორია იქნებოდა და არც თანამედროვე ცივილიზაცია. რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, რაც უფრო წინ მიდის კაცობრიობა, მით მეტ მნიშვნელობას იძენს წიგნი.
– რატომ არის აუცილებელი წიგნის კითხვა?
– ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. წიგნს ყოველი მკითხველისთვის სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ზოგი დროის გასაყვანად კითხულობს, ზოგი – ცოდნის მისაღებად, ზოგი – აზროვნების მასშტაბის გასაფართოებლად და ლოგიკის განვითარებისთვის. უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მთავარი ალბათ ის არის, რომ ჩვენი ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ყველაფერი ნახო, ყველაფერი გამოცადო და შეიგრძნო. ამას წიგნი ანაცვლებს და რაც მეტს წაიკითხავ, მეტ გამოცდილებას შეიძენ, დაუმარცხებელი ხდები. როგორც კომპიუტერულ თამაშებშია, პერსონაჟი რომ სიცოცხლეებს იმატებს, ასეა მკითხველიც – თითო წაკითხული წიგნი თითო სიცოცხლეს გმატებს – რაღაც გამოცდილებას. წიგნის ფუნქცია არ არის ჭკუის სწავლება და მორალის კითხვა, მაგრამ გამოცდილებას კი დიდს გძენს. კარგისა და ცუდის გარჩევას სწავლობ, ადამიანებს და საკუთარ თავსაც ეცნობი. უკეთ ხვდები, როგორი ხარ, რა გინდა, რისკენ და რისთვის მიდიხარ.
-ბოლო დროს თქვენს მიერ წაკითხული წიგნებიდან, რომლის წაკითხვასა ურჩევთ საზოგადოებას?
-ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ორ წიგნს ვურჩევ მკითხველს: “სამნი ნავში, ძაღლს თუ არ ჩავთვლით” – ეს წიგნი, თავისი დახვეწილი იუმორითა და დაუვიწყარი ეპიზოდებით ნამდვილად გაგიხალისებთ კარანტინის დღეებს და “დიუნი” – ეს უკანასკნელი მეორედ წავიკითხე და ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის, დღევანდელ მდგომარეობასაც, სხვაგვარად შევხედე. თითქოს თვალი ამეხილა. კაცობრიობის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ფრენკ ჰერბერტის ხედვა ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელია.
-რომელ წიგნს შეადარებდით მსოფლიოს დღევანდელ ყოფას?
-დღევანდელ ყოფას ერთი ერთში შევადარებდი მარგარეტ ეტვუდის “ორიქსსა და კრეიკს”. ეს წიგნიც გადავიკითხე ამ კარანტინში და დამთვევებმა შემზარა. იქაც ეპიდემიაა აღწერილი და “დარჩი სახლში” მოწოდებით დაწყებული, ეპიდემიოლოგების ლექსიკით დამთავრებული, სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ყველაფერი დღევანდელ ყოფას. საინტერესოა, რომ წიგნი 2003 წელსაა გამოსული. დიდებული, ბრწყინვალე წიგნია, ძალიან კარგი პასუხით კითხვაზე “რატომ”.

