კარანტინის მულტისექტორალური მართვა – აჭარაში
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93
უკვე მესამე თვეა ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალყურს კოვიდ-19-ით დაავადებულთა შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას. გვესმის საკარანტინო სივრცეების, საზღვარზე თერმოსკრინინგის, ტესტირების თუ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული სინჯების შესახებ, მაგრამ ერთიანობაში ვერ აღვიქვამთ, თუ რა სისტემით მოქმედებს ღონისძიებათა ეს თანმიმდევრობა და ვინ არეგულირებს მექანიზმს, რომელიც ეპიდემიისგან თავის დასაცავადაა ჩამოყალიბებული.
ამ საკითხსა და თავად ახალი კორონავირუსის სიმპტომების შესახებ საუბრობს აჭარასთან“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი.
– ქალბატონო რუსუდან, საუბარი დავიწყოთ იმ მექანიზმით, რომელიც ამოძრავებს უსაფრთხოების ერთიან სისტემას. როდის დაიწყო ღონისძიებების გატარება ქვეყნის კოვიდ-19-ისგან დასაცავად?
– მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან პირველი ინფორმაციის მიღებისთანავე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დაიჭირეს თადარიგი და სამუშაო ფართო ფრონტზე გაშალეს. თავისთავად, ამ სქემაში ჩაერთო ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო ზონალურ ლაბორატორიასთან ერთად, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ბათუმის სამმართველოს წარმოადგენს. სამუშაო პროცესის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის გაწერილია ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ, ცხადია, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოსა და კონკრეტულად, ჩვენს რეგიონში.
– როდის დაიწყეთ მუშაობა ვირუსის შესაჩერებლად?
– მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა 26 თებერვალს და მაშინვე, აჭარის მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით, დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. პირველ რიგში, დაგვევალა საკარანტინო სივრცეების მოწყობა, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ჩამოყვანის შესახებ. აჭარაში კი სამივე ტიპის საზღვარია: სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო. შესაბამისად, ყველა შემომსვლელი, განსაკუთრებით, მაღალი დასნებოვნების ქვეყნებიდან, გადიოდა აუცილებელ თერმოსკრინინგს და საეჭვო მდგომარეობის შემთხვევაში, გადაჰყავდათ კარანტინში. ყველა ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიური სამსახური.
– მხოლოდ თერმოსკრინინგით როგორ ადგენდნენ ვირუსს?
-სწორედ ამიტომ იყვნენ ამ პროცესში ჩართული ჩვენი ეპიდემიოლოგები. ცხადია, თერმოსკრინინგთან ერთად, მათ შეეძლოთ სიმპტომატიკის მეშვეობით შეეტანათ ეჭვი და გამოევლინათ შესაძლო დაინფიცირებული პირი, რომელიც შემდეგ ექვემდებარებოდა კვლევას. თუკი არანაირი საშიშროება არ ჩანდა პირველადი დათვალიერებისას, ისინი გადაჰყავდათ საკარანტინო სივრცეში, რომელიც თანდათანობით იზრდებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, აჭარაში არის 25 საკარანტინო სივრცე, რომელიც მოწყობილია სათანადო სერვისების მქონე მაღალი კლასის სასტუმროებში. ამ სეგმენტზე მუშაობდა და მუშაობს ტურიზმის დეპარტამენტი, ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის სამინისტრო, შს სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, სამთავრობო უწყებები, ანუ ამით ის მინდა ვთქვა, რომ ამ პრობლემის მართვა ხდება მულტისექტორალურად. ერთმანეთთან გადაჯაჭვულია რამდენიმე უწყება, რომელიც კოორდინირებულად, ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით. პროცესში ჩართულია საპასპორტო თუ ინფექციური კონტროლი საზღვარზე და ა.შ.
– რა ევალებათ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს და რა ტიპის სერვისებით არიან ისინი უზრუნველყოფილნი?
-კარანტინში მყოფი ვალდებულია, იქ დაჰყოს 14 სრული დღე-ღამე ეპიდემიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ შეზღუდულ სივრცეში მყოფ ადამიანებს უჩნდებათ სხვადასხვა პრობლემა სამედიცინო თუ არასამედიცინო კუთხით. ამიტომ მათ ემსახურება მედპერსონალიც. თუ ისინი ადგილზე ვერ გაუწევენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, საგანგებო სამსახურის მეშვეობით გადაჰყავთ შესაბამის კლინიკაში, რაც სხვადასხვა წესის დაცვით ხდება და საკმაოდ რთული პროცესია.
– მუდმივად საუბრობენ ტესტირების თაობაზე, თვლიან, რომ არასაკმარისად ტარდება?
– ტესტირება საკმაოდ ფართომასშტაბიან ხასიათს იღებს. ეს არის ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტით კვლევა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ლუგარის ლაბორატორია. მისი ფილიალი მოქმედებს ბათუმშიც, რაც ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ადგილზე ტესტირება გვაძლევს საშუალებას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ ინფიცირებულია თუ არა ადამიანი და დროულად აღმოვუჩინოთ სამედიცინო დახმარება.
-აკმაყოფილებს თუ არა ეს ფილიალი თავისი კომპეტენციით შესაბამის მოთხოვნებს?
-იქ ნამდვილად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ძალიან აქტიურ რეჟიმში მუშაობენ. ფილიალი აღჭურვილია სათანადო ტექნიკითა და ტექნოლოგიით.
– როგორც ვიცით, „პისიარ“ ტესტირება ყველას არ უტარდება. ვინ ექვემდებარება ამ ტესტირებას?
-ამას განსაზღვრავს ეპიდემიოლოგი. როგორც მოგახსენეთ, კარანტინში მყოფთ დღეში ორჯერ უზომავენ სიცხეს. სწორედ ცხელების მიხედვით ადგენენ, უნდა დაექვემდებაროს თუ არა იგი „პისიარ“ ტესტირებას. ყველა ასეთი შემთხვევა ითვლება „შესაძლო“ შემთხვევად, რომელიც უკუგდებული ან დადასტურებული იქნება. დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში, პაციენტი გადაყავთ ე.წ. „კოვიდ-კლინიკაში“. ბათუმში ეს გახლავთ „მედალფას“ სამედიცინო ცენტრი, სადაც კოვიდ-19-ით დაავადებულები გადიან სპეციალურ მკურნალობას. მთელი ეს ღონისძიებები, რაც ჩამოგითვალეთ, სწორად იყო დროში გადანაწილებული და განსაზღვრული, მაგრამ პროცესის უკეთ ორგანიზებისთვის გაიხსნა ე.წ. „ცხელების კლინიკები“: ინფექციური საავადმყოფო, ემერჯენსი-კლინიკა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
– რას ნიშნავს ცხელების კლინიკა და საერთოდ, რა ჩივილები გააჩნია კოვიდ-19-ით დაავადებულს?
– როდესაც ადამიანი დააფიქსირებს ტემპერატურას, მას არა აქვს იმის დასტური, ინფიცირებულია თუ უბრალოდ, გაციებული. როგორც გაირკვა, კოვიდ-19-ს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული ჩივილები. მას აქვს რესპირატორულის ანალოგიური სიმპტომები: იგივე ყელის ტკივილი, ხველა, დიარეა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა. მოკლედ, ამ ვირუსით ინფიცირებულის სიმპტომატიკა მრავალფეროვნად შეიძლება წარიმართოს. თავდაპირველად ინსტრუქციაში შედიოდა მხოლოდ სამი ძირითადი სიმპტომი: მაღალი ტემპერატურა, ხველება და დისპნოე (ქოშინი).
მოგვიანებით სიას დაემატა ციება, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი კუნთებში, თავისა და ყელის ტკივილები, აგრეთვე, ყნოსვის დაკარგვა.
გარდა ამისა, ახლა უკვე სიმპტომთა ჩამონათვალში მითითებულია ოთხი მდგომარეობა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო: სუნთქვის გაძნელება, გაუჩერებელი ტკივილი მკერდის არეში, გონების დაბინდვა და ციანოზი.
რომ მოუსმინო პაციენტს, დაზუსტებით ვერ იტყვი, ნამდვილად აქვს თუ არა კოვიდ-19. ამიტომ 112-ში შესულ ზარებს ჯერ ცხრილავს თავად ოპერატორი. საეჭვო შემთხვევას გადაამისამართებს ოჯახის ექიმებთან. აჭარაში ამისთვის შეირჩა პირველადი ჯანდაცვის ორი კლინიკა: პირველი პოლიკლინიკა და საოჯახო მედიცინის ცენტრი ბარათაშვილზე. როდესაც ადამიანს გადაამისამართებენ რომელიმე ამ კლინიკაში, შემდეგ პაციენტს კონტროლზე აიყვანს ექიმი და ურეკავს მას განსაზღვრულ დროს. კერძოდ, ეხმიანება მას მესამე, მეექვსე, მეათე და მეთოთხმეტე დღებში. თუკი ონლაინკონსულტაცია მიმდინარეობს გართულებების გარეშე და პაციენტის მდგომარეობა უკეთესდება, მაშინ ექიმი აგრძელებს მასთან სატელეფონო საუბრებს. პირველ ეტაპზე, ამ საუბრების დროს აუცილებელი იყო გაერკვია, ჰქონდა თუ არა დაავადებულს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია შედარებით მაღალი დასნებოვნების ქვეყანაში, ან თუ ჰქონდა კონტაქტი ასეთ პირთან. ეს იყო ეჭვის ქვეშ დაყენების ერთ-ერთი წონადი მიზეზი. ახლა ეს მომენტი გადაიწია უკანა პლანზე და თუკი ექიმი გადაწყვეტს სხვა ჩივილების გათვალისწინებით კვლევის აუცილებლობას, პაციენტი გადაჰყავს საგანგებო სამსახურს ზემოთ ჩამოთვლილ ცხელების კლინიკებიდან ერთ-ერთში. მოკლედ, ასეა აწყობილი: 112, ონლაინ კლინიკები და ცხელების კლინიკები. თუ ამ უკანასკნელში არ დადასტურდება ვირუსი, მაშინ პაციენტი უბრუნდება ჩვეულ მკურნალობას, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, იგი გადაჰყავთ „მედალფაში“. ეს არის გზა, რომელსაც გაივლის ადამიანი ინფიცირების კვლევის პროცესში.
– რა სახის პრობლემებს აწყდებოდით კარანტინების მართვის სისტემის შემუშავებისას?
– იმის მიუხედავად, რომ კარანტინების მართვის ისტორიული გამოცდილება არ არსებობდა მართლაც უმოკლეს დროში შევძელით შეგვექმნა უსაფრთხოების მოქნილი და ეფექტური სისტემა. პრინციპში, გადაულახავი პრობლემა არ შეგვქმნია, რადგან ყველა ოპერატიულად აკეთებდა თავის საქმეს. აჭარაში საკარანტინო ზონების გამტარიანობამ 5000 პირს მიაღწია, რაც გულისხმობს შემოსულსაც, გასულსაც და ადგილზე არსებულ ადამიანებსაც. ფრენები ახლაც გრძელდება და გრძელდება ადამიანების საკარანტინო სივრცეებში განთავსების პროცესიც. ყოველდღიურად აანონსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელი ქვეყნიდან ჩამოჰყავთ ჩვენი მოქალაქეები. ხდება მათი კვლევა, თერმოსკრინინგი, განაწილება, კარანტინში მიღება, დაბინავება, კვება. ეს ადამიანები ნაკადებად მოდიან და მოდიან, ჩვენ კი ვიღებთ მათ, უზრუნველვყოფთ აუცილებელით და როდესაც გადიან კარანტინიდან, ვაცნობებთ მათ მუნიციპალიტეტებში, იქედან კი ჩამოაკითხავენ გამგებლები და გადაჰყავთ ოჯახებში. ამასაც კი დიდი ყურადღება ექცევა.
– მინდა რედაქციის და ჩვენი მკითხველების სახელით მადლობა გადაგიხადოთ თავდაუზოგავი შრომისათვის.
– იცით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები პირველადი ჯანდაცვის საექთნო სამსახურთან ერთად (ძირითადად, ეს გახლავთ პირველი პოლიკლინიკის საექთნო სამსახური) პირველი დღიდან დგანან სახმელეთო და საჰაერო საზღვრებზე. ეს არის 24- საათიანი უაღრესად ინტენსიური სამუშაო, ანუ იქაც მუშაობენ, კონტაქტებზეც, კარანტინშიც. . . ჩვენ ვართ 24/7-ზე სამუშაო რეჟიმში, უკვე მესამე თვეა. ჩემი კოლეგები, თანამშრომლები მაღალპროფესიული და მაღალადამიანური მოწოდების სიმაღლეზე დგანან და მინდა თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ დავუდასტურო მათ ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა ამ თავდადების გამო. მთელი ჩვენი უწყების თანამშრომლები (მძღოლებით დაწყებული, ეპიდემიოლოგებით თუ ლაბორანტებით დამთავრებული), განურჩევლად თანამდებობისა და სამსახურებრივი პოზიციისა, მუშაობენ პრაქტიკულად, დასვენების გარეშე.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მულტისექტორალური მართვის ყველა უწყების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც დაძაბულად, მაგრამ სრულიად ორგანიზებულად და გამართულად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ უაღრესად საპასუხისმგებლო დავალებებს.

