რა არის ჩვენი გადარჩენის წინაპირობა?
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69
ისტორიას არ ახსოვს პლანეტის დაპაუზება – ვერც პირველმა, ვერც მეორე მსოფლიო ომებმა შეძლეს ის, რაც უხილავმა მტერმა (კორონავირუსმა) – პლანეტის მოსახლეობა საკუთარ სახლებში გამოკეტა და მრავალი კითხვა გაგვიჩინა: ამიერიდან როგორ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება, რამდენად შეიცვლება ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის და რა უნდა ვისწავლოთ შექმნილი მდგომარეობით. კიდევ არაერთი კითხვა გაჩნდება და მათზე პასუხები დროის მოთხოვნაა. პლანეტაზე ახალი ცხოვრების წესი მკვიდრდება, ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი ახალი კანონებით და ახალი ცოდნის აუცილებლობით. მიმდინარე მოვლენები ადამიანებში შეშფოთებასა და დაბნეულობას იწვევს. კორონავირუსმა ნათლად დაგვანახა, რომ სახელმწიფოებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ და არა სხვა ქვეყნის კეთილგანწყობისა. ეს ის ჭეშმარიტებაა, ვირუსის პირველმა დღეებმა რომ ცხადყო, გავიხსენოთ პირბადეების დეფიციტი რიგ ქვეყნებში. აშშ-მა და ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა პირბადეები შეისყიდეს ჩინეთისაგან, რომელმაც ყველაზე თანმიმდევრულად შეძლო კორონავირუსთან გამკლავება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში სხვა სახელმწიფოებიც შეძლებენ ჩვეულ რიტმში დაბრუნებას, ყოველ შემთხვევაში ასეთ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მაგრამ რა ელოდება მსოფლიო ეკონომიკას, რამდენად აქტუალური იქნება ნატო და ევროკავშირი და რაც მთავარია, რა უნდა იღონოს საქართველომ მსოფლიოს ხელახლა გადანაწილებისას ღირსეული ადგილი რომ დაიკავოს?
sავარაუდოდ, ამერიკა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები შეძლებენ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ეს არც ისე ადვილი პროცესი იქნება, რადგან ეკონომიკური ზარალი მილიარდობით დოლარს უტოლდება. გერმანიამ ჩინეთს 150 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოსთხოვა, გარკვეულწილად ამერიკაც ადანაშაულებს ჩინეთს ამ ვირუსის გავრცელებაში. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ჩინეთმა მესამე მსოფლიო ომი ხილული იარაღის გამოუყენებლად მოიგო. დიახ, ჩინეთმა საკუთარ ქვეყანაში დასავლური მსხვილი ფინანსური კომპანიების წილი (ათობით მილიარდზეა საუბარი ) მიზერულ ფასად შეიძინა. კორონავირუსმა ისიც დაგვანახა, რომ ჩინეთმა არა მხოლოდ შეძლო ვირუსთან გამკლავება, არამედ წარმოჩნდა როგორც უმთავრესი აქტორი მსოფლიო პოლიტიკისა. იმედია, ზესახელმწიფოები შეძლებენ ეკონომიკური რეცესიის აცილებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. მათ რესურსებიც გააჩნიათ და კვალიფიციური კადრებიც ჰყავთ ხელისუფლებაში ადეკვატური ნაბიჯების გადასადგმელად. აქ საკითხავია, რა ეშველება საქართველოსნაირ ქვეყნებს. ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები.
როგორც ცნობილია, ჩვენი ეკონომიკა ძირითადად, სამი კომპონენტით საზრდოობდა: ტურიზმი, უცხოეთიდან ფულადი გზავნილები და იმპორტი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ტურიზმიდან შემოსავალი შემცირდება, ასევე, უცხოეთიდან გადმორიცხული ვალუტაც მოიკლებს. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა დაკარგა სამუშაო დასავლეთში, რაც ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა გააანალიზოს და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის კონკრეტული გეგმა შეიმუშაოს. უამისოდ მოსახლეობა დაზარალდება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიული გეგმა არსებობს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის აღორძინებისთვის. როგორ გაუმკლავდება ხელისუფლება ამ ეკონომიკურ პრობლემებს, მომავალი დაგვანახებს. სწორედ მომავალთან მიმართებით არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა ისმის – როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი, რაზე შეთანხმდებიან ზესახელმწიფოები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით? ჯერჯერობით, ამაზე პასუხები არ არსებობს, თუმცა ისიც ცხადია, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც კორონავირუსამდე იყო. ზემოაღნიშნული კითხვა უპირველესად, ჩვენნაირ ქვეყნებს აღელვებს, ვინაიდან გარკვეულწილად, დასავლეთის მხარდაჭერაზე ვართ დამოკიდებული. უდავოა, რომ ამჟამად ნატოსა და ევროკავშირზე საუბარი არააქტუალურია, ამ ორგანიზაციებს ჩვენთვის კარგა ხანს არ ეცლება და შესაძლოა, მათი ფუნქციებიც გადაიხედოს. ჩვენმა ქვეყანამ ადეკვატური სტრატეგია უნდა დასახოს ამ ცვალებად მსოფლიოში საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. მაგალითად, აშშ-თან სტრატეგიული მოკავშირის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, რათა დაცული იყოს რუსეთის აგრესიისგან. მსგავსი ხელშეკრულებები უნდა გააფორმოს ისრაელსა და იტალიასთან. საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბარი არ ღირს, ეს სახელმწიფოები არც პანდემიამდე იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები. გავიხსენოთ, თუნდაც ბუქარესტის ნატოს სამიტი. . . ამიტომ საქართველომ დასკვნა უნდა გამოიტანოს, პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. უთუოდ ყურადსაღებია ექსპერტთა თვალსაზრისი ერთიანი სახელმწიფო კონცეფციის შემუშავების შესახებ, რომელიც გლობალური პრობლემების დასაძლევად ამ ეტაპზე დროის მთავრი მოთხოვნაა. ეს ჩვენი გადარჩენის წინაპირობა და შანსია.

