ქველმოქმედებას აგრძელებენ
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14
ცნობილი ბიზნესმენია ლომანაურელი შოთა მიქელაძე. მას ბათუმში ყავის გადამამუშავებელი და დასაფასოებელი საამქრო აქვს. საწარმოში მეტწილად თანასოფლელები ჰყავს დასაქმებული. ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ბიზნესმენმა, რომლისთვისაც ქველმოქმედება უცხო არც ადრე იყო, ამჯერადაც გადაწყვიტა მშობლიურ სოფელს მიშველებოდა. ლომანაურის 40-მდე ოჯახს სურსათით დაეხმარა. თითოეულ კალათაში 50-50 ლარის პირველიადი მოთხოვნილების სასურსათო პროდუქტები ეწყო.
– შოთა თანადგომას ადრეც არ გვაკლებდა. წელიწადში ორჯერ დაფასოებულ ყავას საჩუქრად თითოეულ ოჯახს გვიგზავნის. გარდა ამისა, სოციალურ პროექტებსაც აფინანსებს. სოფელი მისი მადლიერია, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა იმედა მუკუტაძემ.
***
უჩამბის თემში ხუსეინ მაირის ძე ბერიძე ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი პედაგოგი იყო. მას აჭარის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდებაც აქვს მინიჭებული. ამ ღვაწლმოსილმა ადამიანმა მომავალი თაობის აღზრდას ნახევარ საუკუნეზე მეტი მოახმარა. სხვისი შვილების დამკვალიანებელმა შთამომავლობაც შესანიშნავი დატოვა. სწორედ ხუსეინის შვილიშვილები გახლავთ რაულ, ჯონი და როინ ბერიძეები – წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც ამჟამად თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ. მშობლიურ სოფელს, თანასოფლელებს არ ივიწყებენ. ამ რთულ დროში 27 ოჯახს 50-50 კილოგრამი ხორბლის ფქვილი და სხვა სასურსათო პროდუქტები გაუგზავნეს. თითო კალათა 90 ლარის პროდუქტებს შეიცავდა.
***
ბრილელი ძმები გიორგი და ირაკლი ბოლქვაძეები ობლობაში გაიზარდნენ. დღეს წარმატებულნი არიან. თანასოფლელებს თანადგომას არ აკლებენ. შარშან ბრილის სკოლის 90 წლის იუბილეს დაფინანსებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. წარმატებულ მოსწავლეებს სტიპენდია გადასცეს. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მათ ჭვანის ხეობის მოსახლეობას 10 ტონა ხორბლის ფქვილი აჩუქა.
გიორგისა და ირაკლის თანასოფლელია ლევან ტაკიძე, რომელმაც, ასევე, სოფელ ბრილის 50-ზე მეტ ოჯახს ხორბლის ფქვილი და სხვა სასურსათო პროდუქტები საჩუქრად გადასცა.
უცხოეთში, კერძოდ, ეკატერინებურგში ცხოვრობს და წარმატებული ბიზნესი აქვს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებიდან წასულ ზაზა ბოლქვაძეს. როგორც სხვა დროს, მან ამ გაჭირვების ჟამსაც მოიკითხა თანასოფლელები. 60-მდე ოჯახს 50-50 კილოგრამი ხორბლის ფქვილი გამოუგზავნა. როგორც თქვა, ამას არ დასჯერდება, კიდევ არაერთხელ აპირებს თანასოფლელების დახმარებას.
***
დამწყები ბიზნესმენები არიან ცინარეთელი ძმები როლანდ და როინ აბუსელიძეები. არაერთი თანასოფლელის მსგავსად, ქველმოქმედება არც მათთვისაა უცხო ხილი. სოფლის ერთ უბანში მცხოვრებ 10 ოჯახს 25-25 კილოგრამი ხორბლის ფქვილი დაურიგეს.
***
შუახევის მუნიციპალიტეტის სამი და ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფელია „შუახევიჰესის“ მშენებლობის არეალში. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ შუახევში 30, ხულოში კი 110 ოჯახს გაუწია დახმარება სასურსათო პროდუქტებით. თითოეული კალათა 50-50 ლარის პროდუქტებს იტევდა.

