აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ინფიცირებული ქობულეთის კლასტერიდანაა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარაში კორონავირუსი 180 ბიოლოგიური ნიმუშიდან ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, პაციენტი ქობულეთის კლასტერიდანაა. ის ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდა. აღნიშნული პირი მხოლოდ ერთ ოჯახთან იყო კონტაქტში, რომელიც ასევე შიდა იზოლაციაში რჩება. კლინიკა „მედალფაში“ ამ ეტაპზე 38 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 35 პირი ქობულეთის კლასტერიდანაა.
– გუშინ, დღის განმავლობაში ორივე ლაბორატორიაში 180 ბიოლოგიური ნიმუში შევიდა. აქედან გამოვლინდა ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. პაციენტი ქალაქის ტერიტორიიდანაა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მხოლოდ ერთი ოჯახური კონტაქტი ჰყავს. ის კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი. კლინიკაში ამ ეტაპზე 38 ინფიცირებული პაციენტი გვყავს, აქედან ქობულეთის კლასტერს 35 შემთხვევა უკავშირდება. მათთან პირველი და მეორე რიგის კონტაქტში მყოფი 530 პირია, 400-ს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი ყველა გაიტესტება. ვისაც თვითიზოლაციის ვადა უსრულდება, მათ შეზღუდვები მოეხსნება. ამ ეტაპზე მდგომარეობა რეგიონში კონტროლირებადია. ვინც გვემატება, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია, თუმცა აუცილებელია დავიცვათ სოციალური დისტანცია. გამოჯანმრთელდა და კლინიკა „მედალფა“ დატოვა 78 წლის ქალმა. პროტოკოლის მიხედვით, იგი ორი კვირით თვითიზოლაციაში გადავა. კლინიკაში მყოფი ინფიცირებული პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 431-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა –114. გარდაიცვალა – 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი,ხოლო სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.