ვისაც გადაადგილება აუცილებლად გჭირდებათ, დაურეკეთ დეპუტატს!
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
„გთხოვთ, გაავრცელოთ!
მოგმართავთ ბათუმში მყოფებს! თუ ვინმეს გექნებათ გადაუდებელი საჭიროება, სამედიცინო დაწესებულებაში, აფთიაქში ან სხვა აუცილებელ ლოკაციაზე გადაადგილების – მზად ვარ, პირადად გაგიწიოთ დახმარება. უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. პირბადის ქონა აუცილებელი პირობაა. დამეკონტაქტეთ და მოვალ თქვენთან.
577 21 21 44“, – დაწერა სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქგვერდზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, 27 აპრილის ჩათვლით, ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, რამაც პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც გეგმური გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მედიკამენტების შეძენა სჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ იმ მცირერიცხოვან დასაქმებულებზე, რომლებსაც კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ. ბევრი საკვები პროდუქტის გარეშე დარჩა, ზოგს მაღაზიამდე მისვლა უჭირს, ზოგსაც დახმარების მსურველებმა ვერ მიაწოდეს სურსათი. აკრძალვა ისევ და ისევ, ჩვენივე ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვისაა, მაგრამ, ფაქტია, ადამიანებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. ამიტომაც გადაწყვიტა დეპუტატმა, შეძლებისდაგვარად შეემსუბუქებინა სირთულეები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს აუცილებლად სჭირდებოდათ.
– ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი წერდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობისთვის ვერ ახერხებდნენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას – საავადმყოფოში, აფთიაქში და ა.შ. ობიექტური მიზეზების გამო 144-ზე ვერ რეკავდნენ ნებართვის მისაღებად. გადავწყვიტე, რადგან შესაძლებლობა მქონდა და თან არც კანონი ირღვევა, ადამიანებს დავხმარებოდი, – გვითხრა ლადო მგალობლიშვილმა.
– დღის განმავლობაში რამდენი ადამიანისთვის შეძელით დახმარება?
-15 ადამიანი აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, დანიშნულების ადგილას მივიყვანე და სახლში დავაბრუნე. მათ უმეტესობას ვიცნობ, ზოგმაც ნაცნობების რეკომენდაციით დამირეკეს.
– ბატონო ლადო, როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა სწორი გადაწყვეტილება მაშინ, როცა ყველა ვხედავთ, რომ აკრძალვამ დაუმატა პრობლემები ადამიანებს და ამასთან, ბევრი მაინც არ რჩება სახლში?
-ამის მიზანშეწონილობაზე ვერაფერს გეტყვით. როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით აიკრძალა ავტომობილების მოძრაობა. ალბათ, საჭირო იყო, მაგრამ პრობლემად დარჩა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება. ასევე, მინდა აღვნიშნო, ადამიანებს, რომლებიც გარეუბნებში ცხოვრობენ და ქალაქში მუშაობენ იმ ობიექტებზე, რომელთა ეკონომიკური საქმინობაც დაშვებულია, ფეხით დიდი მანძილის გავლა უწევთ. კომპანიებს, დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ უზრუნველყონ მათი გადაადგილება. დამსაქმებლებმა ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ.
– უამრავი ადამიანი ამბობს, რომ სამთავრობო ცხელ ხაზს – 144-ს ვერ უკავშირდება. ეს თქვენც აღნიშნეთ, თუმცა თქვით, რომ ამის ობიექტური მიზეზი არსებობს.
– ხშირად წერდნენ ამაზე სოციალურ ქსელში, ამიტომაც გამიჩნდა იდეა, ვინც ვერ რეკავდა ცხელ ხაზზე, სწორედ მათ დავხმარებოდი. ითქვა ისიც, რომ ბევრი ადამიანი რეკავს ცხელ ხაზზე და ამის გამო შეიქმნა ტექნიკური პრობლემა, სისტემა მწყობრიდან გამოდის, ეს ვიგულისხმე ობიექტურ მიზეზში.
– უკეთესი ხომ არ იქნება, ცხელი ხაზის რამდენიმე ნომერი იყოს?
– ალბათ უკეთესი იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ტექნიკურად არ ხერხდება.
– ითქვა ისიც, რომ ბევრმა ნაცნობობით აიღო საშვი და სულაც არ ჰქონდა გადაადგილების აუცილებლობა.
– ეს ვერსია მეც მოვისმინე, შესაძლოა, ასეთი ერთეული შემთხვევა მართლაც იყოს, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, საშვის აღებაზე მკაცრი მონიტორინგია. იგივე აჭარის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ამ საკითხს და ვისაც არ ეკუთვნის, საშვს ვერც აიღებს. ალბათ, ქვეყნის მასშტაბით გამონაკლისი იყო. უმრავლეს შემთხვევაში საშვი აქვს იმას, ვისაც სჭირდება.
– აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილება, მუდმივად მოგვიწოდებენ დავრჩეთ სახლში, მაგრამ ქუჩაში მაინც ბევრი ადამიანი მოძრაობს.
– მართალია, გვიჭირს აკრძალვებთან შეგუება, მაგრამ სამაგიეროდ, ჯილდოდ მივიღებთ იმას, რომ ყველაზე ადრე, საქართველო იქნება თავის სამეზობლოში ის ქვეყანა, რომელიც მინიმალური დანაკარგით დაამარცხებს კორონავირუსს. ამიტომ, დავრჩეთ სახლში! მე კი, ვიდრე აკრძალვა არ მოიხსნება, ვისაც გადაადგილების აუცილებელი საჭიროება ექნება, დამიკავშირდეს და აუცილებლად დავეხმარები. ალბათ ყველა ადამიანს და მათ შორის მეც, მსიამოვნებს, როცა სხვას ვეხმარები.
– ძირითადად, რაზე ისაუბრეს თქვენმა მგზავრებმა?
– მიმდინარე მოვლენებზე, როდის და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. უმრავლესობა კმაყოფილი იყო ხელისუფლების, ამბობდნენ, რომ მთავრობა სიტუაციას კარგად მართავს და პრობლემებსაც უმკლავდება. მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან შეზღუდვებს.
დავრჩეთ სახლებში – ერთმანეთისთვის!