„ანტიკრიზისული კი არა, უკვე „შიმშილის“ გეგმა შეარქვეს“…
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93
„ყველა ელოდა, რომ მაისის პენსიას აპრილში მისცემდნენ, მაგრამ. . .“
24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო. გიორგი გახარიას თქმით, ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.
ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას.
თუ რას ფიქრობს ამ თემაზე ოპოზიცია და რა სახის შენიშვნები აქვს, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.
-პრემიერის ანტიკრიზისულ გეგმას საკმაოდ დიდხანს ველოდით, თუმცა ბევრისთვის ის არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორც ამას აანონსებდა თავად „ქართული ოცნება.“ რამ გამოიწვია თქვენი, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის უკმაყოფილება?
-დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ნაჩქარევად, მშრალად და არაპროფესიონალურადაა თავად გეგმა შედგენილი, რომელსაც უკვე შეარქვეს ანტრიზისული კი არა, „შიმშილის“ გეგმა. ეს სახელი უფრო მოუხდა, რადგან ამ დახმარების იმედზე თუ უნდა დარჩეს ჩვენი ქვეყანა უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში, მართლაც დაიწყება გლობალური შიმშილობა.
-გეგმის პირველი ნაწილი ხომ მთლიანად სოციალურ პაკეტს წარმოადგენს. 200-ლარიანი დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება და მთავრობა ამ მიზნით 460 მილიონ ლარს დახარჯავს, ერთჯერადად კი 300 ლარით დაეხმარება თვითდასაქმებულებსაც, რისთვისაც 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.
-კი, ერთი შეხედვით ასეა, მაგრამ როგორც კი ჩაუღრმავდები გეგმას, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ციფრებში და ბევრი მონაცემი არ ემთხვევა ხარჯვით ნაწილს. სხვას რომ თავი დავანებოთ, იმ ადამიანებს, რომლებმაც სახლში ჩაკეტვით დაკარგეს სამსახური, თვეში მხოლოდ 200 ლარს აძლევს, მათ უკან ხომ ოჯახები, ბავშვები დგანან. როგორ წარმოუდგენია გახარიას და საერთოდ, მთავრობას, 200 ლარად თვეში ირჩენს თავს ოჯახი?
-თქვენ ამბობთ, რომ ერთმანეთს არ შეესაბამება მონაცემები და ხარჯვითი ნაწილი. თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ.
-მაგალითად, თვითდასაქმებულებს, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში, მათი სტატისტიკით, 840 000-ია. მათთვის გამოყოფილი ის ერთჯერადი 300 ლარი რომ გაყო 75 მილიონზე, მხოლოდ 250 ათას მოქალაქეს ეყოფა. თანაც ამბობს: „თუ დაამტკიცა, რომ თვითდასაქმებული იყო“. რას ნიშნავს ეს, როგორ დაამტკიცებენ? სოციალურ აგენტებს რას მოსთხოვენ, ისედაც ვერ აუდიან იმ საქმეს, რაც აკისრიათ. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ეს არ არის ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ამ ეტაპზე საქმიანი, გათვლილი სამოქმედო გეგმა, რომელიც რაღაც ეტაპზე მაინც შეუნარჩუნებს ადამიანებს ელემენტარული არსებობის საშუალებას. ამისთვის მთავრობის წევრები უნდა დასხდნენ მრგვალ მაგიდასთან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და გაითვალიწინონ მათი შეთავაზებებიც. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე მსგავსს არაფერს გააკეთებენ, რადგან ეშინიათ, რომ არჩევნები ახლოვდება და ეს ჩრდილს მიაყენებს „ქართულ ოცნებას“.
-ნუთუ არც ერთი გადაწყვეტილება არ მოგეწონათ? პრემიერ–მინისტრის თქმით, მთავრობამ 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს გადაუხადა ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი, 670-ს კი – ბუნებრივი აირის. ჯამში, ამ მიზნით მთავრობამ 150 მილიონი ლარი დახარჯა.
-რა უნდა მომწონებოდა? ყველაფერს ზედაპირული ხასიათი აქვს. ავიღოთ კომუნალური გადასახადები- რაღაც ეტაპზე დაეხმარნენ მოსახლეობის რაღაც ნაწილს, თუმცა უყურადღებოდ და გადაუხდელი გადასახადების ანაბარა აღმოჩნდა სწორედ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. აჭარაში მოსახლეობის 60% არ არის გაზიფიცირებული. ჩვენ მივაწოდეთ იდეა ადგილობრივ მთავრობას, რომ ამ ადამიანებისთვის გაზის ბალონები მაინც მიეცა უფასოდ, მაგრამ ყურადაც არ იღეს. არადა, ამ ხალხმაც ხომ დაკარგა სამსახური და ოჯახები დარჩა პურის ფულის გარეშე.
-რაში ხედავთ გამოსავალს?
-პირველ რიგში, აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. კოლოსალური ხელფასები აქვს სამთავრობო უწყებებში მომუშავე ხალხს და ცოტა მაინც რომ მოიკლონ, არაუშავს. ამასთან, უამრავი თანხაა ჩარჩენილი ბიუჯეტში- მივლინებების, ფუფუნების საგნების და ა.შ. ესეც რომ ხალხისკენ მიმართონ, არ იქნება ურიგო. წამოუგდეს მოსახლოების რაღაც ნაწილს ფული, რომლითაც ორ დღესაც ვერ გაიტანს, არათუ მთელ თვეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომდევნო თვეები ჩვენი ხალხისთვის ურთულესი პერიოდი იქნება.
–პრეზენტაციაზე გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლიდან პენსია ყველა პენსიონერს გარანტირებულად გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით.
-ამასაც, ალბათ, პარლამენტში შეიტანს დასამტკიცებლად. მოდით, მარტივად გადავიანგარიშოთ- როდესაც 2020 წლის ბიუჯეტი მტკიცდებოდა, 2,7 იყო დოლარის კურსი ლართან მიმართებაში. ნახეთ, რამდენია დოლარი დღეს. რა გამოდის? მომავალ წელს ხალხი მიიღებს იმაზე გაცილებით ნაკლებ მსყიდველუნარიან პენსიას, ვიდრე თუნდაც წელს. ასე რომ, პენსია კი არ იზრდება, პირიქით, მცირდება და უბრალოდ, აახლოებენ ინფლაციის ინდექსთან და ვალუტის კურსთან. ისიც კი არ უფიქრიათ, რომ გადაუხადონ მოხუცებს სესხები, რომელიც ახლა კი გადაუვადეს, მაგრამ შემდეგ რამდენს და რა გზით გადაახდევინებენ, არაფერი უთქვამთ. დაურიგეს 70 წელს ზევით პენსიონერებს მარტში აპრილის პენსია, ამ აღდგომაზე კვერცხის საყიდელი ფულიც არავის შერჩა, „პასკაზე“ რომ არაფერი ვთქვათ. ყველა ელოდა, რომ მაისის პენსიას აპრილში მისცემდნენ, მაგრამ ტყუილად დარბოდნენ ბანკომატებთან და ტყუილად ამოწმებდნენ ბარათებს. რამდენიმეს მეც შევესწარი, გულგატეხილი რომ მოდიოდა ბანკომატიდან. მეტი რაღა გითხრათ, ეგ არ არის საკმარისი?
-საბანკო სესხები და კრედიტები ხომ გადაუვადეს ფიზიკურ პირებს?
-კი, 3 თვით და არავინ იცის, რამდენს მოიგებს ამ გადავადებით ბანკები. ისიც გაიხსენეთ, რომ ამ ხალხმა სამუშაო დაკარგა და რით გადაიხდის ორი თვის შემდეგ გაზრდილ პროცენტებს? გამოდის, ისევ და ისევ გაბანკროტებული და ქუჩაში დარჩენილი ოჯახების ტრაგედიების მოწმე გავხვდებით. ძალიან რთული, სერიოზულად რთული ვითარება შეიქმნება სახელმწიფოში, სადაც მოსახლეობის 60%-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. ხელფასებით ძლივს გაჰქონდათ თავი თვიდან თვემდე, ახლა კი ისიც აღარ აქვთ. ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, 10 ათასობით ბავშვი შიმშილობდა ისეც. ამ ციფრების შემდეგ იმ გეგმის შემოთავაზება უშველის ვინმეს?
-სახელმწიფო ბაღებში მყოფ ბავშვებს პროდუქტები დაურიგეს. . .
-როდესაც პროდუქტები დაარიგეს, მაშინვე გადავიანგარიშეთ და ვუთხარით მერიის ხელმძღვანელებს, რომ 100 ლარიანი სასურსათო ბიუჯეტი თავისუფლად შეეძლოთ მიეცათ ამ ბავშვების ოჯახებისთვის, მარტივად შესასრულებელი და სწორი იქნებოდა. ეს ფული მაინც აქვთ ბიუჯეტში. რა მნიშვნელობა ჰქონდა, მშობლები ამ ფულით პატარებს სუფს გაუკეთებდნენ თუ ვაშლს ან ბანანს უყიდდნენ. რაღაც პიარი გააჩაღეს და პროდუქტები დაურიგეს. ეს ერთი, მეორე – ბათუმში სახელმწიფო ბაღებში ვერ მოხვდა და რიგში დგას 1000 ბავშვამდე. იმათ რა ჭამონ? ან თუნდაც, კერძო ბაღებში რომ იყვნენ, იმ პატარებმა? ზოგიერთის მშობელმა ხომ დაკარგა სამსახური. თუკი ბავშვებს რაღაცას აძლევ, ყველას ერთნაირად მიეცი, როგორ უნდა გამოარჩიო ერთმანეთისგან. ან რატომ თვლიან, რომ სახელმწიფო ბაღში ვისაც შეჰყავს შვილი, ის ღარიბია, ხოლო ვისაც კერძოში – ფულიანია? ის მასწავლებლებიც, რომლებიც მართლაც თეთრებზე მუშაობდნენ კერძო ბაღებში, ახლა სახლში დაჯდნენ და არანაირი კომპენსაცია მათთვის არ არსებობს. ისიც გაიხსენეთ, რამდენი ემიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში, მათ უკან ხომ ოჯახები იდგნენ. რამდენი უმუშევარი იყო და ახლა რამდენით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინ დათვალა ეს? ასევე, ისეთებიც არიან, თავის სახელზე ანგარიშს რომ ვერ ხსნის რომელიმე ბანკში, რადგან მაშინვე დაადებენ ყადაღას და ჩამოაჭრიან ამ ფულს. რომც დაამტკიცონ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ, სად ჩაურიცხავენ და რა ფორმით ამ 300 ლარს? მოკლედ, უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება, რომლის შესახებაც ძალიან კარგად იცოდა პრემიერმა. იმიტომაც არ მივიდა პარლამენტში, თეთრი ფურცელი გააგზავნა და მოსთხოვა პარლამენტარებს, ხმა მიეცათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის.
-ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უამრავი სესხი და გრანტი გაიცემა ეკონომიკის განვითარებისთვის. . .
-არც ესაა რამეს მომტანი. როგორც კი დეტალურად განიხილავენ ყველაფერ ამას, ისევ და ისევ კითხვის ნიშნები გაჩნდება. ხალხო, ჩვენ რეალურად ვდგავართ შიმშილის საფრთხის წინაშე, არავინ იცის, როდის შევძლებთ ნორმალურად ცხოვრებას ამ ქვეყანაში. ერთადერთი გამოსავალია, ეს ვირუსი მალე ჩაცხრეს, მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები და ახალი მთავრობა ავირჩიოთ.