ბარსელონა-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას განაგრძობს. ამჯერად, ბარსელონა-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების შემდეგ მგზავრები, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, სასტუმროებში ,,ოაზისში”, ,,ველმონდსა” და ,,კოლიზეუმში” მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
-ვაგრძელებთ საკარანტინე სივრცეებში ჩვენი თანამემამულეების მასპინძლობას, სადაც დღეს 180-მდე ადამიანი დაგვემატა. ჩვენი გუნდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად უკვე მეორე თვეა ზრუნავს კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მენეჯმენტს, რომლებმაც შეღავათიან ფასად თუ სრულიად უსასყიდლოდ დაუთმეს სახელმწიფოს ეს ობიექტები, ასევე პერსონალს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებიან ჩვენს სტუმრებს, – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
აჭარაში საკარანტინე სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს. რეგიონში ამჟამად 1570 ადამიანი გადის სავალდებულო კარანტინს. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს, სადაც სულ 4982 ადამიანი იმყოფება.