მოვლენების კვალდაკვალ
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს შეხვედრა მოეწყო საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივით და იყო პირველი მცდელობა, ერთად შეკრებილიყვნენ ის ექიმები, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი „კოვიდ 19“-ის ინფექციასთან ბრძოლაში.
თენგიზ ცერცვაძე: ბათუმში გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარია…
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს შეხვედრა მოეწყო საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივით და იყო პირველი მცდელობა, ერთად შეკრებილიყვნენ ის ექიმები, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი „კოვიდ 19“-ის ინფექციასთან ბრძოლაში.
ქართველმა ექიმებმა ერთობლივ შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდზე ისაუბრეს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ზოგიერთ ახალ მიდგომას, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული. მან ამ მხრივ ბათუმის გამოცდილებაზე ისაუბრა, სადაც პაციენტების განსაკურნებლად ოზონოთერაპია გამოიყენეს.
– მე ვისაუბრე პრეპარატ „ტოცილიზუმაბზე“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, რადგან ძალიან სერიოზული შეზღუდვები აქვს. იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება, ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერეზზე, რომელიც 10 აპრილს ოფიციალურად დამტკიცდა „კოვიდის“ სამკურნალოდ. პლაზმაფერეზიც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, როდესაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებებისა. იყო ამაზეც საუბარი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ პლაზმაფერეზი, იყო ორი წარმატებული სეანსი. საუბარი იყო ახალ მიდგომებზეც, მაგრამ ძირითადი საუბარი ჯერ მაინც იყო იმ გამოცდილებებზე და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე თქმით, საუბარი შეეხო „პლაქვენილს“, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები ცდილობენ.
– ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას, რომელიც ამა წლის 28 მარტს დაიდო. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ინსტანცია, რომელიც წყვეტს, რომელი დაავადების დროს რომელი მედიკამენტი უნდა გამოვიყენოთ ან არ უნდა გამოვიყენოთ. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, ისევე, როგორც სხვა მედიკამენტებზე. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემად მიჩნეულ მედიკამენტ „რემდესივირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ აჩვენა ეფექტურობა. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ ვიდრე ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაცია ოფიციალურად მიიჩნევს, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი იქნება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას ჯობია, ჩვენ მომენტალურად გამოვეხმაურებით და შევცვლით, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სულ ნანახია
592
დღეს ნანახია
1