ტიტე აროშიძე: ყველა ჩაკეტილ ზონაში შევა აღნიშნული მაღაზია და მოემსახურება მოსახლეობას
ხატია იაშვილი: 591 98 24 26
მარაგების პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას კარანტინის პირობებშიც აქვს საშუალება, შეიძინოს მინერალური სასუქები და პესტიციდები, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მინისტრი სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად ეცნობა.
– იმისათვის, რომ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები უწყვეტ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. მოსახლეობას აგროქიმიკატების მომარაგების პრობლემა არ უნდა შეექმნას. მნიშვნელოვანია, ყველა რგოლი ერთმანეთთან იყოს მჭიდრო კოორდინაციაში. ამ მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მკაცრი კარანტინის პირობებში ვცდილობთ, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის კომუნიკაცია დამყარდეს, – განაცხადა ტიტე აროშიძემ შუახევის აგროცენტრში სტუმრობისას.
აგროცენტრში სტუმრობის შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მინისტრმა სამინისტროს ქვეპროგრამის – «მაღალმთიან აჭარაში სანერგე-საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა» ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო. მაღალმთიანი აჭარის ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნული სარგავი და საჩითილე მასალა, როგორც მინისტრმა განაცხადა, გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას. ფერმერებსა და აგრომეწარმეებს შეეძლებათ სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილების შეძენა. აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში დაითესა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, რომელთა საერთო რაოდენობა აღწევს 350000 ცალს. მოყვანილი ჩითილები შუახევის, ხულოს და ქედის ფერმერებს დაურიგდებათ. მაისის ბოლომდე საჩითილე მეურნეობაში გამოიყვანენ მილიონზე მეტ ჩითილს.
ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარაში, მუხაესტატეში, წყავროკასა და ლეღვაში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან და ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად, სამინისტროს პროგრამის ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა’’ ფარგლებში, ფერმერებს, თანადაფინანსების პრინციპით, 31 ერთეული მობილური შემასხურებელი აპარატი გადასცა. საკარანტინე ზონის სოფლების მოსახლეობას უფასოდ დაურიგდა, ასევე, 20 000 ცალამდე კიტრის ჩითილი.
– ტექნიკის გამოყენება დადებითად აისახება ფერმერულ მეურნეობაზე და პროდუქციის ხარისხზე. ეს ხელს შეუწყობს შეწამვლითი ღონისძიებების აგროვადებით მითითებულ დროში განხორციელებას, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს, უზრუნველყონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებების ეფექტური კონტროლი და მცენარეთა დაცვის საშუალებების ეკონომიური ხარჯვით შეძლონ მაღალი ხარისხის მოსავლის წარმოება, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ქობულეთის საკარანტინო ზონებში, სამინისტროს მხარდაჭერით შევიდა პირველადი სასურსათო პროდუქტებით დატვირთული, მოძრავი, ე.წ მობილური მაღაზია. მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, პროდუქცია შეიძინოს გაცილებით იაფად ანუ საბითუმო ფასად.
– ვაკონტროლებთ, რომ დაცული იყოს ყველა რეკომენდაცია, დაცული იყოს დისტანცია. ყველა ჩაკეტილ ზონაში შევა აღნიშნული მაღაზია და მოემსახურება მოსახლეობას, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.
აღსანიშნავია, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება, დილით 06:00-დან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე. ამავდროულად, მუნიციპალიტეტებში შეუფერხებლად მუშაობს პესტიციდებისა და შესაწამლი საშუალებების მაღაზიები.