„იმედი მაქვს, წელს ახალი პარლამენტი გვეყოლება!“
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 _
,,საქართველოს ფინანსური რესურსები საკმაოდ მოკრძალებულია, პანდემიაც ამცირებს საბიუჯეტო შემოსულობებს“
მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და პრემიერის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე გვესაუბრება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე.
-რამდენად სწორად წარმართა საქართველოს მთავრობამ საქმიანობა ახალი კორონავირუსის შესაჩერებლად?
-საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მიმდინარე წლის 26 თებერვალს. საქართველოს მთავრობამ პრევენციული ღონისძიებები თითქმის 1 თვით ადრე, 28 იანვარს დაიწყო. 21 მარტს კი გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ეს იყო ოპერატიული მოქმედება. პანდემია ამ დრომდე კონტროლიდან არ გასულა თუ არ ჩავთვლით შიდა, „ბრმა“ გავრცელებას, რომელიც სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, გარდაუვალი იყო. kovid-19 საქართველოში თავდაპირველად ირანიდან, ხოლო შემდეგ საფრანგეთიდან, მოგვიანებით თურქეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან იყო იმპორტირებული. ხელისუფლებამ დროულად ჩაკეტა საზღვრები, აკრძალა საჰაერო ფრენები. ქვეყანაში შემოსულმა ყველა ადამიანმა გაიარა და გადის 14 დღიან აუცილებელ კარანტინს. საქართველოს წარმატება kovid-19-თან ბრძოლაში, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ აღიარა, განაპირობა 2 ფაქტორმა: პროფესიონალ ინფექციონისტებზე დაყრდნობამ და ეფექტურმა მენეჯმენტმა.
-რა იყო ამ სქემაში პრიორიტეტული, ხომ არ გამორჩათ ის მთავარი საკითხი, რაც საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკურ, ისე მატერიალურ მდგომარეობას შეამსუბუქებდა?
-რა თქმა უნდა, ხელისუფლებების ღონისძიებები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც, განპირობებული იყო უკიდურესი აუცილებლობით და ამ შეზღუდვებმა მძიმე დარტყმა მიაყენა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკას. წელს -4% იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში, 1,8 მილიარდ ლარის შემოსავალს დაკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტი. თუმცა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა სხვაგვარად შეუძლებელი იყო. დროული და მკაცრი შეზღუდვები რომ არა, ჩვენ მივიღებდით აშშ-ის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების ანალოგს, როცა ამ ქვეყნებში გაჩნდა ადამიანთა საერთო სამარხები.
-ოპოზიცია, რომელიც თავიდან ჩუმად იყო, შემდეგ ითხოვდა ანტიკრიზისულ პროგრამას, ახლა აკრიტიკებს მას. მიგაჩნიათ თუ არა, რომ იგი სრულად დააკმაყოფილებს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნდა და ახლაც არ გააჩნია არავითარი შემოსავალი, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული როგორც სოციალურად უმწეო?
– ოპოზიციის კრიტიკა კარგია და ის ეხმარება ხელისუფლებას მუდმივად იყოს ორგანიზებული, დაინახოს დაშვებული შეცდომები, ხარვეზები. ამაში არ იგულისხმება არამარტო ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიცია – „ნაციონალურ მოძრაობა“, რომელიც დაინტერესებულია ამ პროცესის წარუმატებლობით, რათა ის გამოიყენოს არადემოკრატიული რევანშისთვის. ყველამ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური რესურსები საკმაოდ მოკრძალებულია. პანდემიაც ამცირებს საბიუჯეტო შემოსულობებს და ჩვენს ეკონომიკას. ამ პირობებში ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოცულობითი ფინანსური რესურსების შეღავათიანი სესხის სახით გამოყოფა, რომელიც ჯამში 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც არ არის დარეგისტრირებული როგორც უმწეო და პანდემიის გამო აღარ გააჩნია შემოსავლები, მთავრობა ფინანსურად და სხვა ფორმით დაეხმარება.
-რა ღორნისძიებებს ითვალისწინებს სამთავრობო პროგრამა?
-სამთავრობო პროგრამა მოიცავს 2 მიმართულებას: მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენას; ეკონომიკის გადარჩენას. ეს ღონისძიებები კომპლექსურია და უკვე პირველი შვება იგრძნეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომელთა მცირემოხმარებიან ნაწილს 3 თვის განმავლობაში უფინანსდება კომუნალური გადასახადები: ელექტრო ენერგიის, გაზის, წყლის და დასუფთავების. მომდევნო თვიდან ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც კერძო სექტორში დაკარგა სამუშაო ადგილი ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას მიიღებს; არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები, რომლებიც დაასაბუთებენ სამსახურის დაკარგვას, მიიღებენ ერთჯერადად 300 ლარს; ყოველთვიურად, დამატებით 100 ლარს 6 თვის განმავლობაში მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-იდან 100 000-მდეა; ამავე რაოდენობის დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-იდან 100 000-მდეა და ყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, 100 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც; 1 ივლისიდან 70 წელს გაცილებული პენსიონერების პენსია 30 ლარით იზრდება, ხოლო 2021 წლიდან, დამატებით, არანაკლებ 25 ლარით. 2021 წლიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერს პენსია არანაკლებ 20 ლარით გაეზრდებათ (პენსიის ზრდა ინფლაციის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული); პანდემიის დასრულების შემდეგ გადაიხედება სოციალური დახმარების სისტემა-ქულების მინიჭება და ფინანსური დახმარების ოდენობა; კერძო სექტორში 750 ლარამდე ხელფასი 6 თვის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასი ვისაც აქვს, მისი ნახევარი გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. მოქალაქეებს 3 თვით გადაუვადდათ კომერციული ბანკებიდან აღებული სესხის გადახდა. 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ მოხდება, რადგან ის სახელმწიფომ დააზღვია, ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს სუბიექტებს 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადახდა 1 ნოემბრამდე გადაუვადდათ, მცირე სასტუმრობს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაუფინანსებს აღებული სესხის პროცენტის 80%-ს; ავტოიმპორტიორებს განბაჟების 90 დღიანი ვადა გადაუვადდათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე; ამოქმედდება დღგ-ს ზედმეტობის გაორმაგებულად დაბრუნების მექანიზმი. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ვადას 2 წლიდან 3 წლამდე ზრდის, ბიზნესი საკრედიტო-საგარანტიო სქემით დაფინანსდება 300 მილიონი ლარით, გაიცემა 30 000 ლარამდე გრანტები ფერმერებისთვის, აგროკრედიტები 1 წლიან კულტურებზე და ა.შ. ეტაპობრივად მოიხსნება დაწესებული შეზღუდვები და მოსახლეობას ვთხოვ, ეს ინფორმაცია ყურადღებით მოისმინოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. პირველ ეტაპზე, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა სრულად, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე, ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
-ყველამ კარგად იცის, რომ საბანკო ვალების და მაღალპროცენტიანი სესხების გამო, ბევრი ჩვენი მოქალაქის ანგარიშს დაადეს ყადაღა, რის გამოც იძულებულია ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღოს გამომუშავებული თანხა. გასაგებია, რომ ეს კანონდარღვევაა და რადგან არ იხდიან საშემოსავლოს, არც სახელმწიფო გაუწვდის დახმარების ხელს, მაგრამ მსგავს მძიმე ვითარებაშია აღმოჩენილი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. მათ უკან ოჯახები, ბავშვებია. . . როგორ უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება და დახმარება. საგანგებო ვითარების შემოღების გამო ისინი პურის ფულსაც ვეღარ შოულობენ. . .
-სწორი და მტკივნეული კითხვაა. თუ დასაქმებული გასცემს გაუყალბებელ ცნობას იმის შესახებ, რომ ამგვარად დასაქმებული თანამშრომელი ყავდა, რომელმაც პანდემიის და შეზღუდვების გამო დაკარგა სამსახური, დასაქმებულს სახელმწიფო გადაუხდის ფინანსურ დახმარებას. იგივე ეხება თვითდასაქმებულსაც, რომელიც რამე ფორმით მაინც დაადასტურებს მის მუშაობას. უფრო მეტად ეს საკითხი მიმდინარე კვირას დაკონკრეტდება და ვთხოვ ამ კატეგორიის მოქალაქეებს, აქტიურად მიადევნონ თვალი სამთავრობო ბრიფინგებს.
-საბანკო კრედიტების გადავადების შედეგებიც უცნობია. როგორც ამბობენ, ეს თანხები გაორმაგდება და ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე ოჯახებს სრულად გააბანკროტებს. . .
-არ არის სწორი ინფორმაცია. საბანკო კრედიტების მომსახურება უკვე გადავადდა 3 თვით და გადაინაცვლებს ბოლო გადახდის შემდგომ პერიოდში. სამწუხაროდ, კომერციული ბანკების ნაწილი, ამ სამთვიანი პროცენტის თანხას დარჩენილ თვეებზე ანაწილებენ. ეს არის მათი მხრიდან გადადგმული არასოლიდარული ნაბიჯი და არ მიუთითებს მათ სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ კულტურაზე.
-რამდენად მართებული იყო მთავრობის მიერ ეკლესიის მიმართ გაკეთებული საშეღავათო გამონაკლისი, მაშინ როდესაც სწორედ მათ გამო აიკრძალა საავტომობილო მოძრაობა და ჩაიკეტა ქალაქები?
-კრიზისის პერიოდში აქტიური კომუნიკაცია აქვს ხელისუფლებას ეკლესიასთან. უმრავლეს შემთხვევაში ეს მოლაპარაკებები იყო პროდუქტიული. ბუნებრივია, ზოგიერთ საკითხზე ეკლესიას და ხელისუფლებას ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმისა და ფოთის ეპარქიებს კონსტრუქციულობისათვის. მათ თავი შეიკავეს სააღდგომო ღამის ლოცვაზე მრევლის მიყვანისგან. ეს სწორი ნაბიჯი იყო. ასევე მოსახლეობის უმრავლესობამ გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, დარჩა სახლში და სააღდგომო ლოცვები სახლში აღავლინა. სწორი იყო სასულიერო პირების ერთი ნაწილის რჩევა მრევლისთვის, რომ სახლში დარჩენილიყვნენ.
-ჩატარდება თუ არა არჩევნები და რა ფორმით?
– პანდემიამ ყველა პროცესზე ნეგატიურად იმოქმედა და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც არჩევნები იქნება. შეუძლებელია იმის ზუსტი პროგნოზი, თუ რა სიტუაცია იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას აქვს ოქტომბერში არჩევნების ჩატარების სურვილი. მედიკოსები ამბობენ, რომ ეპიდემია დაახლოებით 1 წელს გაგრძელდება. თუ მისი მასშტაბები შემოდგომაზე დიდი არ იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩატარდება არჩევნები. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თუ არჩევნები ჩატარდა, ეს აუცილებლად იქნება kovid-19-ის პირობებში. იმედი მაქვს, წელს ახალი პარლამენტი გვეყოლება.
-ცნობილია თუ არა, რა ფორმით ჩაატარებს არჩევნებს აჭარის უმაღლესი საბჭო?
-მოლაპარაკებები უმრავლესობაში მიმდინარეობს. აუცილებლად შედგება ამ საკითხზე კომუნიკაცია ოპოზიციასთან. თეორიულად, ნებისმიერი საარჩევნო სისტემითაა შესაძლებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება. თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ იგი ჩატარდება საქართველოს პარლამენტის მსგავსად, ანუ შერეული საარჩევნო სისტემის გამოყენებით და საარჩევნო ოლქებიც საპარლამენტო მაჟორიტარული ოლქების მსგავსად დაიყოფა. დაველოდოთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს. ეს საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.
-ამ ეტაპზე აჭარის საკანონმდებლო ორგანო ძირითადად, რას საქმიანობს? -აჭარის მთავრობა მომავალ კვირას შემოიტანს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს. ბიუროს გადაწყვეტილებით დაიწყება მისი განხილვები კომიტეტებსა და ფრაქციებში. ჩატარდება ბიუროს სხდომა და რიგგარეშე სესია. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, სამთავრობო საათი გადავდეთ. მოვუსმინეთ მხოლოდ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საინტერესო მოხსენებას. ამჟამად თანამრომელთა უმრავლესობა ვმუშაობთ დისტანციურად. გასულ კვირას ჩატარდა ბიუროს სხდომა. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვეხმარებით პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოსახლეობასთან აქვს ელექტრონული კომუნიკაცია და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მათ. უმაღლესი საბჭოს წევრები სატრანსპორტო საშუალებებით მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებიან. რა თქმა უნდა, შექმნილმა სიტუაციამ ჩვენს მუშაობაზე გავლენა მოახდინა.