„უკვე 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, მაგრამ. . .“
irma cecxlaZe: 27 48 93 –
ახალი კორონავირუსის სახელია: სარს–კოვ-2
ჩვენი თანამემამულეები და კოლეგები ახლაც მოღვაწეობენ უცხოეთში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტზე. მათთვის საკმაოდ რთულია იცხოვრონ და იმუშაონ სამშობლოსგან მოწყვეტილებმა, იზოლირებულ სივრცეში, მაგრამ მაინც არ კარგავენ სულის სიმხნევეს და დგანან იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ისინი მთელ კაცობრიობას, მოწინავე ქვეყნების საზოგადოებებს.
თუ რა მდგომარეობაა დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა ხდება საელჩოებში, როგორი ფორმით ეხმარებიან იქ მცხოვრებ ქართველებს და ზოგადად, როგორ უნდა გააშუქონ ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში მაია ქვარცხავა, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი და რედაქტორი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება.
– ახალმა კორონავირუსმა ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორია ამჟამინდელი მონაცემები?
-ასეა, სამწუხაროდ. კოვიდ-19-მა ყველაზე დიდი დარტყმა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს მიაყენა, სადაც ტურიზმიც გაცილებით მეტადაა განვითარებული და ამასთან, პროცენტულად ყველაზე მეტი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს. კიდევ ბევრ ფაქტორს ასახელებენ ანალიტიკოსები, როგორიცაა კარანტინის ზომების დაგვიანება, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესები, კულტურა, მენტალობა. . . ამ ყველაფერზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ფაქტია ის, რომ ახლა, 26 აპრილისთვის, შეერთებულ შტატებში, 5.3 მილიონზე მეტი ანალიზით, დადასტურებულად ინფიცირებულია მილიონამდე ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობა 55 000-მდეა.
– რამდენად მართალია, რომ ვირუსი რელიგიის მიმდევრებისგან გავრცელდა.
-ამაზე ძნელია დაზუსტებით საუბარი. სამშაბათს შევიტყვეთ, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევები თურმე არა ვაშინგტონის შტატში, არამედ 3 კვირით ადრე, კალიფორნიაში დაფიქსირდა. კოვიდ-19-ით პირველი გარდაცვალების ფაქტიც, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, იყო კალიფორნიაში 7 თებერვალს და არა ვაშინგტონის შტატში 29 თებერვალს. ასე რომ, მონაცემები მუდმივად იცვლება და ჯერ ზუსტად არავინ არაფერი იცის.
– მძიმე დარტყმა მიიღო ამერიკის შრომითმა ბაზარმა. კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ბიზნესებს ჟალუზები ჩამოეფარა. როგორც ვარაუდობენ, აშშ წლის მეორე მეოთხედში დაკარგავს 4.58 მილიონ სამუშაო ადგილს და უმუშევრობის დონე 12%-ს მიაღწევს. რა კეთდება ამ დარტყმის შესარბილებლად?
-უმუშევრობის დონე უკვე 12 პროცენტია და სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ჩვენი მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ახლა სულ ცოტა, 27 მილიონამდე უმუშევარია. თუმცა, შტატების დონეზე, ბიზნესებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა უკვე იწყება. განსაკუთრებით, ეს ეხება სამხრეთის შტატებს, როგორიცაა მაგალითად, ჯორჯია, ფლორიდა და სამხრეთ კაროლინა. ჯორჯიაში პარასკევს რესტორნები, სილამაზის სალონები და სპორტული დარბაზები გაიხსნა, თუმცა მხოლოდ იქ, სადაც შესაძლებელია სოციალური დისტანცირება. ეს არ ეხება ნიუ-იორკს, რომელიც ჯერ კიდევ დაავადების ეპიცენტრად ითვლება და არც მის მიმდებარე შტატებს, სადაც ასევე რთული სიტუაციაა. ესენია: ნიუ-ჯერსი და კონექტიკუტი. სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა. გარდა ინდივიდუალური ერთჯერადი დახმარებისა, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიცა, კონგრესმა რამდენიმე დღის წინ 484 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის დიდი ნაწილი მცირე ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. თუ ეს ბიზნესები დახმარებას თანამშრომელთა 2 თვის ხელფასებზე მოიხმარენ, ისინი აღარ იქნებიან ვალდებულნი, რომ თანხა მთავრობას დაუბრუნონ.
– აშშ–ის ცნობილი მედიცინა უძლური აღმოჩნდა პანდემიის წინაშე, რითი ხსნიან ამას ამერიკელი ექიმები.
– ვერ ვიტყოდი, რომ უძლური აღმოჩნდა და ახლავე აგიხსნით, რატომ. ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, რაც სისუსტეს აჩვენებს, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობაა არა? 26 აპრილის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ მილიონ ადამიანზე 164 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება. ეს მაჩვენებლი ბელგიაშია 612, ესპანეთში – 490, იტალიაში – 436, საფრანგეთში – 346, ბრიტანეთში – 299, ჰოლანდიაში – 261, შვედეთში – 217, შვეიცარიაში – 186. აქ მე ამერიკა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს შევადარე, თორემ მთლიანად მსოფლიოში რომ დაალაგოთ მონაცემები, ამერიკა სიკვდილიანობის მიხედვით, დღეისთვის მე-16 ადგილზეა.
– საუბარი გახშირდა ამერიკაში ვაქცინის გამოგონების თაობაზე, იმასაც ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ აფიშირებენ, რათა შემდეგ უფრო ძვირად გაყიდონ.
-კოვიდ-19-ის უსაფრთხო ვაქცინა ჯერ ბუნებაში არ არსებობს, არც ამერიკაში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში. ვაქცინის შექმნას 5-დან 15 წლამდე შეიძლება დასჭირდეს. დღეს ეს პროცესი შედარებით სწრაფად მიდის, მაგრამ 12-18 თვეზე ადრე ვერაფრით დაჩქარდება. ვაქცინის გამოგონება მხოლოდ პირველი ეტაპია და უკვე 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, მაგრამ თუ მათი კლინიკური უსაფრთხოება არ დამტკიცდა, ჯერ კანდიდატ ვაქცინებად რჩებიან. ნაწილი გადის პრეკლინიკური გამოცდის ფაზას (ცხოველებზე ცდიან), ზოგი უკვე კლინიკური უსაფრთხოების გამოცდის ფაზაშია (ადამიანებზე ცდიან), რომელიც თავად რამდენიმე ფაზისგან შედგება. სწორედ ამიტომ არ ხდება წინასწარ მათი აფიშირება და ვინც იჩემებს, რომ უკვე შექმნა უსაფრთხო ვაქცინა, მათ სერიოზულად არავინ აღიქვამს. დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ადამიანს არ ვნებს, სანამ მას რომელიმე განვითარებული ქვეყანა დაამტკიცებს და ფართო მასებს აცრის.
–როგორია ქართველების მდგომარეობა აშშ–ში, ჩვენი საელჩო ახერხებს თუ არა რთულ ვითარებაში აღმოჩენილებს გაუწიოს ფინანსური თუ სამედიცინო დახმარება?
– საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ასევე საკონსულო ნიუ-იორკში და ემიგრანტების მიერ რამდენიმე თვის წინ დაარსებული კრიზისცენტრი ძალიან ინტენსიურად და ეფექტურად მუშაობენ. მობილიზებულია როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო მომსახურების რესურსები. უზარმაზარ მუშაობას ეწევა კრიზისცენტრი ასოციაცია „თვისტომის“ მეთაურის, ნიკოლოზ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელიც უამრავ ემიგრანტ მოხალისეს აერთიანებს.
– როგორ უნდა გაშუქდეს პანდემიის თემა მედიაში, თქვენი უწყების პოლიტიკა როგორია ამ მხრივ და რას გვირჩევთ ქართველ ჟურნალისტებს?
– პანდემიის თემა ძალიან ფრთხილად უნდა გაშუქდეს და ამაზე რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, მაინც უამრავ შეცდომას ვუშვებთ ჟურნალისტები. რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი. პირველი: ვითარება ისედაც რთულია და ამიტომ სასურველია, მოვერიდოთ სიტუაციის ზედმეტ დრამატიზებას, მაგალითად – ძლიერ ზმნებს, აპოკალიპტურ მეტაფორებს, რომ არ გამოვიწვიოთ პანიკა მოსახლეობაში. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს სიმართლის შელამაზების ხარჯზე. მეორე: ფაქტები როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც უნდა გადამოწმდეს და საზოგადოებისთვის მწვავე საკითხებზე, უნდა გვყავდეს აუცილებლად რამდენიმე მხარე წარმოდგენილი. მესამე: შევეცადოთ, მოვძებნოთ სწორი წყარო. მაგალითად, თუ ინფიცირებულების მკურნალობაზე ვსაუბრობთ, კითხვები დავუსვათ ექიმებს; თუ პანდემიის მართვა გვაინტერესებს, მივმართოთ ჯანდაცვის სპეციალისტებს, ეპიდემიოლოგებს; თუ საგანგებო ზომების გახანგრძლივების მიზეზებია ჩვენი თემა, მოვიწვიოთ მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები. მეოთხე: ყურადღება მივაქციოთ ეთიკურ მხარეს. მაგალითად, ვეცადოთ, უნებართვოდ არ ვაჩვენოთ ავადმყოფების სახეები რეანიმაციაში, არ ვესაუბროთ ბავშვებს მშობლების ნებართვის გარეშე. თუ ძალიან აუცილებელი არ არის და სტატისტიკურ დეტალებს არ მიმოვიხილავთ, ნუ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ კოვიდ-19 ერჩის უფრო ხანდაზმულ ადამიანებს და ა.შ. მეხუთე: სიტუაცია, მონაცემები ყოველდღიურად და ზოგჯერ, საათობრივად იცვლება. შესაბამისად, მოვერიდოთ სიტყვებს: ზუსტად, ყველა, ყველგან, ყოველთვის და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზომიერი ლექსიკა, სიტყვები, რომლებსაც უფრო სამეცნიერო პუბლიკაციებში ვხვდებით. ესენია: შედარებით, საშუალოდ, დაახლოებით, თითქმის, სავარაუდოდ, ასოცირდება, შესაძლოა. . . და ბოლოს, ტექნიკური რჩევა: კოვიდ-19 არ არის ვირუსის სახელი, ეს არის დაავადება. თუ დაავადების სახელად ვხმარობთ კორონავირუსს, დავურთოთ მას წინ „ახალი“, რადგან ისტორიისთვის სხვა კორონავირუსებიც არის ცნობილი. რაც შეეხება ვირუსს, მისი სახელია: სარს–კოვ-2.
– ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ, მაია!