„ღმერთს შევთხოვ, ყველა მორწმუნეს ღვთისმსახურება უყაბულოს“
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 –
„ეს არის გაკვეთილი, რომელმაც ცის სასუფეველის არსებობაში უნდა დაგვარწმუნოს და საკუთარ სულზე ზრუნვა გვასწავლოს“. . .
24 აპრილს მუსლიმანების აღიარებული მარხვა- რამაზანი დაიწყო. მორწმუნეები ღამით საჰურზე (ღამის ჭამა) დგებიან და დილიდან მარხულ დღეს ატარებენ. ისინი საჰურიდან მეორე დღის მზის ჩასვლამდე არაფერს ჭამენ და არც სვამენ. რამაზანი ისლამური მთვარისეული კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. იგი იმითაც არის მუსლიმანებისთვის ძვირფასი, რომ სწორედ ამ თვეში დაიწყო წმინდა ყურანის ზეგარდმოვლენა. რამაზანზე მუსლიმანები ფითრას და ზექათს ანუ შემოწირულობებს იღებენ.
-მარხვის თვე, ჩვენი ქვეყნის, ისლამური სამყაროს და კაცობრიობისთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. ღმერთს შევთხოვ, ყველა მორწმუნეს ღვთისმსახურება უყაბულოს, – ამბობს საქართველოს მუფთი ადამ შანთიძე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
-ბატონო ადამ, რა ფორმით მიმდინარეობს ლოცვები ახალი კორონავირუსის ფონზე, ხომ არ დავდგებით ეპიდემიის კიდევ უფრო მასობრივად გავრცელების საფრთხის წინაშე?
-ორიოდე დღის წინ იყო უკვე რამაზნის მთვარე და მუსლიმებმა მარხვა დავიწყეთ. ეს პროცესი მიმდინარეობს მთელი თვის განმავლობაში, რომლის დროსაც თარავის ლოცვებს ვასრულებდით მეჩეთებში ჯგუფურად. ეპიდემიის საფრთხის გამო, ძალაში დავტოვეთ ჯერ კიდევ 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, მეჩეთებში ჯგუფური ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. მივეცით რეკომენდაციები მორწმუნეებს, რომ აღნიშნული თარავის ლოცვები შეასრულონ ოჯახებში. ეს ლოცვა მარხვაში ძილისწინა ლოცვის შემდეგ სრულდება დამატებით ერთი საათის განმავლობაში.
-რამდენად დაშვებულია ამ ლოცვის ოჯახებში შესრულება?
-რელიგიით ეს დაშვებულია. რა თქმა უნდა, უფრო მეტი მადლი მოაქვს მეჩეთში ლოცვას, მაგრამ როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას, არაფერი დაშავდება, რომ მუსლიმებმა ილოცონ ოჯახებში.
-როგორ უკავშირდებით მრევლს?
-მუდმივი კავშირი გვაქვს ონლაინქადაგებებით ყველა მორწმუნესთან.
-ეხმარებით თუ არა შეჭირვებულებს?
-ეს არის წყალობის, ქველმოქმედების, მიტევების თვე და რა თქმა უნდა, შესაძლებლობის მიხედვით,ხელავსებული მივალთ ჩვენს ირგვლივ მყოფებთან.
-კორონავირუსი ღვთის მიერ მოვლენილ სასჯელად შერაცხეს მორწმუნე ადამიანებმა. თქვენ, როგორც მაღალი სტატუსის მქონე სასულიერო პირი, როგორ შეაფასებთ კაცობრიობისათვის ამ რთულ პერიოდს. მართლა ღვთის რისხვა დაგვატყდა თავს თუ . . .
-ღვთის ნების გარეშე ერთი ფოთოლიც კი ვერ ჩამოვარდება. ყველა პროცესი სწორედ უფლის ნებით მიმდინარეობს. ახალი კორონავირუსი ღმერთის მიერ მოვლენილი საფრთხეა, რითაც გვაფრთხილებს ყველას, რომ სულიერ გზას უნდა მივხედოთ. ეს არის გაკვეთილი, რომელმაც ცის სასუფეველის არსებობაში უნდა დაგვარწმუნოს და საკუთარ სულზე ზრუნვა გვასწავლოს.
-შედეგი როგორი იქნება?
-ვფიქრობ, პანდემიის ჩაქრობის შემდეგ გადაიტვირთება მთელი მსოფლიო და ერთმანეთის ფასს ვისწავლით. ანუ მეტი სიყვარულით, მეტი ზრუნვით და პატივისცემით მოვეპყრობით მთელ კაცობრიობას. ჰარმონიული და თბილი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდება ყველას. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ დიად ღმერთს, რომ დაიხსნას ჩვენი საქართველო ამ საშინელი სენისგან, ამ პანდემიისგან და მშვიდობამ, ჯანმრთელობამ და სიყვარულმა დაისადგუროს მთელ მსოფლიოში.
-მეჩეთის კარები დაკეტილია?
-არა, ღვთის სახლის კარები არასოდეს დაიკეტება მორწმუნეთათვის.
-ესე იგი, არის თავყრილობის საფრთხე?
-ეს საფრთხე ავაცილეთ მოსახლეობას იმით, რომ ჯგუფური ლოცვები შევაჩერეთ, თორემ მას, ვისაც სურს ინდივიდუალურად მოსვლა, ლოცვა, არ დავუშლით. ჩვენი ერთადერთი მიზანია, არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება და ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი არ შევუწყოთ დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდას. ამას არანაირი გამართლება არ ექნება არც უფლის და არც ადამიანის მიერ. ვირუსის გავრცელების წყარო თავად ადამიანებია და არა სამლოცველოები. ჯგუფური ლოცვების შემთხვევაში ვერ ვიქნებოდით დაზღვეულნი, რომ ინფექცია არ გავრცელდებოდა თავად მორწმუნეთა შორის. სწორედ ამიტომ, მეჩეთის კარები არ დავკეტეთ, მაგრამ ლოცვები შევაჩერეთ ხიფათის და რისკის ასაცილებლად.
-მარხვა სერიოზული გამოცდაა ორგანიზმისთვის, კორონას ფონზე ბევრი ვერ მუშაობს, შესაბამისად, ვერ შესძლებს სათანადოდ გამოკვებას. რამე შეღავათები ხომ არ დაგიწესებიათ ამ კუთხით?
-ჩვენ ჯერ კიდევ მარხვის დაწყებამდე განვაცხადეთ და სოციალური ქსელით გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებსა და ფეხმძიმეებს უფლება აქვთ მარხვა დაარღვიონ და წელიწადის სხვა დროს აანაზღაურონ. ეს განცხადება კეთდება ყველა მარხვის დროს და ამ შემთხვევაში ვირუსი არაფერ შუაშია.უკურნებელი სენით დაავადებულებს საერთოდ არ ვთხოვთ მარხვის დაცვას, მაგრამ იმისთვის, რომ გათავისუფლდნენ ამ მოვალეობისაგან, უნდა გამოკვებონ უპოვარი ერთი დღის განმავლობაში- დილით და საღამოს.
-რა სახის პრობლემები წარმოიქმნა საგანგებო მდგომარეობის გამო?
-შეიზღუდა კონტაქტები. ადრე ვიკრიბებოდით, გავდიოდით რეგიონებში, ვატარებდით ფართომასშტაბიან თათბირებს. ახლა იძულებულნი ვართ, სახლში დავრჩეთ და ვირტუალური ურთიერთობები დავამყაროთ მათთან, ვინც ჩვენს სიტყვას ელის. ეს ყველაფერი გადაივლის, უბრალოდ, დრო სჭირდება. ჩვენ ახლა გვაკისრია უზარმაზარი პასუხისმგებლობა ერის, ქვეყნის და საერთოდ, კაცობრიობის წინაშე. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, პირველ რიგში, სოლიდარული ვიყოთ სახელმწიფო სტრუქტურების, განსაკუთრებით, ჯანდაცვის წარმომადგენლების მიმართ. ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენს გმირ ექიმებს. რითი? მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით და მითითებების უპირობოდ შესრულებით. სწორედ ამით შევძლებთ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
-ვირტუალურ ქადაგებებს ხშირად მიმართავთ?
-არის ქადაგება, რომელიც შესაძლებელია წარმართო ონლაინრეჟიმში, მაგრამ არის ისეთი ლოცვები, რომლის წაკითხვა და ვირტუალურად გადაცემა დაუშვებელია.
-რაც შეეხება გახმაურებელ თემას-მეჩეთის მშებნებლობას, რა პროცესშია?
-სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყველამ კარგად იცის, რომ ბათუმის მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს. ოპტიმიზმით შევყურებთ კანონდამცველებს, მთავრობას, რომ მშენებლობის ნება დაგვრთონ. იმედი გვაქვს, ეს საკითხი მოგვარდება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავი ისევ და ისევ ადამიანების ჯანმრთელობა და პანდემიის დამანგრეველი შედეგებისგან ქვეყნის გადარჩენაა.
-რას უსურვებთ მრევლს ?
-მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მუსლიმს მივულოცო მადლმოსილი რამაზნის თვის დადგომა. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და სულის მხნეობას. მოვუწოდებ, არ ჩავარდნენ პანიკაში, უფლის იმედად იყვნენ. გაითვალისწინონ მთავრობისა და ექიმების ყველა რეკომენდაცია. რწმენით და ოპტიმიზმით შევძლებთ სიძნელეების დაძლევას. ეს თვე გამორჩეულია, რადგან სწორედ ამ დროს მოგვევლინა ყურანი. ამიტომაც ამ დღეებში მუსლიმანები უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ ღვთისმსახურებას, ლოცვა-ვედრებას და ქველმოქმედებას. ვუსურვებ ყველა მუსლიმს, ყველა მორწმუნე ადამიანს სულიერ სიმშვიდეს და რწმენის სიმტკიცეს!
***
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
„მინდა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ქვემო ქართლში, კახეთში, აჭარასა თუ დედაქალაქში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გულითადად მოგილოცოთ წმინდა რამაზანის თვის დაწყება. დაე, ეს თვე თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს სიკეთის, მხნეობისა და სიძლიერის მომტანი, რაც ახლა განსაკუთრებით გვჭირდება, ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო ცდილობს kovidD-19-ის ურთულეს გამოწვევას გაუმკლავდეს. ახლა მხოლოდ ერთობით, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით, ახალი რეალობისა და საფრთხეების სწორად შეფასებითა და შესაბამისი მოქმედებებით თითოეული მოქალაქის მხრიდან, შევძლებთ ეს რთული გამოწვევა წარმატებით გადავლახოთ,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვას, და ამასთან ის სოციალურ-ეკონომიკური ფონი შეამსუბუქოს, რაც არსებულ ვითარებაში გარდაუვლად იქმნება მთელს მსოფლიოში და გამონაკლისი არც საქართველოა. ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას დღესასწაულების აღნიშვნისას გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა:
„ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე და წარმატებით დავაბრუნოთ შეუქცევადი განვითარების გზაზე. ამაში კი, ყველა ჩვენი მოქალაქის, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჩართულობისა და თანამშრომლობის, მოთმინებისა და სიბრძნის დიდი იმედი გვაქვს. სწორედ ამიტომ, მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა გამოიჩინეს და რელიგიური და სახალხო დღესასწაულები კორონავირუსის პანდემიის პირობებში განსხვავებულად, სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული რეგულაციებთან თანხვედრაში აღნიშნეს.კიდევ ერთხელ, თითოეულ მუსლიმ თანამოქალაქეს, ოჯახს, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე და კეთილდღეობა, და რაც მთავარია, ამ დიდ გამოწვევასთან მალე გამკლავება”.
მუსლიმები ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. წმინდა რამაზანის მარხვა ერთ თვეს გაგრძელდება და იგი სამდღიანი ბაირამით დასრულდება.