შოთა ქამადაძე: ვაზს თუ მოეფერები, ამაგის დაფასება იცის
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
სოფელი ისეთი ადამიანების მხრებზე დგას, როგორიც ნენიელი შოთა ქამადაძეა. ვესტუმრეთ, რათა მისი მაგალითით მთიელი კაცის მადლი და დამსახურება წარმოგვეჩინა, ურომლისოდაც ძალიან გაუჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ვენახში მუშაობდა, როცა მის ეზოში შევაბიჯეთ. საქმე მიატოვა, ოჯახში მიგვიპატიჟა, საუბარიც მალევე გავაბით.
– უფლისგან კურთხეული სოფელი გვაქვს. ნენიას მოუსავლიანი, იმედის გამცრუებელი წელი არ ახსოვს. ნერგს ფესვზე მიწას მიაყრი და ხარობს. აქაური ცოლიკაურის, ჩხავერის, ოჯალეშის ბადალს ვერსად იპოვით. ნენიაში დაკრეფილ ქლიავსა და ჭანჭურს ჯავახეთის ზეგანზე გემოთი ცნობენ. საადრეო მსხალი სასელა რომ შემოვა, უმალ ბაზარზე გაგვაქვს, რადგან მყიდველი ეტანება. ათწლეულებია ნენიასა და ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში მოყვანილ თამბაქოს მომხმარებელი აფასებს. ამბობენ, ნენიაში მოყვანილი თამბაქო აფხაზურს სჯობსო. არადა, ფაშისტ გერინგს აფხაზეთზე თვალი სწორედ თამბაქოს გამო ეჭირაო. რომ სცოდნოდა, ნენიაშიც ასეთი თამბაქო, ყურძენი და სხვა ხილი ხარობს, ალბათ თვალს აქაურობასაც დაადგამდა
– ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ხართ, ომის წლებში სამხედრო კომისარიატში მუშაობდით, რას გაიხსენებდით?
– პირტიტველა ბიჭი ვიყავი, როცა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ გაუქმებულმა შუახევის რაიონმა სტატუსი დაიბრუნა და შუახევის სამხედრო კომისარიატში სამუშაოდ მიმიღეს. მახსენდება, როგორი პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნულობა მოსდგამდათ მეორე მსოფლიო ომის ჩვენ თანარაიონელ მონაწილეებს. ახალგაზრდები წარსულით რომ ინტერესდებიან და რეალური შეფასებისთვის სიტყვას მაძლევენ, მიხარია. ჩემთვის საამაყოა, რომ ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა თანასოფლელ, კიევის ბრძოლების მონაწილე ახმედ მიქელაძესთან, ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე ლაკლაკეთელ მიხეილ აბუსელიძესთან, ტექსილის კუნძულზე წამოწყებული ამბოხის შემდეგ გადარჩენილ პაპოშვილებელ შოთა ფუტკარაძესთან, ბერლინის შტურმის მონაწილე ბუთურაულელ ნური მიქელაძესთან, ქალბატონ შურა ლორიასთან. ომი ომია, მან ადამიანების დანდობა არ იცის, ამიტომ ფრონტის წინა ხაზზე, სანგრებში გამოცდილი მეგობრობა სულ სხვაა. ამის მაგალითია რუსი კოსტია ლარინისა და ჟანივრელი დურსუნ მელიქაძის ძმობა. კოსტიას სამშობლოში, ომისაგან გადაბუგულ სოფელში რომ აღარავინ დახვდა, დურსუნმა იძმო, აქ ჩამოიყვანა და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ.
– ომის შემდგომ წლებში არმიის რიგებში ჭაბუკების გაწვევა მუდამ პრობლემებს უკავშირდებოდა. ამ სირთულეს თავს როგორ ართმევდით?
– სამუშაოდ რომ ამიყვანეს, ეს პრობლემა თითქმის დაძლეული იყო. ჭაბუკებს არმიის რიგებში ზეიმით ვაცილებდით და ვალმოხდილებსაც ზეიმითვე ვხვდებოდით. ამ კუთხით დიდი სირთულეები შეგვექმნა ავღანეთის ომში ჩვენი ახალგაზრდების წარგზავნისას. მით უმეტეს, რომ იქაურ ბრძოლებს ტომაშეთელი თენგიზ ფუტკარაძე შეეწირა.
– ავღანეთში გასაწვევი კონტინგენტის შერჩევა ვისზე იყო დამოკიდებული?
– რა თქმა უნდა, რაიონულ კომისარიატებზე. თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ვარჩევდით. ყველა ეს პროცედურა გასაიდუმლოებული იყო. ჩვენგან საიდუმლოს გამხელა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. ის ჭაბუკები მაშინ საქმეს აკეთებდნენ და მათი ამაგის დაუფასებლობა არაა მიზანშეწონილი.
– 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც რაიონულ კომისარიატში მუშაობდით?
– დიახ. თითქმის ნახევარი საუკუნე ვიმსახურე აქ. დამთავრებული მაქვს ბაქოს უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი. მეამაყება, რომ ქართული ჯარის გენერალს, ოლადაურელ მალხაზ მაკარაძეს რეკომენდაცია მე და მაშინდელმა კომისარმა ნოდარ ქათამაძემ გავუწიეთ. ახლა შუახევს ქართულ ჯარში 10-მდე მაღალჩინოსანი ოფიცერი რომ ჰყავს, ამაში ჩემი წილიცაა, ყველა მათგანის დაფრთიანებაში მონაწილეობა მაქვს მიღებული. მათ შორისაა ჩემი შვილი ივერიც. იგი თადარიგის ვიცეპოლკოვნიკია. აგვისტოს ომის შუახეველ გმირებს ბარათაულელ ამირან მამალაძესა და ბუთურაულელ იაგო მიქელაძეს რეკომენდაცია ჩვენ გავუწიეთ. იმასაც გეტვით, რომ 2008 წლის აგვისტოს ქართულ ჯარში შუახევის მუნიციპალიტეტიდან 900-ზე მეტი ჭაბუკი იყო. შუახეველებს ქართულ ჯარში ოფიცერი ქალიც გვყავს. იგი ჩემს შვილებთან ერთად იზრდებოდა. ლელა ფუტკარაძე უკვე კაპიტანის ჩინს ატარებს.
– შთამომავლობა და ოჯახი კაცის სიამაყეა, ამ მხრივ საამაყოდ გაქვთ საქმე, თავადაც კარგი ოჯახიშვილი ბრძანდებით, ეს ერთი, უწყვეტი ჯაჭვია, არა?
– ორი ვაჟის და ერთი ქალიშვილის მამა ვარ. ხუთი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი მეზრდება. ჩემი ვაჟები ახლა ბიზნესში არიან ჩართული. ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე – ბათუმში. მამაჩემი ალი ქამადაძე ცნობილი ფინანსისტი იყო. მისი დამსახურებით რამდენიმე ხელმძღვანელი სისხლის სამართლის დანაშაულს გადაურჩა. სიცოცხლის ბოლო წლებში შუახევის რაიონის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს მთავარი ბუღალტერი იყო. საზოგადოება მას მიუკერძოებელ, კრისტალური პატიოსნების ადამიანად იცნობდა. დედაჩემი კი ცნობილი მწერლისა და პროფესორის რამაზ სურმანიძის და გახლდათ. მან წლები შეალია კოლმეურნეობაში შრომას. იყო წარმატებული მეთამბაქოე, მიღებული ჰქონდა უმაღლესი ხარისხის სამთავრობო ჯილდოები. დედა წიგნთანაც მეგობრობდა. მისი დამსახურებაცაა, რომ წიგნადი ფონდით მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სკოლის სრული კურსიც არ ჰქონდა დამთავრებული, ქართულ და უცხოურ მწერლობასაც კარგად იცნობდა. მისი გატაცება შვილებსაც გადმოგვედო.
– მშობლების, ბიძის ავტორიტეტს თუ ამოფარებიხართ?
– არასდროს. კომისარიატში ჩემი სურვილით მოვეწყვე. იმ დღიდან დამოუკიდებელი ვარ. შვილებმაც საკუთარი შრომით და მოხერხებით მიაღწიეს წარმატებას. ჭირივით მეზარება მათი საოჯახო საქმეებისა და პირადი ურთიერთობების განსჯა. ნენიელი ქამადაძეები ასეთები ვართ. ჩვენი გვარის ადგილის დედად ეს სოფელი ითვლება. ქვეყნის ყველაზე მცირერიცხოვან გვარებში ვსახელდებით, მაგრამ პოეტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მეღვინე, ბიზნესმენი არ გვაკლია. აქაურია ცნობილი ბიზნესმენი ხუსეინ ქამადაძე. ჩემი უბნელი იყო ჟურნალისტი ნოდარ ქამადაძე. შვიდი ვაჟი გაიზარდა მემედ ქამადაძის ოჯახსში. ნენიაში ვაზს ბევრი ეფერება, მაგრამ მერაბ, ზურაბ ქამადაძეებს ბადალი არ ჰყავთ.
– ქამადაძეები ვაზს გამორჩეულად ვეფერებითო. ამ ფრაზაში რა იგულისხმება?
– მხოლოდ ნენიაშია ტოპონიმი შამანაური. ეს სიტყვა ღვინისა და სისხლის სინონიმია. ლეგენდის თანახმად, ამ ტერიტორიაზე მომხდურთან ბრძოლაში სისხლია დაღვრილი. ჩვენმა წინაპრებმა ნაომარ ადგილზე ვაზი გაახარეს. აქ დღესაც საუკეთესო ვაზი ხარობს. ვაზს თუ მოეფერები, ამაგის დაფასება იცის. გაწეული შრომა მეც მიფასდება. ყოველ შემოდგომაზე ერთ ტონამდე ყურძენი მარანში მომაქვს. შუახევში მარანი რომ არსად ჭაჭანებდა, ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთე. ძვირფას სტუმარს მარანში ვუმასპინძლდები. სტუმრიანობით ჩემი ოჯახი მუდამ გამორჩეულია.
– ვაზი, ყანა, ეზო შესანიშნავად გაქვთ მოვლილი, ყველაფერს მარტო უმკლავდებით?
– 75 წელი მცირე ასაკი არაა, მაგრამ თავს მხნედ ვგრძნობ. საოჯახო საქმეებში მეუღლე, შვილები, შვილიშვილები მეხმარებიან. სახლის მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა მშობლების სიცოცხლეში შევძელით. მაშინ სამშენებლო მასალაც საძებარი იყო, ახლა ხელს თუ გაანძრევ, ყველაფერს, სიცოცხლის გარდა, ეზოში მოგიტანენ. წინაპრებისთვის რომ გეთქვა, ნენიაში მოასფალტებული გზა იქნებაო, შეურაცხადად მოგნათლავდნენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი თანხები დაიხარჯა ნენიის წყალსაქაჩის მშენებლობაზე. გაუთვლელად გაკეთებულმა ნაგებობამ არ იმუშავა. ახლა 29 კილომეტრიდან ლითონის მილებით სასმელი და სარწყავი წყალი გამოვიყვანეთ. სოფელში ცხოვრება, შრომა სახალისო ხდება.