ტურიზმის სფეროსთვის ცალკე დახმარების პაკეტი მზადდება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ინფორმირებას ხელისუფლების საქმიანობის, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, მათი ხარჯების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კანონების, ასევე, იმ სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები სთავაზობენ ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს. ამგვარი მონაცემების დროული გამოქვეყნებით იზრდება ნდობა ხელისუფლების და მის მიერ გატარებული ქმედებების მიმართ, რაც ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, „რამდენიმე სექტორი განსაკუთრებით დაზარალდა და სტანდარტული დახმარების პაკეტით იქ ვერანაირად მივაღწევთ სასურველ შედეგს, ამიტომაც აუცილებლად არასტანდარტულ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ»
მინისტრის შეფასებით, ასეთი არის ტურიზმის სექტორი, ასევე, სოფლის მეურნეობა, რომელსაც მისივე თქმით, ძალიან გაუჭირდება ამ ვითარებაში, რადგან ეს სექტორი მიბმული იყო სარესტორნო სფეროსა და ტურიზმზე. „როგორც კი დაიწყო პრობლემები, მყისიერად დავიწყეთ რეაგირება და ტურიზმის სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ჩვენ შევხვდით, გავიარეთ პრობლემები და დავეხმარეთ. ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება სწორედ ტურიზმის ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ სექტორებს შეეხო. ასევე, შემოვიტანეთ პროგრამა, რომლითაც 50 ნომრამდე მოცულობის სასტუმროების საბანკო სესხის 80 პროცენტი გვქონდა სუბსიდირებული და ეს პროგრამა გრძელდება, მაგრამ როგორც პრემიერმა განაცხადა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რადგან არის სექტორები, რომლებიც ასე თუ ისე გააგრძელებენ ფუნქციონირებას და მალე დაუბრუნდებიან კრიზისამდელ მდგომარეობას; არის სექტორები, რომლებიც თუნდაც ამ კრიზისის ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს იწვევს ქვეყნებს შორის დისტანცირებას, ადამიანებს შორის დისტანცირებას, უფრო მძიმე ვითარებაში იქნებიან, უფრო ხანგრძლივი დროით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ტურიზმის სფეროსთვის ცალკე დახმარების პაკეტი მზადდება. „აქედან გამომდინარე, ჩვენ ტურიზმისთვის ცალკე დახმარების პაკეტს ვამზადებთ, ცალკე ღონისძიებებს, ეს ნაწილობრივ იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემადგენელი ნაწილი და ამაზე ძალიან მალე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიდი ოცეულის წევრმა სახელმწიფოებმა ტურიზმის სფეროს მხარდაჭერის პირობა დადეს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრების მიერ გამართული ონლაინშეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ ტურიზმი კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, 2020 წელს ტურიზმის სფერო შესაძლოა 45 პროცენტით შემცირდეს და 75 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს. პირობას ვდებთ, რომ ვიმუშავებთ ერთად ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.