რა ახალი რეგულაციები ამოქმედდა და რა სიახლეებს უნდა ელოდონ ქართველი მეზღვაურები?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
რამდენიმე დღის წინ ბათუმში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმის პორტს ეწვია, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს თამარ იოსელიანს შეხვდა და პორტების მუშაობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. რამდენად შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რა ახალი რეგულაციები შეიმუშავეს და როგორია შორეულ ნაოსნობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა – აღნიშნული კითხვებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, თამარ იოსელიანს მივმართეთ.
– რამდენად შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო ოპერაციები, ხომ არ გამოიკვეთა რაიმე ტიპის ხარვეზი?
– საზღვაო ნავსადგურები 24/7-ზე ღიაა და სრული დატვირთვით განაგრძობენ მუშაობს. საქართველოს ყველა პორტში სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციები იცავენ უწყებათშორისი საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, მოქმედებენ კოორდინირებულად და ცენტრალიზებულად. 4 აპრილს პრემიერი ბათუმის პორტში ადგილზე გაეცნო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის გატარებულ ღონისძიებებს. აღვნიშნავდი კერძო ორგანიზაციების მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას. ყველა კომპანია მაქსიმალურად იცავს თავის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს პირადი დაცვის საშუალებებით, მოქმედებს შესაბამისი წესების დაცვით და ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი კარანტინის პირობებშიც კი პორტებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად განხორციელება.
– პროდუქტებითა და სამედიცინო საშუალებებით დატვირთული არაერთი გემი შემოვიდა პორტში, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად?
– ქვეყნისათვის საჭირო მარაგები მუდმივად იზრდება. ნავსადგურებში ყოველდღიურად შემოდის საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით დატვირთული გემები: 13 მარტიდან დღემდე ორივე პორტში აღნიშნული პროდუქტით დატვირთული 67 გემი შემოვიდა და საერთო ჯამში 33735 ტონა საკვები პროდუქცია, 410 ტონა მედიკამენტები და 44300 ტონა ხორბალი შემოიტანა. პრევენციის ღონისძიებები, უპირველესად, მიზნად ისახავს პორტში შემოსული გემებიდან ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანას, რისთვისაც საქართველოს ნავსადგურებში მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მივიღეთ დაცვის ზომები. სააგენტოს მიერ მიღებული ცირკულარის შესაბამისად, 2 მარტიდან საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელი ყველა გემი მინიმუმ 24 საათით ადრე გვაწვდის ჯანმრთელობის დეკლარაციასსადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემს ყველა შესაბამის სამსახურს (მათაც, ვინც მანამდე არ საჭიროებდა მსგავსი ინფორმაციის მიღებას) და ყველა საპასუხო ღონისძიება იგეგმება კოორდინირებულად. გემს ყველა ორგანიზაცია ხვდება შესაბამისად მომზადებული. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომაც, თუ გემზე მყოფ რომელიმე პირს ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს.
18 მარტიდან საქართველოს პორტებში საზღვრის კვეთა შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მაქსიმალურად არის შემცირებული ხმელეთიდან კონტაქტი მცურავ საშუალებებთან. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები, ლოცმანები და სხვა პირები, რომელთა გემზე ასვლაც აუცილებელია, მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობით (პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანები და უსაფრთხო სათვალე) და წესების დაცვით დაიშვებიან გემზე, ხოლო ეკიპაჟის წევრებს, თავის მხრივ, მოეთხოვებათ, პერსონალური დაცვის საშუალებებით იქონიონ კომუნიკაცია სამსახურების წარმომადგენლებთან. საჭიროების შემთხვევაში, დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.
მას შემდეგ, რაც ქვეყანა გადავიდა ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე, დღის წესრგში დადგა პორტში ქვეყნიდან ვირუსის გავრცელების პრევენცია. ამ მიზნით, მთელი რიგი ზომებია გატარებული, კერძოდ:
პორტებში შესვლა დასაშვებია მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ; ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურებს დაურიგდათ თერმომეტრები და მორიგე ოფიცრები ვალდებულნი არიან, დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზომონ ტემპერატურა; ნავსადგურის კაპიტანი ვალდებულია, აკონტროლოს თანამშრომლების მიერ აღნიშნულის შესრულება, ამასთან, გააკონტროლოს ლოცმანი, რომ თავისი ვალდებულების შესრულებამდე გაიზომოს ტემპერატურა და გამოიყენოს პირადი დაცვის საშუალებები დადგენილი წესის შესაბამისად; ღამის ცვლაში მომუშავე სანავსადგურე სექტორის მუშაკთა კოორდინირებას ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე, იმ პერსონალის კოორდინაციას, რომელთა ჯგუფური გადაადგილებაც საჭიროა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე;
პრევენციის სავალდებულო ზომების გაკონტროლების მიზნით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს ნავსადგურების მუდმივ მონიტორინგს.
– რამდენად ინარჩუნებთ ტვირთბრუნვის ტენდენციას?
– გასულ წელს საქართველოს ნავსადგურების ტვირთბრუნვა, განსაკუთრებით კონტეინერების გადამუშავების კუთხით, რეკორდულად მზარდი იყო და აღსანიშნავია, რომ 2020 წლის I კვარტალის მონაცემებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. მაგალითისთვის: 2020 წლის მარტში ბათუმის პორტში შემოსული ნაყარი ტვირთი 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 150%-ითაა მომატებული, კონტეინერები – 50%-ით, გენერალური ტვირთი – 52%-ით. 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში, ჯამურად, 144 897 გადამუშავდა,რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში წარმოადგენს 9%-იან ზრდას. გენერალური ტვირთის შემთხვევაში, 2020 წლის პირველ კვარტალში ბათუმის პორტში 62%-იანი მატებაა – 118483 ტონა. რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, 2020 წლის პირველ კვარტალში ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთის რაოდენობა 27 %-ით არის გაზრდილი, ჯამში – 774 017 ტონა.
– ქალბატონო თამარ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეზღვაურებს, რომლებიც შორეულ ნაოსნობაში იმყოფებიან, ახალი კორონავირუსის გამო, რაიმე ტიპის პრობლემა ხომ არ შექმნიათ? როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ძირითადი პრობლემა, რომელიც არა მარტო ქართველ მეზღვაურებს, არამედ ყველა მეზღვაურს თანაბრად შეეხო, ეს არის როტაციის პროცესის შეფერხება. იმისათვის, რომ მეზღვაურთა შრომითი პირობები დაცული იყოს, თვის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 100000-მდე მეზღვაურის შეცვლა უნდა განხორციელდეს. დღევანდელი პანდემიის პირობებში კი მოგეხსენებათ, თითქმის სრულად ჩაკეტილია საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა. ძირითადმა ხაზებმა და უმსხვილესმა გემთმფლობელმა კომპანიებმა ეკიპაჟის ცვლილების პროცესი მაისის ბოლომდე შეაჩერეს. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოებთან ერთად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მეზღვაურები სამშობლოში დავაბრუნოთ. ისინი სხვადასხვა ქვეყნის გავლით სხვადასხვა დროს ბრუნდებიან, ამიტომ თითოეული ქეისი საჭიროებს ინდივიდუალურ მართვას. არ ყოფილა არც ერთი სპეციალური რეისი, რომლის ბორტზეც მეზღვაური არ ყოფილიყო. უკვე ათეულობით მეზღვაური დაბრუნდა ქვეყანაში სახელმწიფოს დახმარებით.
განსაკუთრებით გამოვყოფდი 11 მეზღვაურის საქმეს, რომლებიც 21 აპრილს ჩამოფრინდნენ რომი-თბილისის რეისით. რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემებს, ბოლო პერიოდში გვქონდა რამდენიმე შემთხვევა. მოგვმართეს მეზღვაურებმა, რომლებიც ვერ იღებდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას და სააგენტოსა და ჩვენი საელჩოების ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა ამ ადამიანებისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა. ამ შემთხვევების შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ქართველი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა სატელეფონო კონსულტაცია ქართულ ენაზე. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით სააგენტოს მიერ აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებმაც დაუყოვნებლივ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი და გამოყვეს უფლებამოსილი ექიმები, რომლებიც გემზე მყოფ მეზღვაურებს, საჭიროების შემთხვევაში, ტელეფონით ან/და ონლაინ გაუწევენ სამედიცინო კონსულტაციებს 24 საათის განმავლობაში.
– როგორც ცნობილია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ახალი რეგულაციები შეიმუშავა, რაც გულისხმობს სავალდებულოდ წარსადგენი საბუთების ვადების გადაწევას მეზღვაურებისათვის, კონკრეტულად, რა ტიპის შეღავათებზეა საუბარი?
– საქართველომ, მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირება და რელევანტური ნაბიჯების გადადგმა მეზღვაურებისათვის არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გემზე მყოფი მეზღვაურების საბუთების ვადა 90 დღით გაგვეხანგრძლივებინა. ვითარების შეფასების შემდეგ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაცია შემუშავდა იმისათვის, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ არ დაგვრჩეს მეზღვაურები სერტიფიკატების გარეშე და არ შეეშალოთ ხელი ნაოსნობაში: მეზღვაურის ყველა საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება 6 თვის ვადით გაგრძელებულად, სააგენტოსთვის ოფიციალურად მომართვის გარეშე.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა, რომელიც ამოიწურა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ, ავტომატურად გაგრძელებულია 6 თვით. გადაიდგა ნაბიჯები მეზღვაურების სერტიფიცირების პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლადაც: მეზღვაურებს, რომელთაც კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა ეწურებათ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოქმედებს კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები და რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ ან დარეგისტრირდებიან სერტიფიკატის გასაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში, რომელთა ჩატარებაც შეიზღუდა ახალი კორონავირუსის გამო, შეუძლიათ სერტიფიკატის გასაახლებლად გააკეთონ განაცხადი ჩვეულებისამებრ 2020 წლის 22 აპრილიდან. სააგენტო ყველა ასეთ მეზღვაურზე გასცემს შეაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს, კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ უფლებით სარგებლობისთვის მეზღვაური ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ იგი რეგისტრირებულია შესაბამის საწვრთნელ ცენტრში, შესაბამის საწვრთნელ კურსზე. ყველა ასეთ სერტიფიკატზე დადგინდება, რომ მართვის/ექსპლუატაციის დონის მეზღვაური სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვის ვადაში, ხოლო რიგითი შემადგენლობა – 9 თვის ვადაში ვალდებულია გაიაროს შესაბამისი საწვრთნელი კურსი. თუ მეზღვაური ამ ვადაში წვრთნას არ გაივლის, გაცემული სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება. საზღვაო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობები არ ეხებათ იმ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიცირებაც შესაბამის თანამდებობაზე პირველად ხორციელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება –ს სამდივნოს მეშვეობით დაიგზავნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის -ს წევრ სახელმწიფოებში.
– ბევრი მეზღვაური ვეღარ ახერხებს გამგზავრებას შორეულ ნაოსნობაში, ხომ არ გაქვთ რაიმე მექანიზმი, მეზღვაურების დასაქმების მხარდასაჭერად?
– მეზღვაურების მხარდასაჭერად კრიზისის პირველივე დღეებიდან დროულად და თანმიმდევრულად გადაიდგა ნაბიჯები. მარტის დასაწყისშივე საქართველომ, მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებს შორის ერთ-ერთმა პირველმა მიიღო გადაწყვეტილება გემზე მყოფი მეზღვაურების დოკუმენტაციის ვადის გაგრძელებასთან დკავშირებით. მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასების შემდეგ დამატებითი რეგულაციები შემუშავდა, რათა გამოირიცხოს ჩვენი მეზღვაურების სერტიფიკატების გარეშე დარჩენა და არ შეეშალოთ ხელი ნაოსნობაში.
როგორც უკვე აღვნიშნე, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ათეულობით მეზღვაურის ქეისის მართვა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სპეციალური რეისებით ვაბრუნებთ სამშობლოში. დღეს კრიზისის მართვის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ და ინდუსტრიას ვთავაზობთ დახმარებას გემზე მეზღვაურების როტაციაში.
კომუნიკაცია გვაქვს ყველა მსხვილ საკრუინგო კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ოპერირებს და ჩვენი მეზღვაურების ძირითადი დამსაქმებელია. საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ერთად დეტალურად დამუშავდება თითოეული ქეისი, რომ ხელი შევუწყოთ ეკიპაჟის ქართველი წევრების შეცვლას და მეზღვაურების გამგზავრებას სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე გვაქვს პირველი შედეგი: საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კომპანია –სთან ერთად მოხერხდა 23 ქართველი მეზღვაურის ორგანიზებულად გამგზავრება კოპენჰაგენში.
ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება ახლო მომავალში.
-ამ რთულ პერიოდში როგორია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს როლი საქართველოს ეკონომიკაში?
– შექმნილ ურთულეს ვითარებაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, თავის ფუნქციებთან ერთად, უზრუნველყოფს პორტებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საჭირო ზომების მიღებას, გატარებას და დაცვას, კოორდინაციას უწევს გემების უსაფრთხო და დროულ შემოსვლა-გასვლას და ხელს უწყობს ტვირთების მაქსიმალურად მოკლე დროში დამუშავებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პორტების წვლილი ქვეყნისათვის აუცილებელი მარაგების შექმნაში ძალიან დიდია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტურქტურა, რომელიც არცერთი წუთით არ უნდა გაჩერდეს. საზღვაო კომუნიკაცია, შექმნილ სიტუაციაში, აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური მთელ მსოფლიოში და სწორედ ამ არხებმა უნდა მოამარაგოს ჩვენი ქვეყანა საკვები პროდუქტებით, ასევე, სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობით. საქართველო ბოლო წლებში პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს კარიბჭეს რეგიონის 8 ქვეყნისთვის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ ქვეყნის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას რეგიონში მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი მუშაობის თვალსაზრისით.