27 აპრილიდან აგრარული ბაზრები იმუშავებს, მაგრამ მკაცრი კონტროლის პირობებში
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ბათუმში 27 აპრილიდან ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად, საქართველოს მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი მიმდინარე თვის დასაწყისში დროებით დაიკეტა. აგრარული ბაზრების ამუშავება შესაძლებელი მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში გახდება, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ბათუმის მერიაშიც აცხადებენ, რომ ბაზრები საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით იმუშავებს. უწყების ინფორმაციით, ყველა ბაზარში შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოებია შესრულებული. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია როგორც ადამიანებს, ისე დახლებს შორისაც. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი.
მათ ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.
როგორც ცნობილია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამიჯნული უნდა იყოს ბაზრის შესასვლელ-გამოსასვლელი. ტერიტორიაზე არ დაიშვებიან 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. ყველა ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ხილი და ბოსტნეული უნდა იყიდებოდეს დღეების მონაცვლეობით. მყიდველთა შორის დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია არანაკლებ 2 მ მანძილზე.