40 კილოგრამამდე ჰეროინი – ბათუმში სპეცოპერაცია 7 საათი გრძელდებოდა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
26 აპრილს ბათუმში სამართალდამცავებმა 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. შსს ბათუმში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბულგარეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, ამოღებული 40 კილოგრამამდე ჰეროინის ფასი 2 მილიონამდე აშშ დოლარია. მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან საერთაშორისო ბაზარზე გასატანად ნარკოტიკი საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს, რომელსაც ბათუმში, სპეციალურად მოწყობილ ადგილზე ინახავდნენ და აღნიშნული ნარკოტიკების ევროპაში გადაზიდვას აპირებდნენ.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ორთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საერთაშორისო ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოვლინდა. ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია ბულგარეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე და ამოღებულია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცენტრალური პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ „იმედის კვირაში“ ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 40 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს და ბულგარეთის 2 მოქალაქე დააკავეს, 7 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. „ეს ნარკოტიკი განკუთვნილი იყო ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვისთვის. დამნაშავეების გარკვეული ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. მათ უშუალო კონტაქტები ჰქონდათ საქართველოში მყოფ პირებთან“, – განაცხადა ჭელიძემ. მისივე თქმით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქმედებებში საქართველოს მოქალაქეები არ მონაწილეობდნენ. „შემიძლია ამ ეტაპზე გადაჭრით და დაზუსტებით გითხრათ, რომ ეს არ იყო ქართული ორგანიზებული დაჯგუფება. ეს დაჯგუფება იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და მათთან შეხებაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან“, – განაცხადა ჭელიძემ.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

